ბაკურიანი ახალი სეზონისთვის ემზადება: გზებზე ორმოები აღარ იქნება

ბაკურიანი ახალი სეზონისთვის ემზადება: გზებზე ორმოები აღარ იქნება

,,მოსალოდნელია, რომ ბაკურიანში დამსვენებლებს გზებზე ორმოები აღარ შეხვდებათ“, — განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ეკა ორჯონიკიძემ. მისი თქმით, კურორტის მთავარი გზის კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულება ნოემბრის ბოლოსთვის იგეგმება.
„ბაკურიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურაა, რომელზეც სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. ძალიან ვიმედოვნებთ, რომ ეს საკითხი ნოემბრის ბოლოსთვის მოგვარდება.
წინა წლებში გზები გადათხრილი იყო, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ახლა სამუშაოების ნახევარი უკვე შესრულებულია. ვფიქრობთ, ცუდი ამინდი ხელს არ შეგვიშლის და ყველაფრის დასრულებას ნოემბრის ბოლომდე შევძლებთ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. სრულფასოვანი და საფუძვლიანი რეკონსტრუქცია 2027 წელს დაიწყება და მოიცავს ყველა ჩიხისა და ცენტრალური ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას/კეთილმოწყობას, თავისი საფეხმავლო ბილიკებითა და სადრენაჟო სისტემებით.
ამჟამად, როგორც იცით, ხორციელდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ძალიან მასშტაბური, მრავალწლიანი პროგრამა, რის გამოც ყველა ქუჩა და ჩიხი გადათხრილი იყო. ამ ეტაპზე ამ გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ზოგიერთი ჩიხი სრულად შეკეთდება და აღდგება. მაგალითად, კოხტასკენ მიმავალი გზა, სადაც მიტარბის ავტომაგისტრალი გადის, 2-3 წლის განმავლობაში გაუვალი იყო. ეს ჩიხი უკვე შეკეთდა და ახლა სადრენაჟო სისტემებისა და განათების ბოძების მონტაჟის პროცესი მიმდინარეობს.
კუმარიტაშვილის ქუჩა, რომელიც სადგურისკენ მიდის, ასევე ნაწილობრივ შეკეთებულია და სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება.
მოსალოდნელია, რომ ბაკურიანში დამსვენებლებს გადათხრილი ქუჩები აღარ შეხვდებათ. 2-3 წლის განმავლობაში სიტუაცია მართლაც საშინელი იყო, მანქანები ვერ გადაადგილდებოდნენ. მასშტაბური პროექტის განხორციელების მიუხედავად, ამ სიტუაციის ახსნა როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის ძალიან რთული იყო.
პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ინიციატივით დაიწყო. კონტრაქტორებისა და სუბკონტრაქტორების საკითხში ღრმად ვერ შევალ, მაგრამ ფაქტია, რომ პროექტი წლობით სწორედ სუბკონტრაქტორების გამო ფერხდება და ამ ფონზე ძალიან ბევრი შეფერხება შეიქმნა“, — განუცხადა ეკა ორჯონიკიძემ „ბიზნესპრესნიუსს“.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე