ყოფილი მე-15 სამხედრო ქალაქის 65-ე კორპუსის მცხოვრებლები შეგვახსენებენ, რომ მათ სახლთან „შავი ზღვა“ 2018–2019 წლებიდან აღარ შრება და პერიოდულად წყლით ივსება. პრობლემა განსაკუთრებით გაუსაძლისი წვიმიან ამინდში ან თოვლის დნობის შემდეგ ხდება. მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემას შეისწავლიან, თუ მოსახლეობა მათ ოფიციალურად მიმართავს.
ე.წ. მე-15 სამხედრო ქალაქის 65-ე კორპუსის მცხოვრებლებმა Jnews-ის რედაქციას კიდევ ერთხელ გამოუგზავნეს ვიდეო კომენტარით, სადაც აღნიშნავენ, რომ უკვე ნავების ყიდვაზე ფიქრობენ, რათა სადარბაზოებს შორის „ვენეციასავით“ გადაადგილდნენ.
პირველი ვიდეო მაცხოვრებლებმა ჯერ კიდევ 2024 წელს გამოაგზავნეს, თუმცა მას შემდეგ პრობლემა არ მოგვარებულა.
ადგილობრივები განმარტავენ, რომ 2018–2019 წლებში გზის რეაბილიტაციისა და ასფალტირების შემდეგ, ყოველი წვიმისას სახლის წინ ეზო გაუვალი ხდება. მათი აზრით, წყალი გაუმართავი კანალიზაციის ან უხარისხოდ და დაუდევრად დაგებული ასფალტის გამო გროვდება. ნაცვლად იმისა, რომ დახრა გაზონისკენ გაეკეთებინათ, მცხოვრებლების თქმით, წყალი პირდაპირ სადარბაზოებისკენ მიედინება. თუ ადრე ამ გუბეს „შავ ზღვას“ ეძახდნენ, ახლა მიიჩნევენ, რომ ვენეციაში ცხოვრობენ.
გზა, რომელზეც საუბარია, 2018–2019 წლებში კომპანია „ჯავახავტოგზამ“ დააგო. 2024 წელს მცხოვრებლებმა ადგილობრივ თვითმმართველობას Jnews-ის საშუალებით მიმართეს და არჩევნებიც შეახსენეს, თუმცა მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.
ახალქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მოსახლეობისგან ოფიციალური განცხადება არ შესულა. მიუხედავად ამისა, მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, მნაცაკან ფამბუხჩიანმა აღნიშნა, რომ პრობლემის არსებობის შემთხვევაში მას შეისწავლიან.
„ამ საკითხზე ჩვენთვის არ მოუმართავთ. რამდენადაც ვიცი, იქ კანალიზაცია უნდა იყოს. ასევე უნდა იყოს სანიაღვრე არხები — შესაძლოა, ისინი გაიჭედა. ჩვენ შევისწავლით ამ პრობლემას, თუ მცხოვრებლები მერიას მიმართავენ“, — განაცხადა მან.
ქვემოთ წარმოდგენილია კადრები, რომლებიც მაცხოვრებლებმა 2024 წელს გადაიღეს.