Oxford Economics-მა 2050 წლისთვის მსოფლიოს უმდიდრესი ქალაქების რეიტინგი შეადგინა. პროგნოზი ორგანიზაციის ვებგვერდზე ქვეყნდება.
Oxford Economics-ის პროგნოზის თანახმად, 2050 წლისთვის უმდიდრეს ქალაქებს შორის ლიდერობას შეინარჩუნებს ნიუ-იორკი, რომელიც ახლაც პირველ ადგილზეა.
კერძოდ, ნიუ-იორკის ეკონომიკა 6.4 ტრლნ დოლარს მიაღწევს, რაც ლონდონის (3.17 ტრლნ დოლარის) და პარიზის (2.34 ტრლნ დოლარის) საერთო მშპ-ს 880 მლრდ დოლარით გადააჭარბებს.
რეიტინგში მეორე ადგილს, ასევე, აშშ-ის ქალაქი, ლოს-ანჯელესი დაიკავებს 3.62 ტრლნ დოლარით. ამჟამად ქალაქი თავისი ეკონომიკით რეიტინგში მესამე ადგილზეა.
შანხაი, რომელიც 2025 წელს უმდიდრეს ქალაქებს შორის მხოლოდ მე-12 იყო, 2050 წელს 3.26 ტრლნ დოლარის მშპ-ით მესამე ადგილზე დაწინაურდება.
ამჟამინდელი მეორე ადგილიდან, 2050 წლისთვის მეოთხე პოზიციაზე ჩამოქვეითდება ტოკიო, რომლის მშპ-ც 3.25 ტრლნ დოლარს შეადგენს.
ასევე, მეოთხედან მეხუთე ადგილზე ჩამოქვეითდება რეიტინგში ლონდონი. ქალაქის ეკონომიკის ოდენობა 2050 წლისთვის 3.17 ტრლნ დოლარად არის პროგნოზირებული.
2050 წლის მდიდარი ქალაქების რეიტინგში პეკინი მეექვსე ადგილზეა, რომელზეც ის 2.6 ტრლნ დოლარის მშპ-ით ამჟამინდელი მე-15 ადგილიდან გადაინაცვლებს.
მას სან-ფრანცისკო მოსდევს, რომელიც ამჟამინდელი მე-9 ადგილიდან დაწინაურდება. ქალაქის მშპ 2050 წლის 2.5 ტრლნ. დოლარად არის პროგნოზირებული.
მე-8 პოზიციაზე რეიტინგში დალასია, რომელიც ახლაც მე-8 ადგილზეა და პოზიციას მომავალშიც უცვლელად შეინარჩუნებს. ქალაქის მშპ 2.44 ტრლნ დოლარს მიაღწევს.
მეცხრე ადგილზე ჩინეთის ქალაქი, შენჭენია. სხვა ჩინური ქალაქების ანალოგიურად, ისიც ამჟამინდელი 22-ე ადგილიდან მნიშვნელოვნად დაწინაურდება 2050 წლისთვის. ქალაქის ეკონომიკა 2.43 ტრლნ დოლარად არის პროგნოზირებული.
მდიდარი ქალაქების ტოპ-ათეულს 2050 წლისთვის 2.42 ტრლნ დოლარის პროგნოზირებული მშპ-ით ჩიკაგო ხურავს, რომელიც ამჟამინდელი მე-7 ადგილიდან ჩამოქვეითდება.
Oxford Economics წერს, რომ ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვან სარგებელს მოიტანს ადამიანური კაპიტალის, ცხოვრების ხარისხისა და გარემოს კატეგორიებში, რადგან რეალური შემოსავლის ზრდა და მომავლის ტექნოლოგიებში ინვესტიციები მომავალში მდგრად ზრდას და განვითარებას უზრუნველყოფს.
„ეკონომიკურ გეოგრაფიაში ეს ტექტონიკური ძვრები უკვე ქმნის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს როგორც ბიზნესისთვის, ასევე, ინდივიდებისთვის და ეს გაგრძელდება.
მაგალითად, მსოფლიოში მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახების რაოდენობა 2050 წლისთვის, სავარაუდოდ, თითქმის, გაორმაგდება. ასეთი ხუთი ოჯახიდან, თითქმის, ორი მხოლოდ ინდოეთსა და ჩინეთში იცხოვრებს.
სინამდვილეში, ამ პერიოდში მხოლოდ ხუთი ჩინური ქალაქი იმაზე მეტ მაღალშემოსავლიან ოჯახს დაამატებს, ვიდრე ლათინური ამერიკა, აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი ერთად აღებული,“ – წერს Oxford Economics.
თუმცა, ორგანიზაციის შეფასებით, მომავლის შესაძლებლობები მხოლოდ აზიისა და დასავლეთის ძლიერი სახელმწიფოებით არ შემოიფარგლება: აფრიკის ქალაქები მოსახლეობის მკვეთრ ზრდას და სამომხმარებლო ბაზრების გაფართოებას დააფიქსირებენ, რასაც მათი სამრეწველო „ეკონომიკისა“ და მომსახურების მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობებს.
ამასთან, ლათინური ამერიკის ქალაქები, როგორიც არის, მაგალითად, ლიმა და ბუენოს-აირესი, თავიანთ მდიდარ საკადრო პოტენციალსა და შედარებით დაბალ საცხოვრებელ ხარჯს გამოიყენებენ, რომ რეიტინგში დაწინაურდნენ. ისინი, ასევე, სამომხმარებლო ბაზარს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შესთავაზებენ.
Oxford Economics-ის Global Cities Index-ის კვლევამ, რომელიც მომდევნო ათწლეულებში ცვლილებების განვითარებას ეხება, მსოფლიო მასშტაბით 1000 ქალაქი დაფარა.