სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა შემცირდა. კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2026 წლის მარტის მდგომარეობით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებთა რიცხვი თითქმის 6%-ით შემცირდა.
სააგენტოს მონაცემებით, 2026 წლის მარტისთვის შემწეობას 667 793 ადამიანი იღებდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ბენეფიციართა რაოდენობა 708 017-ს შეადგენდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამჟამად საქართველოში 3 704 500 ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისად, გამოდის, რომ ქვეყნის ყოველი მეექვსე მცხოვრები საარსებო შემწეობას იღებს.
საანგარიშო პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობით კვლავ თბილისი ლიდერობს, რაც მოსახლეობის რიცხოვნობის გათვალისწინებით ლოგიკურია, მას კი ქვემო ქართლი მოსდევს.
უფრო კონკრეტულად, საარსებო შემწეობის მიმღებთა გადანაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგნაირია:
აღსანიშნავია ისიც, რომ სტატისტიკა მოიცავს იმ პირებსაც, რომლებიც სარგებლობენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით. თუ ოჯახის თუნდაც ერთი წევრი მონაწილეობს „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“, ოჯახის დეკლარაციაში მითითებული ყველა წევრი (მათ შორის არასრულწლოვნები) რჩება „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში“ და 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ საარსებო შემწეობის მიღების უფლება.
თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაქმების უზრუნველყოფის პროგრამები 2026 წლის ბიუჯეტში აღარ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, მომავალში მათი შემდგომი დაფინანსება აღარ განხორციელდება.