მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალქალაქში ფეხბურთის სტადიონის რეაბილიტაციას ახორციელებს. ამ მიზნით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ ფონდს დროებით — ერთი წლის ვადით — გადასცა სარემონტო სამუშაოების ჩატარების უფლება. სამუშაოებს შეასრულებს კომპანია შპს „სათავე+“.
მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალი საფეხბურთო სტადიონების მშენებლობის პროექტებს სამ მუნიციპალიტეტში — ახალქალაქში, ახალციხესა და ადიგენში ახორციელებს. სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი 2025 წლის ოქტომბერში გაიმართა, რომელშიც გამარჯვებულად შპს „სათავე+“ გამოვლინდა. სამივე მუნიციპალიტეტის პროექტების ჯამური ღირებულება 14 280 000 ლარს შეადგენს, თითოეული პროექტი კი დაახლოებით 4 760 000 ლარად არის შეფასებული.
ამის გამო, გასულ წელს დეპუტატებმა დაამტკიცეს უფლებების დროებითი გადაცემა მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის, რათა მას სამშენებლო სამუშაოების განხორციელება შეძლებოდა.
თანხის ძირითადი ნაწილი საფეხბურთო მოედნის მოწყობას მოხმარდება. ძველ საფარს სრულად მოხსნიან, ზედაპირს დააბეტონებენ და 55 მმ სისქის ხელოვნური ბალახით დაფარავენ. ძველი ტრიბუნის მოპირდაპირედ იგეგმება დამატებითი, 300-ადგილიანი სკამების დამონტაჟება. მერიასთან შეთანხმებით, შენარჩუნდება ძველი ტრიბუნაც. ტრიბუნები გადახურული იქნება. ასევე გათვალისწინებულია სტადიონის ჭიშკრის რეკონსტრუქცია და თანმდევი ინფრასტრუქტურის შექმნა.
სტადიონის ტერიტორიაზე იგეგმება დამხმარე შენობების აშენება: ადმინისტრაციული ფართები, ოთახები მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის, გასახდელები, ასევე სათავსოები დაცვისა და სხვა საჭიროებებისთვის. მთელი ტერიტორია შემოიღობება 2 მეტრი სიმაღლის ლითონის ბადით. ახალი შენობები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
ამ ეტაპზე სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. კომპანიასთან ხელშეკრულება 2025 წლის 6 ნოემბერს გაფორმდა და ძალაშია ხელმოწერიდან 1023 დღის განმავლობაში.