ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლების, კორხისა და თოთხამისათვის 608 137 ლარის ღირებულების ახალი წყალსადენის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნულ სოფლებში წლების განმავლობაში სასმელი წყლის მწვავე დეფიციტია.
პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ სოფელ თოთხამში დგას, სადაც მოსახლეობა წყალმომარაგების შეფერხებაზე რეგულარულად ჩივის. წყალსადენის ახალი ხაზის მშენებლობის საჭიროება დიდი ხანია მომწიფდა. ადგილობრივი ხელისუფლება ამ პროექტის განხორციელებას ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ ჰპირდებოდათ.
ტენდერი 16 აპრილს გამოცხადდა, განაცხადების მიღება კი 7 მაისამდე გაგრძელდება.
ამჟამად სოფლები კორხი და თოთხამი სასმელ წყალს „აბლარის“ წყალსაცავიდან ერთი და იმავე ხაზით იღებენ. თუმცა, იმის გამო, რომ სოფელი კორხი უფრო დაბლა მდებარეობს, წყალი პირველ რიგში იქ მიედინება, თოთხამამდე კი მხოლოდ სამ დღეში ერთხელ აღწევს — ისიც ტუმბოს მეშვეობით. ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში ორივე სოფლის მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე რჩება.
პროექტის თანახმად, წყალსადენის ახალი ხაზიც „აბლარის“ წყალსაცავიდან გამოიყვანება.
თოთხამის მცხოვრებლები რამდენიმე წლის განმავლობაში საკუთარი სახსრებით ყიდულობდნენ მილებს, რადგან იმედი ჰქონდათ, რომ ახალ ხაზს დამოუკიდებლად გაიყვანდნენ.
„ნაყიდი მილების ნაწილს სოფელში გამოვიყენებთ. თუ ახალი წყალსადენი წყლით მოგვამარაგებს, მილების ნახევარს სოფელში დავაგებთ, დანარჩენს კი მუნიციპალიტეტს გადავცემთ. თუ წყალი მაინც არ იქნება საკმარისი, სოფელ მაჯადიასთან მდებარე ბორცვიდან დამატებით ხაზს გავიყვანთ. მოსახლეობას ეჭვი ეპარება, რადგან სოფელი კორხი დაბლაა და ვშიშობთ, რომ წყალი ჩვენამდე კვლავ ვერ მოაღწევს“, — აღნიშნა სოფელ თოთხამის სპეციალისტმა, მესროპ ირიციანმა.
ახალი წყალსადენი მთიან ადგილზე გაივლის და თოთხამელები იმედოვნებენ, რომ იმ სოფლების მოსახლეობა, რომლებზეც ხაზი გაივლის, სისტემაზე თვითნებურად არ მიერთდება და წყალს არ წაიღებს.