ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტი მიმდინარეობს. ეს უკვე მერვე შეხვედრაა ამ ფორმატში. სომხეთის დედაქალაქში ევროპის დაახლოებით 50 ქვეყნისა და პარტნიორი სახელმწიფოს ლიდერი ჩავიდა, მათ შორის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის სამიტის მნიშვნელობაზე, საქართველოს წარმომადგენლობასა და იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს შეხვედრა სომხეთისთვის, Jnews გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ყოფილ ელჩს, რონდელის ფონდის ექსპერტს, გიორგი ბადრიძეს ესაუბრა.

— რას ნიშნავს ეს სამიტი სომხეთისთვის, საქართველოსთვის და სხვა ქვეყნებისთვის?

— ვფიქრობ, არავინ იდავებს იმის შესახებ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ეპყრობიან ისინი სომხეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომ ქვეყანა და ზოგადად სომეხი ხალხი ახლა ისტორიულ გზაგასაყარზე იმყოფება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთი აღმოჩნდა სიტუაციაში, სადაც არჩევანი უკიდურესად შეზღუდული იყო. საკითხი ეხებოდა გადარჩენას და არა ორ სიკეთეს შორის არჩევანს, არამედ არსებული რეალობიდან არჩევას, რომელიც სულაც არ იყო „ვარდისფერი“. სომხეთი აღმოჩნდა დამოკიდებული რუსეთზე, რომელსაც იგი საკუთარი უსაფრთხოების მთავარ და ერთადერთ გარანტად განიხილავდა.

ამ გარანტიების სანაცვლოდ სომხეთმა დიდი ფასი გადაიხადა. ეს იყო, მაგალითად, პარტნიორობის შეზღუდვა სხვა ქვეყნებთან – დასავლურ სახელმწიფოებთან, ქვეყნებთან, რომლებთანაც სომხეთს ცივილიზაციური კავშირები ჰქონდა, სადაც უზარმაზარი დიასპორა ჰყავდა და ქვეყნებთან, რომლებიც განვითარების ბევრად უფრო წარმატებულ მოდელს აჩვენებდნენ, ვიდრე, მაგალითად, რუსეთი. თუმცა რუსეთი აქ ისტორიულად იყო წარმოდგენილი, სხვა ქვეყნები კი უსაფრთხოების სამხედრო გარანტიებს არ იძლეოდნენ და არც სთავაზობდნენ.

შემდეგ აღმოჩნდა, რომ ძალთა ბალანსი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აზერბაიჯანის სასარგებლოდ შეიცვალა. აზერბაიჯანმა სამხედრო გზით შეძლო კონტროლის დამყარება ტერიტორიებზე, რომლებსაც თავის ლეგიტიმურ ტერიტორიად – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიად მიიჩნევდა. სწორედ ამ მომენტში გაირკვა, რომ უსაფრთხოების ეს გარანტიები და მათში გადახდილი ფასი ფუჭი აღმოჩნდა, რადგან რუსეთი რეალურად გარანტის როლში არ გამოსულა.

მოგვიანებით ჩვენ პირველი პირისგან — პუტინისგან მოვისმინეთ, რომ, თურმე, რუსეთი ყოველთვის აღიარებდა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, საიდანაც გამომდინარეობდა, რომ ეს გარანტიები არ ეხებოდა, მაგალითად, ყარაბაღს. ცოტა ხნის წინ ჩვენ ვნახეთ დავა სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტ პუტინს შორის, როდესაც ბატონმა ფაშინიანმა ბატონ პუტინს შეახსენა, რომ სამხედრო მოქმედებები უშუალოდ სომხეთის ტერიტორიასაც შეეხო და არც რუსეთს, არც „ოდკბ“-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) თითიც არ გაუნძრევიათ. მოკლედ, ვითარება ისეთია, რომ ათწლეულებმა, როდესაც სომხეთი თავის პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაში რუსეთთან კავშირით იყო შებოჭილი, აჩვენა, რომ ეს ათწლეულები ტყუილუბრალოდ დაიკარგა.

ახლა კი ჩვენ დასავლეთისკენ შემობრუნების მცდელობას ვაკვირდებით. ამ პროცესის ყველაზე მთავარი სიმბოლური ჟესტი (რაც უკვე დასავლეთის ქვეყნების მხრიდან გადადგმული ნაბიჯია) სწორედ ის ქმედებაა, რომელსაც ამ დღეებში ერევანში ვხედავთ.

— ჩატარებულა თუ არა საქართველოში მსგავსი სამიტები, რომლებიც მსოფლიო ლიდერების ყურადღებას მიიპყრობდა, თუ ქვეყანაში სხვაგვარი ვითარება იყო?

— ეს უპრეცედენტო მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა, როგორც დასავლეთის ქვეყნების მთავარი პარტნიორი ჩვენს რეგიონში. აზერბაიჯანს პოლიტიკური თანამშრომლობის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი თავად არ გამოუჩენია, თუმცა ჰქონდა ძალიან სერიოზული ეკონომიკური კავშირები დასავლეთთან. სომხეთი, როგორც ვთქვი, თავის არჩევანში შეზღუდული იყო. საქართველოს კი უმჭიდროესი კავშირები ჰქონდა დასავლეთის ქვეყნებთან. ჩვენს რეგიონში აშშ-ის პრეზიდენტის ჯერჯერობით ერთადერთი ვიზიტი განხორციელდა — ეს იყო თბილისში, 2005 წელს. რეგულარულად ჩამოდიოდნენ ევროპული ქვეყნების ლიდერები.

მაგრამ, მაგალითად, კანადის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩვენს რეგიონში საერთოდ არასოდეს ყოფილა. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ის სამხრეთ კავკასიაში ჩამოდის და ეს იქნება ერევანი.

საქართველოს ძალიან მჭიდრო კავშირები ჰქონდა დასავლელ პარტნიორებთან. ეს სიტუაცია კი შეიცვალა იმ არჩევანის შედეგად, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ეს არის არჩევანი საქართველოში პირადი ხელისუფლების განმტკიცებისა და შენარჩუნების სასარგებლოდ, ნაცვლად ინტეგრაციისა, დასავლეთის ქვეყნებთან ამ მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისა.

— რამდენად ურთიერთდაკავშირებულია სომხეთისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესები ნიკოლ ფაშინიანის ბოლოდროინდელი განცხადების ფონზე (რომ საქართველოს გარეშე სომხეთი ვერ გახდება ევროკავშირის წევრი და პირიქით) და რა მნიშვნელობა აქვს ამ კავშირს საქართველოსთვის მიმდინარე ეტაპზე?

— საქართველოს ისტორიული განვითარების ამ ეტაპზე, ქვეყნის ხელისუფლების ინტერესები ეწინააღმდეგება საქართველოსა და ქართველი ხალხის გრძელვადიან ეროვნულ ინტერესებს. ქართველმა ხალხმა ქრისტიანულ, დასავლურ ცივილიზაციასთან ინტეგრაციის, შეიძლება ითქვას — რეინტეგრაციის კურსი აირჩია არა ახლა ან რომელიმე პარტიული, პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად, არამედ ეს არის ქართველთა თაობების არჩევანი მრავალი საუკუნის განმავლობაში.

ჩვენ ამ ინტეგრაციის ისტორიული შანსი სწორედ მაშინ მოგვეცა, როდესაც ხელისუფლებაში აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც დაიწყო პირადი ოლიგარქიული პირამიდის, უფრო სწორად, ხელისუფლების ვერტიკალის შენება, რომელიც უფრო მეტად რუსულ სისტემას ჰგავს, ვიდრე ევროპულ დემოკრატიას. სწორედ ამაში მდგომარეობს წინააღმდეგობა.

მეორე მხრივ, იმედი მაქვს, რომ ეს ხელისუფლება დროებითია და საქართველო დაუბრუნდება არა მხოლოდ თანამშრომლობის, არამედ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზას. და დიახ, მეც ვფიქრობ, რომ სომხეთის შანსები, წარმატებით მოახდინოს ინტეგრაცია ევროკავშირსა და სხვა დასავლურ სტრუქტურებში, გაცილებით მაღალი იქნება, თუ საქართველო საბოლოოდ, ასე ვთქვათ, უარს იტყვის ამ გზაზე. ერთად, საქართველოსა და სომხეთს ამ მიმართულებით წარმატების ბევრად უკეთესი შანსი აქვთ, ვიდრე ცალ-ცალკე.

— შეიძლება თუ არა იმის მტკიცება, რომ რუსეთმა ეს რეგიონი ფაქტობრივად ევროკავშირის გავლენის ქვეშ დატოვა, თუ ჯერ კიდევ ადრეა ასეთი დასკვნების გამოტანა?

— გულუბრყვილობა იქნება იმის ფიქრი, რომ რუსეთი არაფერს მოიმოქმედებს სამხრეთ კავკასიაში გავლენის დაკარგვის ფონზე. პრობლემა ისაა, რომ ეს გავლენა ყოველთვის ეფუძნებოდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის არსებულ კონფლიქტებს, მაგალითად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომელიც, ძალიან მინდა იმედი ვიქონიო, დასასრულს უახლოვდება და რომელიც უნდა გადაიჭრას სამართლიანი, გრძელვადიანი ხელშეკრულებით არა მხოლოდ მშვიდობის, არამედ სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. მე ძალიან მინდა ამისი მჯეროდეს, რადგან ამის გარეშე დაზარალდება არა მხოლოდ სომხეთი, არამედ თავად აზერბაიჯანიც.

სანამ კონფლიქტი რჩება სამხრეთ კავკასიაზე გავლენის მოხდენის საშუალებად, ამით ყველა დაზარალდება, მათ შორის აზერბაიჯანიც, რომელიც ახლა შეიძლება ფიქრობდეს, რომ უფრო სტაბილურ მდგომარეობაშია, ვიდრე დანარჩენი ორი ქვეყანა. იმედი მაქვს, ბაქოში ესმით, რომ მეზობლებთან სტაბილური ურთიერთობების გარეშე აზერბაიჯანული ინტერესებიც ვერ იქნება სრულად რეალიზებული.

— როგორ ფიქრობთ, იმ პერიოდში, როდესაც საქართველომ რუსეთს ზურგი აქცია, განიცადა თუ არა მან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი? უნდა ეშინოდეს თუ არა სომხეთს, რომ მსგავსი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, რადგან მანაც დემოკრატიული ღირებულებების კურსი და სხვაგვარი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარება აირჩია?

— საქართველოს შემობრუნებას თავისი ისტორია აქვს. რუსეთისგან ზურგის შექცევამდე იყო რუსეთისკენ შემობრუნება. 1992 წელს საქართველო გახდა ერთადერთი არაბალტიისპირეთის რესპუბლიკა, რომელმაც უარი თქვა დსთ-ში გაწევრიანებაზე. ამის გამო აქ მოხდა სამხედრო გადატრიალება, რომელიც რუსეთის მიერ იყო მხარდაჭერილი. 1993 წლის ბოლოს, როდესაც რუსეთის დახმარებით საქართველო დამარცხდა აფხაზეთის ომში, პრეზიდენტმა შევარდნაძემ გადაწყვიტა, რომ ამ კრიზისის გადაჭრის ერთადერთი გზა რუსეთთან ისეთი ურთიერთობების დამყარება იყო, როგორსაც რუსეთი თავად მოგვითხოვდა. საქართველო მაშინ შევიდა დსთ-ში.

საქართველომ მიიღო რუსეთის სამხედრო და სხვა უწყებების წარმომადგენლები, როგორც თავისი თანამმართველები; მაგალითად, სახელმწიფო უშიშროების მინისტრი, თავდაცვის მინისტრი — ყველა ქართული წარმოშობის რუსი ოფიცერი იყო.

აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო, შეიძლება ითქვას, სრულად ჩაბარდა და რუსეთს ყველაფერი დაუთმო, რაც მან მოგვთხოვა, აფხაზეთისა თუ ცხინვალის რეგიონის კონფლიქტებში რაიმე განსაკუთრებული ცვლილება ვერ ვნახეთ. პირიქით, როგორც კი შევარდნაძემ დაიწყო შიდა სიტუაციის მეტ-ნაკლებად დალაგება, მაგალითად, როდესაც აქ ეს „მხედრიონელები“ და სხვა ბანდიტები თარეშობდნენ და მან ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო, მოულოდნელად მასზე თავდასხმა მოაწყვეს. ვინ იყო ეს? სწორედ მისივე უშიშროების მინისტრი, რომელიც რუსი ოფიცერი იყო, შემდეგ რუსეთში გაიქცა და დღემდე იქ ცხოვრობს.

მოკლედ, მაშინაც კი, როდესაც რუსეთს ყველაფერს უთმობ, მათ შორის საკუთარ სუვერენიტეტს, როგორც ეს საქართველომ 93-ის ბოლოს და 94-ის დასაწყისში გააკეთა, რუსეთისთვის ეს მაინც არ არის საკმარისი და სანაცვლოდ განსაკუთრებულს ვერაფერს იღებ. ასე რომ, 2000-იანი წლების დასაწყისში რუსეთისგან დისტანცირება იძულებითი ზომა იყო და ამის შემდეგ საქართველო ბევრად უფრო წარმატებული სახელმწიფო გახდა, მათ შორის ეკონომიკურადაც, ვიდრე მაშინ, როცა რუსეთის სატელიტი იყო.

სომხეთმა, სხვათა შორის, ეს საკუთარ თავზე უკვე გამოსცადა, რადგან რუსულ ეკონომიკურ სტრუქტურებთან, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან (ЕАЭС) და ა.შ. სიახლოვემ სომხეთს განსაკუთრებული ეკონომიკური კეთილდღეობა არ მოუტანა. ასე რომ ყოფილიყო, სომხეთიდან 90-იან და 2000-იან წლებში მასობრივად არ წავიდოდნენ.

საქართველომ გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა მიიღო მას შემდეგ, რაც ორიენტირება დასავლეთზე დაიწყო. ასე რომ, ეს პირიქითაა. დიახ, როდესაც წყდება დამყარებული ეკონომიკური კავშირები, ამას სერიოზული შედეგები აქვს. სომხეთმა ამას ყურადღებით უნდა შეხედოს და ალტერნატივები შექმნას. საქართველოს გამოცდილება ასეთია: 90-იანებში და 2000-იანების დასაწყისში, როდესაც საქართველო, შეიძლება ითქვას, რუსეთის სატელიტი იყო, არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგენილა, არამედ ეკონომიკურად საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი იყო — ეს, რა თქმა უნდა, სისტემურ კორუფციასთანაც იყო დაკავშირებული. ამის შემდეგ კი საქართველომ დაიწყო გაცილებით დინამიკური განვითარება და დასავლეთთან კავშირებმა ამ თვალსაზრისით სერიოზული როლი ითამაშა.