მთავრობა პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე ფასების შესწავლას იწყებს

მთავრობა პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე ფასების შესწავლას იწყებს

მთავრობა პესტიციდებისა და აგროქიმიური საშუალებების მიმართულებითაც ფასების შესწავლას იწყებს.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის, რადგან პესტიციდების ფასი და ხელმისაწვდომობა პირდაპირ აისახება სასოფლო-სამეურნეო წარმოების თვითღირებულებაზე, ფერმერთა კონკურენტუნარიანობასა და სურსათის ფასებზე.

მისი თქმით, საქართველოში აღინიშნება როგორც პესტიციდების მაღალი ფასები, ისე მათი ჭარბად გამოყენების პრაქტიკა, და ორივე მიმართულებით სერიოზული გამოწვევები არსებობს.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენ დავიწყეთ ფასების სიღრმისეული შესწავლა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა სურსათი, მედიკამენტები და საწვავი. ანალოგიურ პროცესს ვიწყებთ პესტიციდებისა და აგროქიმიური საშუალებების მიმართულებითაც.

ჩვენი შეფასებით, საქართველოში შეინიშნება როგორც პესტიციდების მაღალი ფასები, ისე მათი გადაჭარბებული გამოყენების პრაქტიკა. ორივე მიმართულებით არსებობს სერიოზული პრობლემები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფერმერებთან და დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების საფუძველზე, უახლოეს მომავალში შექმნის სამართლიან სისტემას. ეს არის ჩვენი მიზანი და ამოცანა — მოსახლეობას უზრუნველვუყოთ პესტიციდებზე ხელმისაწვდომი ფასები.

მინდა მადლობა გადავუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს უკვე გაწეული სამუშაოსთვის. ეს არის სერიოზული და მნიშვნელოვანი გამოწვევა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით ხელშესახებ შედეგებს მივიღებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე