2026 წლის მარტში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 913 ერთეული შეადგინა და გასული წლის მარტთან შედარებით 30.9%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „ქოლიერსის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა.

მათივე კვლევის თანახმად, მარტში დედაქალაქში უძრავი ქონების ბაზრის ზომამ კი 36.3%-ით, 321 მილიონ აშშ დოლარამდე მოიმატა.

„2026 წლის მარტში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მარტთან შედარებით 33.4%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად (38.7%), ისე მეორეულ ბაზრებზე (26.7%).

ტრანზაქციების რაოდენობა 22.8%-ით გაიზარდა ძველ პროექტებშიც. 2026 წლის მარტში ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა ძირითადად განპირობებულია გასულ წელს პოლიტიკური არასტაბილურობით გამოწვეული დაბალი პერფორმანსით ბაზარზე,“ – ნათქვამია კვლევაში.

ამასთან, „ქოლიერსის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2026 წლის მარტში, დედაქალაქში ძველ პროექტებში ბინების საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 6.8%-ით გაიზარდა, ახალაშენებული პროექტების შემთხვევაში კი პირველადი ტრანზაქციების (დეველოპერსა და ფიზიკურ პირს შორის განხორციელებული ტრანზაქცია) საშუალო ფასი 4.2%-ით, ხოლო მეორეულ ბაზარზე (ფიზიკურ პირებს შორის განხორციელებული ტრანზაქცია) 3.9%-ით არის გაზრდილი.

„2026 წლის მარტში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის მარტთან შედარებით ქალაქის ცენტრში 8.3%-ით, გარეუბნებში კი 5.2%-ით გაიზარდა, ხოლო ფართო ცენტრში 0.4%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც გამოწვეული იყო ფართო ცენტრში შედარებით დაბალი ფასის მქონე უბნის წილის ზრდით.

ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასმა 6.8%-ით მოიმატა.

რაც შეეხება ახალ ბინებს, მარტში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის მარტთან შედარებით 10.9%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 7.4%-ით – ფართო ცენტრში, ხოლო ქალაქის ცენტრში 0.4%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც გამოწვეულია ქალაქის ცენტრში შედარებით დაბალი ფასის მქონე უბნის წილის ზრდით.

ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 4.2% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 3.9%-ით გაიზარდა,“ – ვკითხულობთ „ქოლიერსის“ კვლევაში.