რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია. ადგილზე დასუფთავების სამსახური მუშაობს. ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია.
აქციის მონაწილეთა ნაწილი რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა. მათ ბარიკადები ჰქონდათ აღმართული და ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ განლაგებული.
საპოლიციო ღონისძიებების შემდეგ, მომიტინგეებმა მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარედ გადაინაცვლეს. მოქალაქეებს სპეციალური ხმოვანი სიგნალით აფრთხილებდნენ და დაშლისკენ მოუწოდებდნენ. სამართალდამცველებმა ოპერის მიმდებარე ტერიტორია ხელოვნური ბარიკადებისგან გაათავისუფლეს. დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.
რუსთაველის გამზირზე ღამის განმავლობაში ვითარება არაერთხელ დაიძაბა. აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მისამართით ისროდნენ პიროტექნიკასა და სხვადასხვა სახის საგნებს, აღმართეს ხელოვნური ბარიკადები, ცეცხლი წაუკიდეს სხვადასხვა ნივთს.
ამასთან, სამართალდამცველები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებდნენ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის წყლის ჭავლს. წყლის ჭავლის გამოყენებამდე შსს მოქალაქეებს სპეციალური ხმოვანი სიგნალით აფრთხილებდა და დაშლისკენ მოუწოდებდა.
უწყებამ რამდენჯერმე გაავრცელა ოფიციალური განცხადებაც და აქციის მონაწილეებს მოუწოდა, არ განეხორციელებინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და სამართალდამცველთა მითითებებს დამორჩილებოდნენ.