შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატების მიერ სარეგისტრაციო საფასურის გადახდის ვადა 6 მაისს, 18:00 საათზე იწურება.

როგორც ცენტრში აღნიშნავენ, მითითებულ ვადაში აბიტურიენტები ვალდებულნი არიან გადაიხადონ მინიმუმ ერთი საგამოცდო საგნის საფასური, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებმა — სარეგისტრაციო მოსაკრებელი.

„ამ ვადის დაცვა სავალდებულო პირობაა რეგისტრაციის პროცესის დასასრულებლად და გამოცდებზე დასაშვებად. რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყო და საბოლოოდ 11 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება.

აღნიშნულ თარიღამდე კანდიდატებს საშუალება აქვთ დაასრულონ რეგისტრაცია და დააზუსტონ საკუთარი არჩევანი, მათ შორის, აირჩიონ ან შეცვალონ საგამოცდო ქალაქი და საგანმანათლებლო პროგრამები. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, ნუ გადადებენ პროცესს ბოლო დღისთვის და რეგისტრაცია დროულად დაასრულონ. დადგენილი ვადების ამოწურვის შემდეგ განცხადებების მიღება აღარ გაგრძელდება“, — ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.