30 სექტემბერს, ახალქალაქში, ხას ბახჩას პარკში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად კონცერტი გაიმართა.
მსგავსი კონცერტები რეგიონის სამ ქალაქში: ახალციხეში, ასპინძასა და ახალქალაქში გაიმართა. ყველა კონცერტი ერთსა და იმავე დროს, 20:00 საათზე დაიწყო, სხვადასხვა მუსიკოსების მონაწილეობით. ახალქალაქში “ქუჩის მუსიკოსები”, ჯგუფი “ფორტე”, მანანა თოდაძე და გიორგი წიკლაური გამოვიდნენ.
კონცერტს “ქართული ოცნების” ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონცერტის მოსასმენად მისულთა უმეტესობა მერიის, საკრებულოს, მუნიციპალური და სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლები იყვნენ. დამსწრეთა ნაწილის თქმით, მათ „მოწვევა“ სმს-ის სახით მიიღეს. პარკში ასევე ბევრი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი იყო.
კონცერტზე არტისტები შეკრებილებს მოუწოდებდნენ 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მმართველ პარტიას მისცენ.