„გამოცდის ჩატარების სტანდარტები სრულად შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას“ — ასე პასუხობს უწყება მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ამის შესახებ გამოცემა „BusinessPressNews“ წერდა. როგორც ავტომობილების ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მევლუდ მელაძემ bpn.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, საქალაქო გამოცდა აუცილებელი იყო, თუმცა დროთა განმავლობაში მისი დახვეწა უნდა მომხდარიყო. მისივე თქმით, არსებული შაბლონური ფორმებით ის უფრო მახეს ჰგავს, ვიდრე ნამდვილ გამოცდას. „ბევრი ინფორმაცია მაქვს იმის შესახებ, თუ როგორ ჭრიან გამომცდელები კანდიდატებს“, — აღნიშნა მევლუდ მელაძემ.

სააგენტოში კრიტიკას „დეზინფორმაცია და მიზანმიმართული დისკრედიტაცია“ უწოდეს.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან დაკავშირებით გავრცელებულ მცდარ ცნობებს, რომლებიც მიკერძოებულ ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს სააგენტოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.

სააგენტოს პასუხი კრიტიკაზე: მართვის მოწმობის მისაღები გამოცდები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარებისას მოქალაქეებს განზრახ ჭრიან და მათთვის ხელოვნურ ბარიერებს ქმნიან, რაც სრული სიცრუეა.

პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება 10 ქალაქშია შესაძლებელი და მოქალაქეებს საშუალება აქვთ, ადგილები დაჯავშნონ როგორც წინასწარ, ისე გეგმურის მიღმა; ინფორმაცია ყოველთვიურად ახლდება. ასევე აღვნიშნავთ, რომ საგამოცდო ავტომობილები აღჭურვილია აუდიო და ვიდეო ჩამწერი მოწყობილობებით და კანდიდატს, სურვილის ან პრეტენზიის შემთხვევაში, უფლება აქვს მიმართოს სააგენტოს, გაეცნოს აღნიშნულ მასალებს და, საჭიროების შემთხვევაში, გაასაჩივროს შედეგი.

მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარების პროცედურა, საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩათვლით, რეგულირდება შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით. გამოცდის სტანდარტი სრულად შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას. ქართული მართვის მოწმობა აღიარებულია ევროპის რიგ ქვეყნებში…

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მომსახურების სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულება წლების განმავლობაში მოქალაქეებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაა. სერვისების დინამიური განვითარება და ციფრული ინტეგრაცია საშუალებას გვაძლევს, მოსახლეობას შევთავაზოთ უახლესი, გამარტივებული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება“, — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულმა განცხადებამ მოქალაქეების კრიტიკული რეაქცია გამოიწვია, რომლებიც საკუთარ პირად ნეგატიურ გამოცდილებაზე მიუთითებენ.