საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, მაგრამ საარჩევნო პლაკატები ყველგანაა, როგორც ახალქალაქში, ისე სოფლებში. აღნიშნული პლაკატები უნდა მოიხსნას არჩევნებიდან არაუგვიანეს 41-ე დღისა, ანუ 6 დეკემბრის ჩათვლით.

ახალქალაქში საარჩევნო პლაკატების გაკვრა შესაძლებელია შემდეგ ადგილებზე:

• თავისუფლების ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის კედელზე.
• სურბ ხაჩის ეკლესიასთან არსებულ სტენდზე.
• თავისუფლების ქუჩაზე №70 მრავალსართულიანი კორპუსის ფასადზე.
• ცენტრალური პარკის გალავანზე.
• ყოფილი №1 სამხედრო ქალაქის საცხოვრებელი კორპუსების კედლებზე.
• №14 სამხედრო ნაწილის ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კედლებზე
• ახალქალაქი-ახალციხის გზაზე შოთა რუსთაველის სკვერის კედელზე.
• სოფელ ხოსპიოს რკინიგზის ხიდის საყრდენებზე

თუმცა იყო შემთხვევები, როცა პლაკატები მეპატრონის ნებართვის გარეშე იყო გაკრული.

„მთავარი ქუჩა კეთილმოეწყო, გარემონტდა, ახლა კი დაამახინჯეს. კედელზე ისე დააწებეს, არც კი შეგვეკითხეს. წებო ისე წაუსვეს, რომ როცა კედლიდან ჩამოგლეჯვას ცდილობ, პლაკატი ნაწილებად იშლება და აფუჭებს კედლის ამ ნაწილს. გარემონტებული ადგილების ნორმალურ მდგომარეობაში დატოვება შეუძლებელი იყო, ან თუნდაც ეკითხათ, იქნებ არ მინდოდა ჩემი სახლის კედელზე რომელიმე პარტიის პლაკატი ყოფილიყო“, – ამბობს ქალაქის ერთ-ერთი მცხოვრები.

ბევრი მცხოვრები ამბობს, რომ პლაკატების ჩამოხევა ძალიან ძნელია, უამრავ წებოს უსვამენ, კედელზე ნაწილდება, ხოლო როცა პლაკატს ხსნიან, ქაღალდი ნაწილებად იშლება, ბოლომდე გასუფთავება რთულია.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე სააგიტაციო მასალების განთავსება მათი მესაკუთრეთა თანხმობით შეიძლება.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-8 პუნქტის (სარეკლამო მასალები) მიხედვით:

საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს საარჩევნო მასალების მოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას საქართველოს კანონმდებლობით დაეკისრება პასუხისმგებლობა.

არჩევნებიდან არაუგვიანეს 41-ე დღისა, ანუ ბოლო ვადაა 6 დეკემბერი.

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო პლაკატები არჩევნების დასრულებიდან დიდი ხნის განმავლობაში არ იხსნება. 2018 და 2020 წლის არჩევნებზე ახალქალაქის ქალაქი საარჩევნო პლაკატებისაგან სერვის ცენტრის თანამშრომლებმა გაასუფთავეს.