გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ წარადგინა.

როგორც სამინისტროს მიერ მომზადებულ პრეზენტაციაშია აღნიშნული, მთავარი სისტემური ცვლილება ცალკეული პროგრამებიდან ერთიან მოდელზე გადასვლაა.

“სისტემურად დაფინანსდება ერთიანი პროექტები და არა ცალკეული კომპონენტები. ამით ფერმერს უმარტივდება პროგრამაზე ხელმისაწვდომობა, არ მოუწევს დაფინანსების სხვადასხვა კომპონენტებზე ცალ-ცალკე პროექტების წერა, ეს იქნება ერთიანი პროექტის ნაწილი”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა მედიასთან.

უფრო დეტალურად, იქმნება: ბენეფიციართა შერჩევის, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, სექტორების მიზნობრივი შერჩევის და შედეგების შეფასების სისტემები.

სამინისტროს თანახმად, უმჯობესდება მონაცემთა ბაზები, დაფინანსების სქემები და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მექანიზმები.

ამასთან, ამოქმედდება ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრი. ეს წარმოადგენს ციფრულ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს საქართველოს ფერმერებისა და ფერმერული მეურნეობების სანდო, ერთიან და გამჭვირვალე მონაცემთა ბაზას. როგორც პრეზენტაციის შემდეგ მინისტრმა მედიასთან განაცხადა, ფერმერთა რეესტრი 1 ივლისიდან ამოქმედდება.

პროგრამაში ერთიანდება:

პირველადი წარმოება;
გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოები;
სასაკლაოების მოწყობა;
შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის.
რაც შეეხება მასში მონაწილეობის პირობებს, სტანდარტული ბენეფიციარისთვის თანადაფინანსება 50%-ია (მაქსიმუმ 2 მლნ ლარი), ხოლო ინვესტიცია 100 000 ლარიდან. პრეფერენციით მოსარგებლე ბენეფიციარისთვის კი თანადაფინანსება 55%-ია (მაქსიმუმ 2 მლნ ლარი), ინვესტიციის ოდენობა 100 000 ლარიდან.

პროგრამაში მონაწილეობის ეტაპებია რეესტრში რეგისტრაცია, განაცხადის ელექტრონული ფორმის შევსება, ბიზნესგეგმის წარდგენა და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა.

ხელშეკრულების გაფორმებამდე და დაფინანსების გაცემამდე ხდება მონიტორინგი, ასევე გათვალისწინებულია პროფილის შენარჩუნების მონიტორინგი.