დღეის მონაცემებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანია თვითიზოლირებული, რომელთაგან ორი ახალციხის კლასტერთან არის დაკავშირებული. ამ ადამიანების წინასწარი ტესტის შედეგი უარყოფითი იყო.
ახალქალაქიდან ორი ადამიანი, რომელიც ახალციხეში დაკრძალვაზე იმყოფებოდა, ამჟამად თვითიზოლირებულია. მათი წინასწარი ტესტის შედეგები უარყოფითი იყო. ამ ადამიანების თვითიზოლირების ვადა 24 სექტემბერს იწურება, მესამე ადამიანის თვითიზოლირების ვადა იწურება ხვალ.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის ავეტიკ ტონაკანიანის თქმით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ტესტირება 995 ადამიანს ჩაუტარდა, ყველა მათგანის ტესტის პასუხი უარყოფითია.
შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს სომხეთიდან ჩამოსული ერთი ადამიანი ესწრებოდა დაკრძალვას, რის შემდეგაც, სომხეთში დაბრუნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის კორონავირუსით არის დაავადებული. კორონავირუსზე ტესტი დაახლოებით 100 ადამიანმა ჩაიტარა, ვისაც მასთან ჰქონდა კონტაქტი.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, დღეს კორონავირუსით დაავადების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა და სამივე ბათუმთან არის დაკავშირებული- აღნიშნული პირები ქორწილში იყვნენ აჭარაში. ორი მათგანი თვითიზოლირებულია.