ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიური ტემპით მიმდინარეობს. გზის საწყის მონაკვეთზე ხდება ძველი ასფალტის მოხსნა და მიმდინარეობს საძირკვლის სამუშაოები, რაც მტვრის წარმოქმნას იწვევს. წმინდა ნინოს ქუჩის მცხოვრებლები მტვრის გამო ჩივიან და სამუშაოების ამ ეტაპის დაჩქარებას ითხოვენ.
ახალქალაქი-კარწახის გზა უკვე რამდენიმე წელია, ღრმა ორმოების გამო, პერიოდულად გაუვალი ხდება. რეკონსტრუქცია ჯერ კიდევ შარშან იგეგმებოდა, თუმცა ვერ განხორციელდა. წელს სარემონტო სამუშაოები აპრილში დაიწყო. გზის დაახლოებით 30-კილომეტრიან მონაკვეთს სამი კომპანია სხვადასხვა სექტორზე არემონტებს, სამუშაოებს ასრულებენ: „საგზაო სამმართველო №1“, „ჯავახავტოგზა“ და „არალი“.
ამჟამად სამუშაოები, ძირითადად, გზის პირველ 3-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს, რომელიც ახალქალაქის ციხიდან ყოფილი სამხედრო ნაწილის (დასახლების) მონაკვეთამდეა.
გზის რეაბილიტაცია, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის ნანატრია, მოსახლეობისთვის დროებით უხერხულობას ქმნის. Jnews-მა ამ საკითხთან დაკავშირებით წმინდა ნინოს ქუჩის მცხოვრებლებისგან საჩივრები მიიღო. ძირითადად, ისინი ავტომობილებისა და სატვირთო მანქანების მოძრაობის შედეგად წარმოქმნილ მტვრის უზარმაზარ ღრუბლებზე ჩივიან, რაც აღნიშნული ქუჩის მაცხოვრებლებისთვის გაუსაძლის პირობებს ქმნის.
„სახლიდან ვერ გავდივართ, მტვერი თვალებში შეგვდის. გარეცხილ სარეცხს ვიღებ და უკვე მტვრიანია, ასე შეუძლებელია“, – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში წმინდა ნინოს ქუჩის მცხოვრებმა, აზგანუშ კურღინიანმა.
მტვერმა მოსახლეობის შეწუხება აპრილიდან დაიწყო, ანუ მას შემდეგ, რაც ასფალტის ძველი ფენა მოიხსნა.
„ფანჯრებს ყოველდღე ვრეცხავ, მთელი მტვერი შიგნით ილექება, კარებსა და ფანჯრებს არ ვაღებთ, ეზოში გასვლა შეუძლებელი გახდა“, – თქვა სირანუშ გოღორიანმა.
ამ პროცესმა წმინდა ნინოს ქუჩის მცხოვრებთა ცხოვრების წესზეც მოახდინა გავლენა.
„სამსახურიდან სახლში ფეხით მოსვლა შეუძლებელია, მტვერი გვახრჩობს, სახლში ტაქსით მოვდივარ, საშინელი მდგომარეობაა“, – ამბობს სირარფი.
მათი თქმით, მტვერმა ბავშვის ჯანმრთელობაზეც კი მოახდინა გავლენა.
„პატარა ბავშვი გარეთ გავიყვანე, ვითომ სუფთა ჰაერზე, მაგრამ თვალი აუენთო; ბავშვი გარეთ აღარ გამომყავს“, — თქვა ქუჩის კიდევ ერთმა მაცხოვრებელმა.
მოსახლეობის მთავარი სურვილია, რომ საგზაო მშენებლებმა რაც შეიძლება სწრაფად დაასრულონ სარეკონსტრუქციო სამუშაოები და ქუჩის მორწყვისას თანმიმდევრულები იყვნენ.
„შევამჩნიეთ, რომ უკვე მეორე დღეა ქუჩის მორწყვა დაიწყეს, რის ფონზეც მტვერი ცოტათი შემცირდა; მინიმუმ მუდმივად უნდა მორწყან, თორემ ასეთ პირობებში ცხოვრება შეუძლებელია“, – ამბობენ მაცხოვრებლები.
ჩვენ ვესაუბრეთ „საგზაო სამმართველო №1“-ის სამუშაოთა მწარმოებელს, ედიკ მიქაელიანს, რომელმაც აღნიშნა, რომ ისინი თავად არიან პირველ რიგში დაინტერესებულნი „მტვრიანი ფაზის“ რაც შეიძლება სწრაფად დასრულებით.
„მტვერი მეც მაწუხებს, მთელი დღე თავად აქ ვდგავარ, რომ აღარაფერი ვთქვათ მანქანების ფილტრებზე, რომლებიც 150 ლარი ღირს და ყოველდღე შესაცვლელია. მანქანა მუდმივად რწყავს, მაგრამ ვერ ასწრებს — ქარია და წყალი ძალიან სწრაფად შრება. უკვე მეორე მანქანაც ჩავრთეთ, რომ ეს მტვრიანი პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ყველაფერი კეთდება ამისთვის“, — აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ყველა სამუშაოს დასასრულებლად დრო წლის ბოლომდე აქვთ, თუმცა გზის პირველი 3 კმ-ის დასრულებას 4 თვეში გეგმავენ, რადგან ამის შემდეგ ამავე გზის სხვა, უფრო გრძელი, დაახლოებით 11-კილომეტრიანი მონაკვეთის შეკეთებაზე უნდა გადავიდნენ. თუ რამდენ ხანს გაგრძელდება სამუშაოების „მტვრიანი“ ფაზა, სამუშაოთა მწარმოებელი ვერ ამბობს, რადგან სიღრმისეული სამუშაოების დროს კომუნიკაციებთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი პრობლემები იჩენს თავს.
ავტორი არეგნაზ გრიგორიან