ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღები ზაფხულის არდადეგების შემდეგ მუშაობას 15 სექტემბერს განაახლებს. ქალაქში მოქმედი სამი საბავშვო ბაღიდან არცერთი არ გაიხსნება, ყველა ბაღი რემონტისთვის არის დაკეტილი.
№1 და №2 საბავშვო ბაღები სარემონტოდ დაიხურა, მაგრამ რადგან გადაწყდა, რომ №3 საბავშვო ბაღი, სადაც №1 და №2 საბავშვო ბაღების მომუშავე მშობლების შვილებს უნდა ევლოთ, ასევე უნდა გარემონტდეს, ისიც არ გაიხსნება.
„ქალაქში სამივე საბავშვო ბაღი რემონტისთვის არის დაკეტილი, რემონტი რეგიონული განვითარების ფონდის სახსრებით მიმდინარეობს. აუცილებლად გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს, რომ მომუშავე მშობლების ბავშვები, რომლებსაც ვერავისთან ტოვებენ, სოფლის საბავშვო ბაღებში გადავიყვანოთ, ტრანსპორტით უზრუნველვყოფთ. რა თქმა უნდა, ბავშვებთან ერთად აღმზრდელებიც გადავლენ“, – ამბობს ახალქალაქის საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორი ანაიდა ასატურიანი.
№3 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, შენობა ხვალიდან 5 სექტემბრის ჩათვლით უნდა გათავისუფლდეს, რათა შემდეგ მუშაობა დაიწყოს.
საბავშვო ბაღების რემონტის ვადა ერთი წელია, თუმცა ამინდის პირობების გამო ვადა შესაძლოა გაგრძელდეს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ქალაქის №1 და №2 საბავშვო ბაღების რეკონსტრუქციის ელექტრონული კონკურსი „მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ გამოაცხადა, გამარჯვებული გახდა კომპანია შპს „მედმშენი“ 7 522 000 ლარით. ხოლო ფასთა ჩამონათვალის მიახლოებული ფასი 1 830 175,19 ლარს შეადგენს.
ასევე წაიკითხეთ:
ახალქალაქის №2 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია გრძელდება