შალვა პაპუაშვილი სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარეს, ალენ სიმონიანს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტების სიხშირე და საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის წარმატებულ განვითარებაზე მეტყველებს.
მხარეებმა განიხილეს ეფექტიანი საპარლამენტო კავშირები, ასევე თანამშრომლობა ვაჭრობის, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში.
ასევე მიმოიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანს, ასევე სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების განვითარება. ხაზი გაესვა ამ პროცესების მნიშვნელობას რეგიონული მშვიდობის დამყარებისთვის.
ალენ სიმონიანმა ასევე ისაუბრა სომხეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე.
შეხვედრა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, რომელიც სტამბოლში მიმდინარეობს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.