საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 ადამიანი შეადგინა, რაც 0,4%-ით მეტია 2025 წლის ივნისში გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებთან შედარებით (3 914 000 ადამიანი).

საქართველოს მოსახლეობის 52%-ს, ანუ 2 048 577 ადამიანს, ქალები შეადგენენ, ხოლო 48%-ს (1 881 004 ადამიანი) — მამაკაცები. ქალების წილი შედარებით მაღალია თბილისსა და ქუთაისში (54%), ხოლო ყველაზე დაბალი — ქედის, ხელვაჩაურის, ხარაგაულის, საგარეჯოსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში (49%).

აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრისთვის საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს მოსახლეობის 62% (2 442 231 ადამიანი), ხოლო სასოფლო დასახლებებში — 38% (1 487 350 ადამიანი). რეგიონების მიხედვით, თბილისის გარდა, საქალაქო მოსახლეობის ყველაზე მაღალი წილი დაფიქსირდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (67%), რაც ბათუმის მოსახლეობის სიმრავლით არის განპირობებული. საქალაქო მოსახლეობის ყველაზე დაბალი წილი კი მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებშია (24%).

2024 წლის დაზუსტებული მონაცემებით, მოსახლეობაში ყველაზე დიდი წილი მოდის შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებზე: 35–39 წელი (7,6%), 10–14 წელი (7,4%) და 30–34 წელი (7,2%). ასევე აღსანიშნავია, რომ ქალების წილი განსაკუთრებით მაღალია 85 წლისა და უფროსი ასაკის ჯგუფში — ამ კატეგორიაში ქალების რაოდენობა 2,6-ჯერ აღემატება მამაკაცებისას.

2024 წლის აღწერის მონაცემებით, თბილისში 1 331 485 ადამიანი ცხოვრობს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 34%-ს შეადგენს. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ იმერეთისა (510 741 ადამიანი) და ქვემო ქართლის (441 630 ადამიანი) რეგიონები, რომლებზეც მოსახლეობის შესაბამისად 13% და 11% მოდის.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის საბოლოო დეტალური შედეგები მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება.

საქართველოს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა და მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. საერთაშორისო მეთოდოლოგიის შესაბამისად, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე მის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები. მონაცემთა შეგროვება განხორციელდა ელექტრონული ფორმით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროცესი ორ ეტაპად წარიმართა: პირველ ეტაპზე (2024 წლის 14–23 ნოემბერი) გამოიყენებოდა თვითრეგისტრაციის მეთოდი, ხოლო მეორე ეტაპზე (29 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე) — პერსონალური ინტერვიუს მეთოდი კომპიუტერის გამოყენებით. მოსახლეობის მხრიდან მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, თვითრეგისტრაციის შესაძლებლობა დამატებით მთელი დეკემბრის განმავლობაში გაგრძელდა.