24 სექტემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემის შესახებ პეტიცია განიხილეს. ეს პეტიცია მუნიციპალიტეტის სტუდენტებმა შეიტანეს. საკრებულომ პეტიციის იდეა დაამტკიცა და შემდგომი განსახილველად მერიას გადაუგზავნა.

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა წარჩინებული სტუდენტებისთვის წამახალისებელი სტიპენდიის დაწესების მოთხოვნით პეტიცია შეადგინა. სტუდენტებმა პეტიციის მხარდასაჭერად მუნიციპალიტეტის 400-მდე მცხოვრებისგან (ამომრჩეველთა 1%-ზე მეტი) ხელმოწერა შეაგროვეს და 2024 წლის 18 სექტემბერს წარადგინეს. პეტიციის ავტორი ჯულეტა სოღოიანია.

განხილვების დროს დეპუტატები სტუდენტებს ონლაინ რეჟიმში უკავშირდებოდნენ, რადგან ინიციატორებმა შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მოახერხეს.

„ჩვენ მივესალმებით, თანახმა ვართ სტიპენდიების გაცემაზე, ვნახოთ რას გადაწყვეტს საკრებულო და მერია, განვსაზღვრავთ მექანიზმს, რამდენს გავცემთ და ვის. ახლა უბრალოდ უნდა განვსაზღვროთ გაცემის მექანიზმი“, – თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა.

ახალგაზრდების ინიციატივას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე სედა მელკუმიანიც მიესალმა.

პეტიცია დეპუტატებს გრიშა მკრტჩიანმა და ჯულეტა სოღოიანმა წარუდგინეს.

აღვნიშნავთ, რომ სტიპენდიებს ახალციხისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების სტუდენტები ღებულობენ. თითოეულმა მუნიციპალიტეტმა თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე განსაზღვრა სტიპენდიის ზომა, ასევე განსაზღვრა მისი გაცემის პირობები.

საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: სტიპენდია მისცეს ყველა სტუდენტს თუ მხოლოდ მათ, ვინც საქართველოში სწავლობს, რომელი კურსიდან გასცეს, რა აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტს გასცეს, რა ოდენობით და სხვა საკითხები.

დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე გადაწყვიტეს საკითხი მერიაში გადაეგზავნათ შემდეგი წინადადებით: შემუშავდეს საკითხის გადაწყვეტის კონკრეტული მექანიზმი, ხოლო შემდეგ განხილვას აუცილებლად დაესწროს მერიის წარმომადგენელი.