ბოლო დროს გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო დიზელის საწვავზე ფასების ზრდის საკმაოდ მაღალი დინამიკა შეინიშნება, ასევე საუბრობენ სასუქების გაძვირებაზეც, რაც შესაძლოა სერიოზული დარტყმა აღმოჩნდეს რეგიონში მეკარტოფილეობისთვის.

თუმცა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სირთულეებისა და არარენტაბელურობის რისკის მიუხედავად, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯავახეთის ფერმერებმა კიდევ უფრო მეტი კარტოფილი დათესონ.

ახალქალაქის სასოფლო-სამეურნეო სექტორი, ძირითადად, მცირე და საშუალო ფერმერული მეურნეობებისგან შედგება, რომლებსაც არ გააჩნიათ დაგროვილი მარაგი და ეკონომიკურ კრიზისებს რთულად უმკლავდებიან.

იმის გასაგებად, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ფასების მატებას ჩვენს რეგიონში მეკარტოფილეობისთვის და რა სირთულეებს აწყდებიან ფერმერები, ვესაუბრეთ ანდრანიკ ჩნავაიანს, რომელსაც სათესლე კარტოფილი, სასუქები და სხვა საჭირო საშუალებები შემოაქვს.

ანდრანიკმა აღნიშნა, რომ წელს, გასულ წელთან შედარებით, პრეპარატებისა და სასუქების ფასები დაახლოებით 10-15%-ით გაიზარდა, თუმცა სათესლე კარტოფილი ჯერ არ გაძვირებულა. მისი თქმით, მოსახლეობაში გარკვეული პანიკაა – ფერმერები საჭირო სასუქებს დიდი რაოდენობით ყიდულობენ, რათა ფასების შემდგომ მატებას აარიდონ თავი.

სოფელ ჩამდურაში მცხოვრები ლაურა აირაპეტიანი, რომელიც მეკარტოფილეობას ეწევა, უფრო სერიოზულ პრობლემად შარშან კარტოფილის გაუფასურებასა და გაყიდვების შეჩერებას მიიჩნევს. მისი აზრით, ამის მიზეზი საქართველოში თურქეთიდან დიდი რაოდენობით კარტოფილის ბოლოდროინდელი იმპორტია.

„გლეხს ჯერ თავისი პროდუქციის კარგ ფასად გაყიდვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ მერე იმედიანად იფიქროს მიწის დამუშავებასა და ფასების მატების გადალახვაზე“, — ამბობს ლაურა აირაპეტიანი.

კითხვაზე, არის თუ არა ეს დროებითი მოვლენა და მოსალოდნელია თუ არა კარტოფილის გაძვირება უახლოეს თვეებში, ლაურამ უპასუხა, რომ ეს ნაკლებსავარაუდოა, რადგან წელს ჩვენს რეგიონში კარტოფილის მარაგი შარშანდელზე მეტია.

ანია თარლამაზიანი ამ სფეროში ორივე მიმართულებით მუშაობს: მას შემოაქვს ახალი თესლი და სასუქები, ამავდროულად კი თავადაც მოჰყავს კარტოფილი. მან აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ზუსტად ვერ იტყვის, რა სირთულეებია მოსალოდნელი, თუმცა ამ მომენტისთვის ახალი თესლის ღირებულება არ გაზრდილა. მისივე თქმით, სატვირთო გადაზიდვების ფასი დაახლოებით 80%-ით გაიზარდა, რაც ბუნებრივია, ფასზე აისახება. თუმცა, ანას თქმით, მათ, როგორც იმპორტიორებს, თესლზე ფასი არ გაუზრდიათ და ცდილობენ შარშანდელი ტარიფები შეინარჩუნონ, რასაც ვერ ვიტყვით სასუქებზე, რომელთა ფასიც ამჟამად დაახლოებით 1,5-2%-ით არის მომატებული.

როგორც ფერმერი, ანია თარლამაზიანი ასევე მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს გაყიდვების შეჩერებასა და ძალიან დაბალ ფასს. ამის გამო ფერმერები ვერ ახერხებენ ახალ სეზონზე მიწის დასამუშავებლად და ხარისხიანი სასუქებისთვის საკმარისი თანხის დაბანდებას. ქალბატონი ანას თქმით, ამჟამად ფერმერს უნდა შეეძლოს კარტოფილის 80-90 თეთრად გაყიდვა, რათა შეძლოს მიწის კარგად დამუშავება და კარგი მოსავლის მიღებით სეზონური სირთულეების დაძლევა.

რესპონდენტთა გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ შემოდგომაზე კარტოფილის ფასი შესაძლოა 0,90-დან 1,50 ლარამდე მერყეობდეს, რაც დაფარავს მოყვანის ხარჯებს და ფერმერს მინიმალურ შემოსავალს მისცემს.

ახალქალაქის ბიზნესცენტრის დირექტორი, მახარე მაცუკატოვი მიიჩნევს, რომ არსებული შიშები ნაწილობრივ გამართლებულია, რადგან მსოფლიოში დიზელის საწვავზე ფასები ყოველდღიურად იზრდება, რაც ლოგიკურად იწვევს სხვა საქონლის გაძვირებასაც.

„გლეხების მიერ მიწის დასამუშავებლად და კარტოფილის მოსაყვანად საჭირო საშუალებების წინასწარ შეძენა ამ ეტაპზე გონივრული ნაბიჯია, რადგან მოვლენების შემდგომი განვითარება ამჟამად პროგნოზირებადი არ არის“.

იგი ძალიან საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ფერმერების მიერ მოყვანილი კარტოფილი არ იყიდება და მთავარ მიზეზად იმპორტირებულ პროდუქციას ასახელებს.

„ბაზარზე ღირსეული ადგილის დასაკავებლად, ჩვენ ჯერ კარგად უნდა შევისწავლოთ ის და ვითამაშოთ მოქმედი საბაზრო წესებით, რათა ამ სიტუაციიდან მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ“.

მისი აზრით, ფერმერმა აუცილებლად უნდა მოიყვანოს რაც შეიძლება მეტი კარტოფილი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შარშანდელი მოსავლის გაყიდვას ვერ ახერხებს. მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს უნდა ჰქონდეს „მეორე პურის“ მარაგი, რადგან არ ვიცით, რა გველოდება მომავალში.

მახარე მაცუკატოვი მიიჩნევს, რომ ამ საკითხს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობაც კი უნდა ჰქონდეს – სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს ბაზარი, შეუქმნას გლეხებს პროდუქციის წარმოების პირობები და, საჭიროების შემთხვევაში, აუნაზღაუროს მათ ზარალი.

ავტორი: არექნაზ ლულუკიანი