ბოლო ათ წელში ახალციხის მუნიციპალიტეტის მარტო 3 დასახლებაში: სვირში, აწყურსა და ვალეში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად დაახლოებით 10 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან 3 მილიონის ფარგლებში ტენდერები ახალციხის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა, თუმცა თანხის ნახევარი, მილიონ–ნახევარზე მეტი, ტენდერებით, ისევ ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების კომპანიებმა, ასევე მათმა პარტნიორებმა და კორუფციაში ბრალდებულმა პირებმა აიღეს.
რაც შეეხება დარჩენილ 7 მილიონს, რომლითაც ვალეში უკვე უწყვეტი წყალმომარაგება უნდა იყოს, ისე დაიხარჯა, რომ ჯერ წყლის სისტემა არ გაუმართავთ. საბოლოოდ, სამივე დასახლებაში სასმელი წყლის პრობლემა ისევ ისე დგას, როგორც 10 წლის წინ იყო.
„სამხრეთის კარიბჭემ“ მუნიციპალიტეტის სამი ისეთი დასახლება შეარჩია, სადაც ბოლო ათ წელში მილიონობით ლარი დაიხარჯა და მოსახლეობას წყალთან დაკავშირებით მდგომარეობა არ შეცვლილა. სვირში, აწყურსა და ვალეში დღესაც ისევე ითხოვენ სასმელ წყალს, როგორც ათი წლის წინ. ამ სოფლებში სასმელ წყალზე გამოცხადებული ტენდერების ნაწილი ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი ან/და მოქმედი თანამშომლების,(მათ შორის ყოფილი მერის) კომპანიებმა მოიგეს. ნაწილი კი თვითმმართველობასთან ან მმართველ პარტიასთან დაახლოებულმა და ამავდროულად კორუფციაში ბრალდებულმა პირებმა.
სვირი
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში, სასმელი წყლის მოსაგვარებლად ბოლო ათ წელში 1 100 000 ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. ამ პერიოდში, სვირში მცხოვრებლებმა მინიმუმ 6–ჯერ მიიღეს დაპირება, რომ 24 საათიანი წყალმომარაგება ექნებოდათ, რა თქმა უნდა – სუფთა წყლის.
ამასთან, ამ სოფელში სასმელ წყალზე გამოცხადებული ექვსი ტენდერიდან, სამი მათგანი, სხვადასხვა წელში (2013, 2015, 2018) ერთმა კომპანიამ – „სამცხე XXI“–მა შეასრულა. კომპანიამ, რომლის ხელმძღვანელიც კორუფციაში იყო ბრალდებული და გამოძიება მას, ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებისას 33 400 ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავებოდა.
საბოლოოდ, არც ამ კომპანიისა და არც სხვა კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოები არ აღმოჩნდა საკმარისი, იმისთვის, რომ სოფელ სვირში მცხოვრებლებს სასმელად ვარგისი და უწყვეტი წყალმომარაგება ჰქონოდათ.
ბოლოს სვირში სამუშაოები 2023 წლის შემოდგომით შესრულდა. პროექტმა იმ შემოდგომასა და ზამთარს გაუძლო, გაზაფხულზე კი ისევ პრობლემები გაჩნდა. 2024 წლის მაისში ეზოებში მდგარი ონკანებიდან მღვრიე, ნაცრისფრად შეფერილი წყალი მოდიოდა, ეგეც განრიგით, დილიდან 12:00 საათამდე. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ წყალს ვერც სასმელად იყენებენ და ვერც საჭმლის მოსამზადებლად:
„ახალციხიდან 2012 წელს გადმოვედი აქ [სვირში] საცხოვრებლად და მას მერე სულ წყალი კეთდება. ახლა რა წყალიც გვაქვს, იმას დასალევად ვერ გამოიყენებ, ჟანგისფერი წყალი მოდის, მხოლოდ სარწყავად ვიყენებთ“, – ამბობს სვირში მცხოვრები გიორგი ლაცაბიძე.
იგივე პრობლემაზე საუბრობს გიორგის მეზობელი: „როცა იწვიმებს, სულ ტალახიანი წყალი მოდის ონკანში. პროტესტი მაქვს, მაგრამ ილაპარაკე და იყავი. ყოველ წელიწადს აკეთებენ [წყლის სისტემას], მაგრამ რაში იყრება ეს ფულები მართლა არ ვიცი. არ კეთდება კარგად. გუშინ სარეცხის მანქანა ჩავრთე და ვეღარ ვამუშავე, გაჩერდა. მერე მოვზიდე „ქვითკირის წყალი“ ხელით, ჩავასხი მანქანაში და ისე დავრეცხე სარეცხი“.
წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა
„ქვითკირის წყალი“, სოფელში არსებული ერთადერთი წყაროა, რომელიც დასალევად ვარგისია. იგი 1911 წელს გამოყვანილი წყალია. ვისაც შეუძლია რომ სახლიდან 200–300 მეტრში არსებული წყაროდან ყოველდღიურად წყალი ხელით მოზიდოს – ასეც აკეთებს, რადგან სახლში სუფთა წყალი არ აქვთ: „ხელით რამდენი უნდა მოზიდო? შეიძლება მოიტანო ორი „ბალონი“ –20 ლიტრა, მაგრამ დარეცხვაა, დაბანაა და დღეში გინდა 100 ლიტრა წყალი, როგორ უნდა ზიდო იქიდან?“
სოფელ სვირში სასმელი წყლის პრობლემები იმ დროიდან გაჩნდა, როცა ადგილობრივებმა ეზოში ონკანები დადგეს. იხსენებენ, რომ 1990–იან წლებამდე სოფელში მხოლოდ ერთი წყარო იყო, ე.წ „ქვითკირის წყალი“ და მცხოვრებელბის ნაწილი ამით სარგებლობდა, მეორე ნაწილს კი წყალი მეზობელი სოფლიდან, ბოგიდან ჰყავდა გამოყვანილი.
სოფლის დაქსელვა და ეზოებში მილების გაყვანა დაახლოებით 2005–2010 წლებში მოხდა. მაშინ სოფელში წყალი ტყიდან ჩამოიყვანეს, სადაც რამდენიმე წყარო ერთდებოდა, სათავეს ასეც ჰქვია – „დაფანტულების წყალი“. აქაურები ირწმუნებიან, რომ იმ პერიოდში „დაფანტულების წყალს“ ავზი ჰქონდა და სუფთა წყალიც მოდიოდა. წლების შემდეგ კი, ეს ავზი დაინგრა და წყალი დაბინძურდა, ამიტომ საჭირო გახდა ახალი სათავის პოვნა და ცენტრალური მაგისტრალის მოწესრიგება.
სიტუაციის უკეთესად წარმოსადგენად – 2013 წლის ტენდერით სვირში სასმელი წყალი „დაფანტულების წყლიდან“ ჩამოუყვანეს, დანარჩენი ოთხი პროექტის მიხედვით კი, ადგილობრივებს სასმელი წყალი „მოღობილის“ სათავიდან უნდა მიეღოთ.
ტენდერი N1 – 2013 წელი – ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი სვირის სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოების უზრუნველყოფა
ბოლო ათი წლის განმავლობაში, ადგილობრივმა თვითმმართველობამ პირველი ტენდერი, სვირში სასმელი წყლის მოსაგვარებლად 2013 წელს გამოაცხადა. ტენდერის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 98 000 ლარით განისაზღვრა, თუმცა ცალკე გამოიყო თანხა საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის.
ამ პროექტის მიზანს წარმოადგენდა სოფლის ახალი მაგისტრალური წყალსადენის მშენებლობა, რომელსაც უნდა მოემარაგებინა „ზამთრის პერიოდში სოფელი სვირი და ტატანისი, ხოლო გაზაფხულიდან შესაძლებელი იქნება წყალი მიეწოდოს სოფელ ბოგას“.
წყალმომარაგების წყაროდ გამოიყენება წყალი, რომელიც მდებარეობს სოფელ სვირიდან 6–7 კილომეტრში, სვირის მთებში ე.წ. „ნასერალის ტერიტორიაზე“, სადაც უნდა შეკრებილოყო რამდენიმე წყარო, მოეწყოთ სათავე – საკაპტაჟე ნაგებობა, საიდანაც წყალი სოფელში ჩამოვიდოდა.
მაგისტრალური მილსადენისთვის შეირჩა პლასტმასის მილები, რომლის მეშვეობითაც „დაპროექტებული წყალსადენის სისტემა უზრუნველყოფს სასმელი წყლით მომარაგებას და საიმედოა ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის“, – წერია სატენდერო დოკუმენტში.
ტენდერში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო მათგან ხელშეკრულება სს ჰიდროსაინჟინრო კომპანიასთან გაფორმდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიღება–ჩაბარების დოკუმენტში წერია – „სამუშაოების ხარისხი დამაკმაყოფილებელია, რასაც ვადასტურებთ ახალციხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლები ხელმოწერით“.
მოგვიანებით, ირკვევა, რომ სვირში ადგილზე სამუშაოები არა სს ჰიდროსაინჟინრო კომპანიამ, არამედ მისმა სუბკონტრაქტორმა შპს სამცხე XXI–მა შეასრულა.
მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს, თვითმმართველობამ მიიჩნია, რომ სს ჰიდროსაინჟინრო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები ხარისხიანი იყო და გრძელვადიანიც, ზუსტად 2 წელიწადში სვირის სასმელ წყალზე ახალი ტენდერის გამოცხადება გახდა საჭირო.
ტენდერი N2 – 2015 წელი – ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი სვირის სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები
სვირის სასმელი წყლის სისტემის კიდევ ერთხელ მოსაწყობად მეორე ტენდერი 2015 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებით გამოცხადდა, ამჯერად – 246 374 ლარზე.
სასმელი წყალს, რომლისთვისაც 2013 წელს 98 000 ლარი დაიხარჯა, ახალი საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, არ ჰქონდა საკმარისი დებეტი, ამასთან სათავეზე იყო ანტისანიტარია და ადგილობრივები სვამდნენ სასმელად უვარგის ღელის წყალს.
ამიტომ ახალი მილსადენის გაყვანის საჭიროება დადგა, ახალი ტენდერითა და თანხის ახალი ოდენობით. პროექტში გათვალისიწნებული იყო, რომ სასმელი წყლის ახალი სათავე „მოღობილისა“ და „ჭანგეთის ხევი“ უნდა ყოფილიყო, ამ ტერიტორიებზე მოპოვებული ექვსი წყარო კი უნდა გაერთიანებლიყო შემკრებ ჭაში.
ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო, მათგან ახალციხის მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება შპს სამცხე XXI–თთან გააფორმა, ანუ იმავე კომპანიასთან, რომელმაც 2013 წელს, ამავე სოფელში იგივე სამუშაოები სუბკონტრაქტორის სტატუსით შეასრულა.
ახალი ხელშეკრულების ღირებულება 229 112 ლარით განისაზღვრა. მიღება–ჩაბარების აქტებში კი კვლავ წერია, რომ სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო სტანდარტებს შეესაბამება, ხოლო ხარისხი დამაკმაყოფილებელია. დოკუმენტს ხელს აწერს მუნიციპალიტეტის ექვსი თანამშრომელი.
აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში, როცა შპს სამცხე XXI ახალცხის მუნიციპალიტეტის ტენდერებს იგებდა, მისი 71,6 % წილის მფლობელი და დირექტორი, გურამ ფარცახაშვილი სისხლის სამართლის კოდექსით, პასუხისგებაში იყო მიცემული და გამოძიება მას, ისევ ახალციხეში, ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებისას 33 400 ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავებოდა.
ტენდერი N3 – 2016 წელი – ახალი რეზერვუარი, ახალი გამანაწილებელი, შენობის მოწყობა, ახალი განშტოებები
მაშინ როცა, შპს სამცხე XXI–ის მიერ შესრულებული სამუშაოები თვითმმართველობამ უპრობლემოდ ჩაიბარა და მას ხარისხიანად შესრულებული უწოდა, აღმოჩნდა, რომ უკვე განხორციელებული ორი პროექტი სოფელ სვირის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის საკმარისი არ იყო. ერთ წელიწადში, 2016 წლის ნოემბერში სვირის სასმელი წყლის თემაზე მუნიციპალიტეტმა კიდევ ერთი ტენდერი გამოცხადდა, თუმცა გამარჯვებული არ გამოვლენილა, ამიტომ დაახლოებით ერთ წელში, იმავე პირობებით კიდევ ერთი ტენდერი დაიდო. მანამდე კი სვირელები ისევ სასმელ წყალს ითხოვდნენ.
ტენდერი N4 – 2017 წელი – რეზერვუარის გადატანა, ახალი გამანაწილებელი, შენობის მოწყობა, ახალი მაგისტრალის მოწყობა
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ამჯერად სამუშაოები ითვალისწინებდა:
1. არსებული რეზერვუარის გადატანას;
2. წყლის ახალი გამანაწილებელისათვის შენობის მოწყობას და საუბნო გამანაწილებლებისათვის ჭების მოწყობას;
3. მაგისტრალურ მილზე არსებული მიერთებების (ე.წ. ბოგის ხაზი) ჩაჭრას და ახალი მაგისტრალის მოწყობას;
4. არსებულ მაგისტრალზე ვანტუზებისა და ლითონის ლუქების მოწყობას.
დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ მთავარ რეზერვუარში ვერ ხერხდებოდა წყლის დაწნევა და მოსახლეობას არ მიეწოდებოდა საჭირო რაოდენობის წყალი, ამიტომ საჭირო იყო რეზერვუარის გადატანა. ამ და ზემოთ ჩამოთვლილი სხვა სამუშაოების შესრულების შემდეგ კი, სვირში მცხოვრებ 151 მოსახლესა (2017 წელი) და დამატებით რვა წერტილს: „ეკლესია, საბავშვო ბაღი, საუბნო წყარო, რიტუალების სახლი, სოფლის პუნქტი, სოფლის კლუბი, სკოლა და მასწავლებლების სახლი“ ხარისხიანი და უწყვეტი წყალმომარაგება ექნებოდა.
ტენდერში გამარჯვებულმა შპს „მშენებელი 2015“–მა სამუშაოების მხოლოდ პირველი ეტაპი შეასრულა, ამაში 10`385 ლარი აიღო და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მუნიციპალიტეტმა მასთან ხელშეკრულება გაწყვიტა.
ამიტომ 2018 წელს კიდევ ერთი ტენდერი გამოცხადდა. პრობლემა – იგივე, თანხა – უფრო მეტი.
ტენდერი N5 – 2018 წელი – ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი სვირის სასმელი წყლის შიდა ქსელისა და მაგისტრალური სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფა.
ამ ტენდერითაც ზუსტად იგივე სამუშაოები იყო შესასრულებელი, რაც N4 ტენდერის შემთხვევაში. თანხა, ამჯერად 121 611 ლარით განისაზღვრა და სახელმწიფო შესყიდვაში საბოლოოდ, კვლავ შპს სამცხე XXI–მა გაიმარჯვა. ანუ კომპანიამ, რომელმაც ამ სოფელში, ამავე პრობლემაზე ორჯერ მოიგო ტენდერი (2013 და 2015 წლებში), ჯამში 300 000 ლარზე მეტი აიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სასმელი წყლის პრობლემა მაინც ვერ გადაჭრა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ მას კიდევ ერთი 120 000 ლარიანი ტენდერი ანდო.
2019 წლის 8 აგვისტოს, უკვე დასრულებული სამუშაოები მშენებელი კომპანიის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერეს ახალციხის მერიის ინსპექტირების ჯგუფის წევრებმა, ასევე საზედამხედველო ორგანოს შპს „ქრიზოლით+“–ის წარმომადგენელმა. ყველა მათგანმა მოაწერა დოკუმენტს ხელი: „შევამოწმეთ შპს სამცხე XXI–ის მიერ შესრულებული სამუშაოები ხარისხის კონტროლის მიზნით. ამ ეტაპზე აღნიშნულ ობიექტზე ხარვეზი არ გამოვლენილა“.
თუმცა ერთი თვით ადრე, 2019 წლის 2 ივლისს, სოფელის შიდა ქუჩებზე წყლის ნიაღვრები მოდიოდა და ადგილობრივებს საცხოვრებელები და საქონლის სადგომები დაუტბორა. მაშინ „სამხრეთის კარიბჭესთან“ სვირელები ამბობდნენ, რომ წყალი სწორედ ახლადგაკეთებული მილსადენებიდან ჟონავდა.
იმ პერიოდში, სამცხე XXI–ს დირექტორმა, გურამ ფარცახაშვილმა უარყო, რომ წყალი დაბინძურებული იყო. თქვა, რომ წყალმა ძველი მილებიდან გაჟონა.
თუმცა ასეც რომ ყოფილიყო, მაგისტრალი, რომელიც მისმა კომპანიამ სამჯერ მოაწყო, ექვსი წლის მერეც ვერ აწვდის მოსახლეობას სასმელ წყალს.
კონკრეტულად ეს ტენდერი კი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ახალციხის მუნიცპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიშშიც მოხვდა, სადაც წერია, რომ „მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს ხარისხიანი ინფრასტრუქტურული პროექტების მიღება- ჩაბარებას და პროექტების მდგომარეობის შესახებ მერიის დროულ ინფორმირებას. სამუშაოების მონიტორინგის, მიღება-ჩაბარების, მოვლა- პატრონობისა და საგარანტიო ვადის ეტაპზე არსებული მართვის სისუსტეების გამო, დაზიანებულია ინფრასტრუქტურული პროექტები და საბიუჯეტო სახსრები არაეფექტიანად იხარჯება. მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო დაედგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები, საგარანტიო პერიოდში პროექტების კონტროლზე პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით, მათ მიმართ გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები, რაც არ განუხორციელებია“.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, ამავე პერიოდში დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ დაზიანებულია 1,847.4 ათასი ლარის ღირებულების შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნაწილი.
ტენდერი N6 – 2023 წელი – სოფელ სვირის სასმელი წყლის მაგისტრალის მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფა
ტენდერი 621 536 ლარზე გამოცხადდა. საპროექტო დოკუმენტაცია შპს „არქი ჯგუფმა“ გააკეთა, რისთვისაც ცალკე თანხა გამოიყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში სვირის წყალზე უკვე ხუთი პროექტია განხორციელებული, „არქი ჯგუფი“ სასმელ წყალზე არსებულ მდგომარეობას ასე აღწერს: „სოფელ სვირში დღესდღეობით მოწყობილია მაგისტრალური მილსადენი ფოლადის მილით, რომელიც იკვებება წყალმიმღები კაპტაჟიდან. ზაფხულის პერიოდში დებიტის დამატების მიზნით არსებულ მაგისტრალზე დაერთებულია წყალმიმღები კაპტაჟი, წყალუხვობის დროს კი წყალი ახდენს უკუდინებას და ამოდის #2 კაპტაჟში. მაგისტრალზე არ არის საჰაერო ვანტუზები და დამცლელი ურდულები, მილსადენის სიძველისა და კოროზიის გამო რამოდენიმე მონაკვეთი დაზიანებულია და იწვევს წყლის დაღვრას. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში დაგეგმილია მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთების შეცვლა ფოლადის მილებით, მაგისტრალურ მილსადენზე მოეწყობა საჰაერო ვანტუზები და დამცლელი ურდულები“.
ტენდერში გაიმარჯვა „ნდს მშენებელმა“ – 610 999 ლარით.
პროექტის მიმდინარეობა 2023 წლის ნოემბერში ინსპექტირების ჯგუფმა შეამოწმა და დაწერა, რომ „სამუშაოები შესრულებულია პროექტის შესაბამისად, სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით. შესრულებული სამუშაოების ხარისხი დამაკმაყოფილებელია“.
თუმცა იგივე სამუშაოები „დამაკმაყოფილებელი“ არ აღმოჩნდა ადგილობრივებისთვის, რადგან მათთვის ამ პროექტის მერეც არაფერი შეიცვალა და კვლავ წყლის პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ.
სოფელში ყოველ წელს სასმელ წყლისთვის რომ იხარჯება თანხა და შედეგი არ ჩანს – ადგილობრივები იმას უკავშირებენ, რომ სამუშაოები ხარისხიანად არ სრულდება, გამოყენებული მასალა არ მოწმდება, ამიტომ მილები ხშირად სკდება: „სხვა სოფლებს როგორ აქვთ წყალი? იქ კაპიტალურად კეთდება და მაგიტომ. დასკდა ეს რკინის „ტრუბები“, ჟანგდება და ფუჭდება“…
„გვეუბნებოდნენ 24-საათიანი წყალი გექნებათო, მაგრამ რაც გვაქვს „გრაფიკით“, ისიც არ არის სუფთა დასალევად. 2016–2017 წლებში რომ მილები ჩაყარეს, მერე ისევ ამოყარეს მიწიდან უკან და ახლა ახლები ჩაყარეს, მაგრამ წყალი მაინც არ გვაქვს… ბოლოს შარშან გააკეთეს, მელიქიძის [ზაზა მელიქიძე, ახალციხის ყოფილი მერი] ტექნიკა იყო და იმან გააკეთა. მოდიოდა შემოდგომით წყალი, გვქონდა, მაგრამ მერე რაღაც ხარვეზი მოხდა ტყეში და ვეღარ მიდიოდნენ იქამდე, ამიტომ ისევ ძველი, „დაფანტულების წყალები“ გამოუშვეს“, – ამბობენ ადგილობრივები.
მაშინ როცა ბოლო ტენდერში გამარჯვებული შპს ნდს მშენებლობა გამცხადდა, ანუ კომპანია, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული, კითხვა ჩნდება, რატომ იცოდნენ ადგილობრივებმა, რომ ადგილზე ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის ტექნიკა მუშაობდა.
იმის გასარკვევად, ხომ არ იყო ზაზა მელიქიძის რომელიმე კომპანია ნდს მშენებლობის ქვეკონტრაქტორი, დავუკავშირდით თავად კომპანიას, სადაც დაგვიდასტურეს, რომ ქვეკონტრაქტორი ყავდათ. კითხვაზე, ვინ იყო ქვეკონტრაქტორი გვპასუხობს: „შეგიძლიათ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მიმართოთ… რა მნიშვნელოვა აქვს, შესრულებულ სამუშაოზე პასუხისმგებელი მე ვარ. ქვეკონტრაქტორი ვინ მყავდა, ეს საერთოდ არავინ აინტერესებს…“ – ამბობს დირექტორი მოადგილე მარინე ირემაშვილი. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ სვირში ისევ წყლის პრობლემაა და ზოგ უბანში მილებიდან წყალიც ჟონავს, ირემაშვილი ამბობს: „ჩვენი შესრულებული სამუშაოდან, ნახაზის მიხედვით, არცერთი მილიდან წყალი მოედინება კი არა, ჟონვაც კი არ არის დაფიქსირებული“…
სვირის სასმელი წყლის პრობლემისა და ქვეკონტრაქტრის შესახებ საჯარო ინფორმაციის გამოსათხოვად ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ, თუმცა წერილზე პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
სიტუაციაში გასარკვევად კი ახალციხის ყოფილ მერს, ზაზა მელიქიძეს დავუკავშირდით და ვკითხეთ, არაერთი ტენდერისა და შესრულებული სამუშაოების გამო, მისი მერობის პერიოდში, რატომ ვერ მოგვარდა სვირის სასმელი წყლის პრობლემა. რაზეც ასე გვიპასუხა:
„რატომ ვერ მოგვარდა, იცით რომ ვერ მოგვარდა? ვიღაცა არასწორ ინფორმაციას გაწვდით, შეიძლება ვიღაცას თავისი პრობლემა აქვს და ეს ტენდერის ფარგლებში არ არის. რაღაცას ნუ იძევთ რა არასწორ რაღაცას. რა გელაპარაკოთ ახლა, თქვენ რა სპეციალისტი ბრძანდებით რომ არკვევთ რაღაცებს? იცით საერთდ წყალი რა არის?“, – გვითხრა მელიქიძემ. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ნდს მშენებლობის ქვეკონტრაქტორი – გვიპასუხა: „მე ზაზა ვარ მელიქიძე და ქვეკონტრაქტრი ვერ ვიქნები! რას გეტყვით იცი? რაღაცებს ნუ იქექებით ტყუილად რა, თუ რამე გაინტერესებთ შემხვდით და იქ გაგცემთ პასუხს“, კითხვაზე სად შეგხვდეთ? – მელიქიძემ ტელეფონი გაგვითიშა.
ის, რომ ზაზა მელიქიძის კუთვნილი და ყოფილი კომპანიები ახალციხის მუნიციპალიტეტის ტენდერებს უპრობლემოდ და ხშირად უკონკურენტოდ იგებენ – არახალია.
იგი 2014–2017 წლებში ახალციხის გამგებელი, 2017–2021 წლებში – ახალციხის მერი, 2021–დან დღემდე კი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატია.
მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან მასთან დაკავშირებული კომპანიები ისევ ახალციხის მუნიციპალიტეტს ტენდერებს უკონკურენტოდ იგებდნენ და ამის გამო, 2019 წელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, მელიქიძესთან დაკავშირებული კომპანიების მიერ მოგებულ ტენდერებზე, გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით (332 მუხლის I ნაწილი) დაიწყო.
როგორც „სამხრეთის კარიბჭესთვის“ გახდა ცნობილი სოფელ სვირში სასმელი წყლის მოსაგვარებლად 2023 წლის შემოდგომით ზაზა მელიქიძის კომპანიის ტექნიკა ნამდვილად მუშაობდა. შესაბამისად, ყოფილმა მერმა, რომლის მერობის პერიოდშიც სვირში სასმელი წყლის გასაკეთებლად ტენდერი სამჯერ გამოცხადდა და სოფელს წყალი ისევ არ აქვს, ამჯერად თავად აიღო თავზე პრობლემის გადაჭრის საკითხი. სამუშაოები შესრულდა და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში სვირელებს ნამდვილად ჩამოუყვანა წყალი, თუმცა როგორც კი გამოზაფხულდა სასმელი წყლის პრობლემა ისევ დადგა.
მაშინ, როცა 2013–2018 წლებში სვირის წყალზე ნახევარი მილიონი დაიხარჯა და მაშინდელი მერი, ზაზა მელიქიძე „სამხრთის კარიბჭესთან“ ირწმუნება, რომ მისი მერობის პერიოდში სვირში ყველა სამუშაო ხარისხიანად შესრულდა, საწინააღმდეგოს ამბობს მოქმედი მერი, ირაკლი ლაზარაშვილი, რომლის მერობის პერიოდშიც ბოლო, 2023 წლის ტენდერი გამოცხადდა:
„სვირს სერიოზული პრობლემა ჰქონდა წყალმომარაგების, არ ჰქონდა რესურსი წყლის, გაკეთდა წყალი და აქვს პრაქტიკულად 24 საათიანი წყალი სვირს“, – განმარტა ლაზარაშვილმა. კითხვაზე, მაშინ რატომ მოდიოდა მაისის დასაწყისში სვირელების ონკანიდან მღვრიე წყალი, გვპასუხობს:
„ზოგადად სოფლის მომარაგებაში შეიძლება ხანდახან მოხდეს ხოლმე მსგავსი შემთხვევა, როცა სათავე იმღვრევა“, ხოლო კითხვამ ხარისხიანად შესრულდა თუ არა ბოლოს სამუშაოები გააღიზიანა და ტელეფონი გათიშა: „აუ, რაღაცა ერთსა და იმავე კითხვას მისვამ და დამღალე, რა!“.
მაშინ, როცა მილიონი დაიხარჯა; ადგილობრივი თვითმმართველობა ირწმუნება, რომ ყველა სამუშაო ხარისხიანად შესრულდა; მშენებელ კომპანიაში ამბობენ, რომ მათ მიერ გაკეთებულს პრობლემა არ აქვს, ხოლო მოსახლეობა ჩივის, რომ სასმელ წყალს ხელით ეზიდება სოფლის საერთო წყაროდან, ისმის კითხვა – მაშინ რატომ არ არის წყალი?
აწყური – შვიდი პროექტი და უშედეგოდ დახარჯული მილიონ ნახევარი
აწყური, ახალციხის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი სოფელია, სადაც სასმელი წყლის პრობლემა წლებია დგას. ბოლო ათ წელიწადში აქ მილიონ–ნახევარი ლარის ღირებულების შვიდი პროექტი განხორციელდა, თუმცა შვიდივე უშედეგოდ. თანხა ბიუჯეტიდან დაიხარჯა, წყალი – არ არის.
არადა, ქართველი ისტორიკოსებისა და ენათმეცნიერების აზრით, ამ სიტყვის ეტიმოლოგის მიხედვით, „აწყური ნიშნავს წყლიან ადგილს ან წყლის ადგილს“.
2014 წლის მონაცემებით, აწყურში 1 539 ადამიანი ცხოვრობს, სოფელში მოსახლეობა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებზეა განსახლებული. შესაბამისად, აქაურები, პირობითად, ასე მოიხსენიებენ: გაღმა აწყური და გამოღმა აწყური. დასახლების ორივე მხარეს სასმელი წყლის პრობლემა აქვს, ამასთან, გაღმა და გამოღმა ნაწილი წყლის სხვადასხვა სათავით მარაგდება: გამოღმა აწყურში მცხოვრებლებმა სასმელი წყალი „ველის წყაროებიდან“ უნდა მიიღონ, ხოლო გაღმა აწყურში – „ხულევის წყლიდან“, რომელიც მეზობელი სოფლის, თისელის მთებში მდებარეობს.
სოფლის ორივე მხარეს წყალს დღის განმავლობაში მხოლოდ განსაზღვრული საათებით იღებენ, თუმცა ამბობენ, რომ რაც მოდის, ისიც დაბინძურებულია და ხშირად ნარჩენები მოჰყვება.
„სასმელი წყალი კი არაა, ეგ საერთოდ არ დაილევა. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. აქაური, აწყურის მთავარი აგრონომი, ლიანა მარტინენკო ამბობდა ხოლმე – ეს წყალი არ დაილევა საერთოდო, საქონლისთვის არის ჩამოყვანილი [ნიკიფორე] სარჯველაძის დროსო. მაგრამ მერე ამათმა თქვეს ფილტრი უნდა ჩავდოთო, ჩადგეს თუ რა ქნეს არ ვიცი. თუ სათავე აიმღვრევა ბინძური მოდის. შარშან ჩაყარეს წვრილი „შლანგები“ და ეგეც ზემოდან ყრია. 33 წელია აქ ვცხოვრობ და წლებია ასეა ეს პრობლემა“, – ამბობს ირინა ლაბაძე.
აწყურში მცხოვრები ვეფხვია მარტინენკოს თქმით, სასმელი წყალზე დასახლებაში სამუშაოები თითქმის ყოველ წელს იწყება იმ პირობით, რომ წყალი იქნება, მაგრამ საბოლოოდ არ კეთდება.
„ყოველ წელიწადს წყალი და წყალი, სულ ამას აკეთებენ და აღარ დაადგა საშველი. აკეთებენ და არ მოდის ნორმალურად. ახლა კიდევ ახალი სისტემა გამოვიყვანეთო, მაგრამ ჯერ არაფერი ეტყობა გამოყვანისა. შარშან გააკეთეს და როდის იქნება არ ვიცი. ძველი სისტემაა და იჟონება წყალი, დილით სულ წყლები მოდის გზაზე. რა ხდება არ ვიცი“.
რატომ ვერ მოგვარდა წლების განმავლობაში სასმელი წყლის პრობლემა, ამ კითხვაზე ადგილობრივების უმრავლესობას ერთი პასუხი აქვს, რომ ყველა სამუშაო, რომელიც სასამელი წყლისთვის სოფელში განხორციელდა – უხარისხოდ შესრულდა.
„აგერ, ღელეში მოდის სასმელი წყალი. უკვე ორი წელიწადია ამაზე ვჩხუბობ. გააკეთეს და მიდის ღელეში და არა ჩვენს ონკანში. ფული აიღეს გაიარეს და წავიდნენ“, – ამბობენ აწყურში.
გაღმა და გამოღმა აწყურისთვის წყლის პრობლემაზე ტენდერები ზოგჯერ ცალკ–ცალკე, ზოგჯერ კი ერთად ცხადდებოდა. მდგომარეობაში უკეთ გასაცნობად, „სამხრეთის კარიბჭე“ ასეთი პროექტების დაჯგუფებას შეეცადა.
გაღმა აწყური
აწყურის „გაღმა უბანი“ მთლიანობაში მოიცავს 200 კომლს. წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის, მთლიანობაში ოთხი პროექტი შესრულდა: 2013, 2016, 2017და 2018 წლებში.
2013 წელს ტენდერი 63 000 ლარზე გამოაცხდა. პროექტის განხორციელების შემდეგ სასმელი წყლით უნდა მომარაგებულიყო არა მხოლოდ გაღმა უბანი, არამედ სოფელი თისელიც.
პროექტის ფარგლებში, უნდა მოეწყოთ ახალი სათავე–ნაგებობა, წყალი პოლიეთილენის მილებით მიეყვანათ უკვე არსებულ რეზერვუარამდე, რითაც გაიზრდებოდა საერთო დებეტი, შემდეგ კი, აწყურის სარწყავი არხის გავლით, სასმელი წყალი უნდა დაეერთებინათ აწყურის რეზერვუარში შემავალ თუჯის მილზე.
სამუშაოები 50 000 ლარის ფარგლებში შეასრულა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „მშენებელი–2004“. ამ კომპანიის დირექტორი, გელვასი გელაძე თვითმმართველობასთან დაახლოებული პირი იყო. 2014 წლიდან ქალაქ ახალციხის მერიაში ჯერ ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი მერის მრჩეველი გახდა ინფრასტრუქტურულ საკითხებში და უკონკურენტოდ იგებდა ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს.
კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები მუნიციპალიტეტმა უპრობლემოდ ჩაიბარა და მიღება–ჩაბარების აქტსაც ხელი მოაწერეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამავე დასახლების წყალმომარაგებისთვის ორ წელში კიდევ გახდა საჭირო ტენდერის გამოცხადება, რადგანაც მილსადენი დაზიანდა.
ამიტომ 2015 წელს თვითმმართველობამ მის შესაკეთებლად, ასევე აწყურის მეორე ნაწილში (გამოღმა აწყურში) სასმელი წყლის უზრუნველსაყოფად კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა. ამჯერად, სატენდერო თანხა 300 000 ლარზე მეტს შეადგენდა.
საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში მუნიციპალიტეტმა ცალკე თანხა გადაიხადა. პროექტის მიხედვით, აწყურის სასმელი წყლით მომარაგება უნდა მომხდარიყო ორი მიმართულებით:
ტენდერში მონაწილეობა შვიდმა პრეტენდენტამ მიიღო. მათგან ხელშეკრულება შპს „გონიოსთან“ 2016 წლის 1 აპრილს გაფორმდა. ამავე წლის 5 მაისს ახალციხის მერიამ დაწერა: „პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული ამორტიზებული მილსადენის ნაცვლად ახალი პლასმასის მილსადენის, მცირე საინჟინრო ნაგებობების, ჰაერგამშვები ვანტუზებისა და გამრეცხი ჭების მოწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ აწყურის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება“.
შესრულებული სამუშაოები, მერიამ ინსპექტირების სამუშაო ჯგუფის მიერ შემოწმების შემდეგ ჩაიბარა. ამ სამუშაო ჯგუფში შედიოდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის სამი თანამშრომელი და სოფელ აწყურში გამგებლის წარმომადგენელი. მათ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც სამუშაოები ხარისხიანად და დროულად შესრულდა.
არადა, სულ რაღაც ერთ წელიწადში, 2017 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტმა, გაღმა აწყურში, (ციხის უბნის) სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის 335 000 ლარის ღირებულების კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა. ამისთვის უნდა მოეწყოთ: მაგისტრალი ცენტრალურ გამანაწილებლამდე; სოფლის შიდა ქსელი; უნდა განთავსებულიყო 7 საუბნო გამანაწილებლი რკინა–ბეტონის ჭებში; და აშენებულიყო შენობა მთავარი გამანაწილებლისთვის.
ტენდერში გაიმარჯვა ინდ. მეწარმე ცოლაკ ვარტიკიანმა. მუნიციპალიტეტმა შესრულებული სამუშაოები ათ ნაწილად ჩაიბარა. მიღება–ჩაბარების ათივე აქტში ნათქვამია, რომ „ობიექტის დასრულების შემდეგ, ზედამხედველობის მხრიდან ხარვეზი არ დაფიქსირებულა“.
ერთი შეხედვით უხარვეზო და ხარისხიანად შესრულებული სამი პროექტის შემდეგ, გაღმა აწყურისთვის 2018 წელს კიდევ გახდა საჭირო სასმელ წყალზე პროექტის გამოცხადება.
აწყურის სასმელი წყლის სათავე ნაგებობებისა და მაგისტრალური მილსადენის (ე.წ. ხულევას ხევში) სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი 120 800 ლარზე გამოცხადდა.
სატენდერო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „ხულევას ხევში“, სადაც 2013, 2016 წლებში სამუშაოები შესრულდა და 350 000 ლარი დაიხარჯა, „სათავე-საკაპტაჟე ნაგებობები დაზიანებულია ან სრულიად დანგრეულია; არ არსებობს პატარ-პატარა წყაროების შემკრები მილსადენი და შემკრები ჭები; მილსადენში შედის ღელის ზედაპირული წყალი, რომლიც ვერავითარ სანიტარულ პირობებს ვერ აკმაყოფილებს; შიდა ქსელი ამორტიზებულია, ადგილი აქვს სასმელი წყლის დიდ დანაკარგებს და საჭიროა მისი რეაბილიტაცია“.
ახალ ტენდერში შპს „მშენ-ბენმა“ გაიმარჯვა. ტენდერით მას ევალებოდა „ხულევას ხევიდან“ ახალი მილსადენის მოწყობა და მისი ჩართვა არსებულ მილსადენში, ასევე „გაღმა აწყურის“ ამორტიზებული შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება, რის გამოც სასმელი წყლის დიდი დანაკარგი იყო.
„მშენ–ბენს“ მუნიციპალიტეტმა სამუშაოების დასრულების თარიღი ორი თვით გადაუვადა. საბოლოოდ კი, 2019 წლის 15 თებერვალს მიღება–ჩაბარების აქტით დაადასტურა, რომ კომპანიამ სამუშაოები ხარისხიანად შეასრულა. ამავე მიღება–ჩაბარების აქტს, მერის მრჩევლის რანგში, ხელს აწერს გელვასი გელაძე, კომპანია „მშენებელი 2004“–ის დირექტორი, ანუ იმ კომპანიის, რომელმაც 2013 წელს აწყურის ამ ადგილზე სამუშაოები თავად შეასრულა.
ბოლო პროექტის განხორციელებიდან ხუთი წელი გავიდა, თუმცა გაღმა აწყურის მოსახლეობას დღემდე სასმელი წყლის პრობლემა აქვს. იგივე მდგომარეობაა გამოღმა აწყურში.
გამოღმა აწყური
გაღმა აწყურის მსგავსად, გამოღმა აწყურის წყალმომარაგებისთვისაც საერთო ჯამში ოთხი ტენდერი გამოცხადდა – 2015, 2016 (2), 2018 წლებში. პირველი – 2015 წელს, რომლის თანხაც 300 000 ლარზე მეტს შეადგენდა. მის ფარგლებში „ველის წყაროების“ მიმართულებით, ამორტიზებული მილსადენის რეაბილიტაცია უნდა მომხდარიყო. რკინის ამორტიზებული მილების 1 890 მეტრიანი მონაკვეთი შეცვლილიყო პლასტმასის მილებით.
სამუშაოები შპს „გონიომ“ შეასრულა, მუნიციპალიტეტი კი ადგილობრივებს სამუშაოები დასრულების შემედეგ 24– სათიანი სასმელ წყალს ჰპირდებოდა. ასეთი უწყვეტი წყალმომარაგება კი გამოღმა აწყურს არც პროექტის შესრულების შემდეგ და არც ახლა, ანუ პროექტიდან 8 წლის შემდეგ – არ აქვს.
მაშინ, როცა გამოღმა უბანში მაგისტრალის მოსაწყობად სამუშაოები მიმდინარეობდა, ახალციხის მუნიციპალიტეტმა ამავე მხარეს „ველის წყლის“ სათავე–ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მეორე ტენდერი გამოაცხადა და 13 500 ლარი გამოყო.
„სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მიმდინარეობს სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია და არსებულ სიტუაციაში წყალმიმღები ვერ უზრუნველყოფს წყლის საჭირო რაოდენობით მიწოდებას. ამ მიზნით უნდა მოეწყოს დამატებითი წყალმიმღები, რომელიც განთავსდება არსებული კაშხლის ზედა ნაწილში და მისი საშუალებით მოხდება მიღებული წყლის რაოდენობის გაზრდა“, – წერია დოკუმენტაციაში.
ეს ტენდერი უკონკურენტოდ ისევ თამაზ თედორაძის კომპანია „გონიომ“ მოიგო და ერთ სოფელში ორ პროექტს ერთდროულად ახორციელებდა.
ამავდროულად, თედორაძე მაშინდელ ახალციხის მერთან, ზაზა მელიქიძესთან დაახლოებული პიროვნებაა. მელიქიძის ყოფილი კომპანია, „მესხეთი XXI”, რომლის 50% წილის მფლობელი ახალა უკვე მისი ვაჟიშვილი ლევან მელიქიძეა, თამაზ თედორაძის კომპანია „გონიოს“ პარტნიორია. უფრო მეტიც, მელიქიძის კომპანია „მესხეთი XXI-მ, თამაზ თედორაძის კომპანია „გონიომ“ და „შპს არალმა“ 2007 წელს დაარეგისტრირეს შპს გამ ჯგუფი, რომელიც 33%–33%–იან წილებსაც თავად ფლობენ.
საბოლოოდ, გამოდის, რომ მელიქიძემ აწყურში ორი ტენდერით ხელშეკრულება ფაქტობრივად პარტნიორს გაუფორმა. სატენდერო დოკუმენტაციაში ინტერესთა კონფლიქტის შესახებ მითითებული არაა. „გონიოს“ მიერ მოგებულ ორივე ტენდერზე ხელშეკრულებას ხელს ზაზა მელიქიძე აწერს.
„გონიოს“ მიერ შესრულებული სამუშაოები მუნიციპალიტეტმა კვლავ უპრობლემოდ ჩაიბარა, როგორც ხარისხიანად და დროულად შესრულებული საქმე. არადა პროექტის დასრულებიდან ერთ წელში ადგილობრივები ისევ წყლის პრობლემაზე ჩიოდნენ.
ამ საკითხზე კი აქტიურად წერდა „სამხრეთის კარიბჭე“. ადგილობრივები ჩიოდნენ, რომ სასმელ წყალს ბალახებთან და ტოტებთან ერთად, ქვეწარმავლებიც მოჰყვებოდა. საქმე კი ის იყო, რომ ავზს, საიდანაც მოსახლეობა წყალს იღებდა, თავსახური არ ჰქონდა. თავღია ავზში ნარჩენები იყრებოდა, რის გამოც ხშირად მილები იჭედებოდა და მოსახლეობას წყალი არ მიეწოდებოდა. „წყალს მოყვება სილა, ჭიანჭველები, ბაყაყი, გველი და რაც კი შეიძლება რომ მილში გამოეტიოს. სოფლის 90%–ს კი ეს წყალიც არ აქვს. ჩვენთან გრაფიკით მოდის და ისიც ისეთი ცოტა, რომ ჭურჭლის გავსებას ვერ მოასწრებ“, – ჰყვებოდა აწყურის მკვიდრი მარინა მუმლაძე.
იმ პერიოდში, აწყურში მერის წარმომადგენელმა რომან გორგაძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“ თქვა: „ბასეინების ხუფები მოიპარეს და წყალი იმიტომ ბინძურდება. ფილტრებიც ძველია, კომუნისტების დროინდელი და ახლა უნდა აღვადგინოთ, რომ სუფთა წყალი მიიღოს ხალხმა. ეს სათავე ნაგებობაც 1972 წელსაა აშენებული და იმის მერე რემონტი არ ჩატარებიაო“. არადა, ორი წლით ადრე ახალციხის მერიამ ტენდერი სათავე–ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც გამოაცხადა და პარალელურად მიმდინარეობდა ქსელის მოწყობის სამუშაოებიც (2016 წელი).
სასმელ წყალზე კიდევ ერთი ტენდერი 2021 წელს გამოცხადდა. პროექტი მოიცავდა საფილტრი ნაგებობის გაწმენდა–გასუფთავებას; შენობის მოწყობას მარეგულირებელი მართვის კვანძისთვის; საქლორატო შენობის რეაბილიტაციას; წყლის რეზევრუარების ტერიტორიის შემოღობვას; სათავე–ნაგებობის მიმდებარედ, სალექარის მოწყობას.
221 000 ლარიანი ტენდერში შპს „სამცხე XXI–მა“ უკონკურენტოდ გაიმარჯვა. ეს არის კომპანია, რომელმაც სამჯერ შეასრულა სოფელ სვირში სასმელი წყლის რეაბილიტაიის სამუშაოები და დასახლებას წყალი ისევ არ აქვს. გარდა ამისა, მისი დირეტორი, გურამ ფარცახაშვილი კორუფციისთვის ნასამართლევია და 2014 წელს, სისხლის სამართლის კოდექსით ბრალი ედებოდა 33 400 ლარის მითვისება–გაფლანგვაში. მიუხედავად ამისა, ფარცახაშვილის შპს „სამცხე – XXI“-მა, 2014–2021 წლებში 18 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო, ჯამში, 1 849 410 ლარზე. ამის გამო იგი ასევე მოხვდა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კველვაში.
კომპანიამ სამუშაოები სამთვიანი ვადაგადაცილებით, 2023 წელს თებერვალში დაასრულა და 200 000 ლარიც ჩაერიცხა. დასახლება კი ისევ სასმელი წყლის გარეშე დარჩა.
თუმცა პროექტების შეძენა და სასმელი წყლისთვის თანხის გამოყოფა ამით არ დასრულებულა. 2022 წლის მაისში, მაშინ როცა სატენდერო ვადების მიხედვით წინა ტენდერი დასრულებული ჯერ კიდევ არ იყო, პარალელურად იმავე პრობლემაზე ახალი პროექტი დაიდო – 400 000 ლარად შეფასებული. პროექტი ითვალისიწნებდა: კვლავ ლითონის დაზიანებული მილის შეცვლას; ახალი, მთავარი გამანაწილებლის მოწყობას თავისი შენობით; საუბნო გამანაწილებლის მაგისტრალის მოწყობას პლასტმასის მილებით…
ხელშეკრულება შპს „ლაზარე 2008“–სთან გაფორმდა. რომელსაც შესრულებული სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტისგან თანხის 94% ანუ 390 000 ლარზე მეტი უკვე ჩაერიცხა. წესით სამუშაოები 2022 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, მომდევნო ორი წლის გარანტიით. თუმცა სამუშაოები არც განსაზღვრულ ვადაში დასრულებულა და არც საგარანტიო ვადაში.
გამოცვლილი მილებიდან წყალი ჟონავს და დილაობით სოფელში გზის სავალ ნაწილებზე ნიაღვრები მოდის. გამოღმა აწყურის მცხოვრებელს წყალი ისევ განრიგით მიეწოდებათ და როგორც ჩანს, არც ფილტრები მუშაობს, რადგან ონკანებში დაბინძურებული წყალი მოდის. თუმცა დასხლების შემაღლებულ ადგილზე, ნამდვილად დგას ცისფრად შეღებილი შენობა, მისი დარაჯი ამბობს, რომ ამ შენობაში „ველის წყაროების“ შემკრები ავზია განთავსებული, სადაც წყალი იფილტრება და გამოღმა აწყურს ისე მიეწოდება.
საბოლოოდ, 10 წელიწადში შვიდი ტენდერი და მილიონ–ნახევარ ლარზე მეტი დაიხარჯა მხოლოდ სასმელი წყლისთვის, წყალი – არ არის, მუნიციპალიტეტი კი შესრულებულ სამუშაოებს „უხარვეზოს“ უწოდებს და უპრობლემოდ იბარებს.
ვალე – გახარჯული 7 მილიონი და დაუსრულებელი პროექტი
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად დაახლოებით 7 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამ თანხით უკვე ორი პროექტი უნდა იყოს განხორციელებული, რომელსაც ვალეში ათეული წლის განმავლობაში არსებული უწყლობის საკითხი უნდა მოეგვარებინა.
უფრო მეტიც, მთავრობის დაპირება იყო, რომ დასახლებას 24– საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება ექნებოდა. მიუხედვად იმისა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა ერთ კომპანიამ 5 მილიონ ლარზე მეტი აიღო, ხოლო მეორეს ჯერ 1,5 მილიონი ლარი აქვს ჩარიცხული და 4 მილიონს კიდევ ელოდება, ვალეში სასმელი წყალი ისევ არ არის.
რაში დახარჯეს კომპანიებმა მილიონები, რატომ ვერ შესეულდა სამუშაოები დათქმულ ვადებში და რატომ დარჩათ ვალელებს ისევ ძველი პრობლემა, ამის გასარკვევად „სამხრეთის კარიბჭე“ მოვლენებს ქრონოლოგიურად გაჰყვა.
„ათეული წლების შემდეგ, ქალაქ ვალეში წყალმომარაგების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება. წყალმომარაგების პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა შეზღუდული გრაფიკიდან 24-საათიან წყალმომარაგებაზე გადავა“, – ეს ინფორმაცია „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ვებ–გვერდზე ჯერ კიდევ 2019 წლის 29 ივლისს განთავსდა. აქვე იყო ნათქვამი, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, რომლის ვადადაც 2020 წლის ზაფხული სახელდებოდა, ვალის მოსახლეობა უწყეტ წყალმომარაგებაზე გადავიდოდა.
ამ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ზუსტად 5 წელია გასული, თუმცა ვალეში არც სასმელი წყლის პრობლემა მოგვარებულა და მოსახლეობას არც უწყვეტი წყალმომარაგება მიუღია.
ვრცლად ტენდერზე
ქალაქ ვალეში 24– საათიანი წყალმომარაგების დაპირებით, 2019 წლის 12 ივნისს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და კონტრაქტორი კომპანიის შპს „ალგეთის“ დირექტორმა, შალვა შალვაშვილმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.
წყალმომარაგების კომპანიის ვებ–გვერდზე ამის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ეწერა:
„ვალეს წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, ქალაქს წყალი დღის განმავლობაში მხოლოდ ექვსი საათით მიეწოდება, დიდია წყლის დანაკარგიც.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის არსებულ ცენტრალურ სათავე ნაგებობას, აშენდება ორი რეზერვუარი, მოეწყობა რვა ჭაბურღილი და მაგისტრალური მილსადენი.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 988 585 ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2020 წლის გაზაფხულზე არის დაგეგმილი, რის შემდეგაც 3 700-მდე ადგილობრივს უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება“.
მიუხედვაად იმისა, რომ სამშენებლო კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონზე მეტი აიღო, მის მიერ შერულებული სამუშაოების შემდეგ ვალეში სასმელი წყლის პრობლემა გაუმჯობესების ნაცვლად, გაუარესდა. სისტემა კვლავ ამორტიზებულია, ქალაქის მცხოვრებლებს კი წყალი დღის განმავლობაში მხოლოდ 1 ან მაქსიმუმ 2 საათით მიეწოდებათ.
„ერთსაათიანი გრაფიკით გვაქვს წყალი, მაგრამ ისიც არ მოდის. ზოგჯერ ისე ცოტაა, რომ არც დასაბანი წყალი გვაქვს, არც ჭურჭლისა და სარეცხისთვის. ბოსტნის მორწყვაზე აღარ ვლაპარაკობ. კარგი თუ არ მექნება ეგ მაგრამ დასაბანი ხომ გვინდა, ჰიგიენისთვის?!“ – ამბობს ვალეში, 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრები იზოლდა გიქოშვილი.
უწყვეტი წყლის დაპირებაზე და წლობით არსებულ პრობლემაზე საუბრობს ვალეში მცხოვრები მაყვალა დარბაიძეც:
„წყლის 20 ლიტრიანი „ბალონების“ ზიდვით დამეღუპა ქმარი, ავად იყო და გულმა ვეღარ გაუძლო დატვირთვას, აივანზე გარდაიცვალა. წარმოიდგინეთ, რამდენი წყალი უნდა მოეზიდა შორიდან, რომ შვიდ სულს ყოფნოდა?! დასაბანი წყალი არ გვაქვს და ბავშვებს ხან ნათესავთან ვაგზავნი, ხან სხვაგან რომ იბანაონ… მწვანილს აღარ ვთესავ, ორი ჭიქა წყალი არ მაქვს რომ მივასხა. დათხარეს მიწა, ყველაფერი გააფუჭეს და ჩაყარეს შლანგები, გააკეთეს ვითომ მრიცხველები. მიხაროდა, წყალი იქნება, „შლანგით“ ეზოში შემოვიყვან – მეთქი და შენც არ მომიკვდე, ერთი წვეთი წყალი არ მოსულა. მგონია ის შლანგები, სულ დაიწვა, ხალხი ზემოდან დადის…“.
ვალეში წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოების უნდა შესრულებულიყო 2040 წლის პერსპექტივით, ანუ ის, რაც გაკეთდებოდა, უნდა ყოფილიყო მყარი მინიმუმ 2040 წლამდე. ტენდერში ყველაზე ნაკლები ფასი 4 988 585 ლარი შპს „ალგეთმა“ დააფიქსირა. ამ კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, შალვა შალვაშვილი ქალაქ რუსთავის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრია. მისი ყოფილი პარტნიორი, თეიმურაზ მაღალდაძე, რომელთანაც შალვაშვილი „ალგეთის“ 50% იყოფდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურის უფოროსი იყო. კორუფციული სქემის გამო კი, იგი სამინისტროდან გაათავისუფლეს.
შპს „ალგეთთან“ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ ხელშეკრულება 2019 წლის 12 ივნისს გააფორმა, იგი ძალაში იყო წელიწად–ნახევრის განმავლობაში, თუმცა საბოლოოდ, მიღება–ჩაბარება ორ–წელიწად–ნახევრის შემდეგ, 2021 წლის 7 ოქტომბერს გაფორმდა. ანუ კომპანიამ სამუშაოები ვადაგადაცილებით შეასრულა, თანაც გაიზარდა ხელშეკრულების თანხა და 207 000 ლარით მეტი აიღო.
დოკუმენტში წერია, რომ შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ შპს „ჯეოექსპერტის“ინსპექტირების ორგანოს მიერ, 2012 წლის 16 ივნისის ექსპერტის დასკვნის საფუძველზე, იბარებს დამთავრებულ სამუშაოებს და თვლის, რომ დასრულებული სამუშაოები პასუხობს ყველა სამშენებლო ნორმებს. ამასთან, შპს „ალგეთი“ ვალდებულია, ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირებული დეფექტები აღმოფხვრას.
ვადაგადაცილებულ და ბოლომდე დაუსრულებელ სამუშაოებში შპს „ალგეთმა“ 5 მილიონ ლარზე მეტი აიღო. მიუხედავად ამისა, დასახლების არცერთ უბანსა და არცერთ მოსახლეს „უწყვეტი სასმელი წყალი“ არც უნახავს და არც უსარგებლია.
2022 წლის იანვარში, მაშინ, როცა „სამხრეთის კარიბჭე“ ვალის წყალმომარაგების ამბით დაინტერესდა, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ახალციხის სერვის–ცენტრის უფროსმა, გიორგი გოგოლაურმა თქვა, რომ „პროექტი ვალესა და მეორე შახტაში წითელ ხაზებამდე მიიყვანეს და შეაჩერეს“, თუმცა რა გახდა პროექტის შეჩერების მიზეზი და როდის ჩაირთვებოდა სისტემა გოგოლაურს არ დაუზუსტებია.
იმავე წელს კი, სამცხე–ჯავახეთის დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ ქალაქ ვალეში წყლის სისტემის მოგვარების საკითხი გაჭიანურდა და ეს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „ალგეთის“ ბრალი იყო.
„ვალეში პროექტის გაჭიანურება ისევ და ისევ კომპანიის ბრალია, რაც არაკეთილსინდისიერი მუშაობიდან გამომდინარეა. მესმის, რომ ჯარიმებზე გადიან, მაგრამ მოსახლეობისთვის ეს ძალიან რთულად ასახსნელია, თუ რატომ იწელება ასე პროექტები, რატომ აქამდე ვერ მიიღო სასმელი წყალი ის რა დაპირებაც იყო“. თუ პროექტი „გაჭიანურდა“, გაურკევევლი მიზეზით „შეჩერდა“ და კომპანიამ „არაკეთილსინდისიერად“ იმუშვა, მაშინ ისმის კითხვა, რატომ არ აისახა ეს ყველაფერი მიღება–ჩაბარების აქტში და რატომ ჩაიბარა წყალმომარაგების კომპანიამ უპრობლემოდ ასეთი სამუშაოები?
ამ კითხვებით „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ წერილობით მივმართეთ, 2014 წლის 17 აპრილს. ყველა ვადა, რომელის განმავლბაშიც რედაქციას რგანიზაციიდან საჯარო ინფორმაცია უნდა მიეღო – ამოიწურა, თუმცა პასუხი დღემდე არ არის.
უფრო მეტიც, ამის შემდეგ, შპს „ალგეთმა“, 2020 წელს, 11 მილიონიანი ტენდერი აიღო ახალციხისა და მიმდენარე სოფლებში (მინაძე, ჭაჭარაქი, ივლიტა) 24 საათიანი წყალმომარაგების სამუშაოებზე,
ხოლო მანამდე 3 მილიონიანი ტენდერი დაბა ადიგენის წყალმომარაგებაზე.
საბოლოოდ, მხოლოდ სამცხედან „ალგეთმა“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტენდერებით ყველაზე მცირე 21 მილიონი ლარი აიღო.
მეორე ტენდერი – მეორე ფაზა?
სამუშაოები, რომელშიც 5 მილიონი დაიხარჯა და წესით, ვალეში უწყვეტი წყალმომარაგებისა გარანტი უნდა ყოფილიყო, საკმარისი არ აღმოჩნდა.
2022 წლის პირველ აპრილს, ქალაქ ვალის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის კიდევ ერთი ტენდერი გამოცხადდა – ამჯერად, 4 მილიონ 400 000 ლარზე.
სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნული იყო, რომ: ქალაქ ვალეს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ფაზა განხორციელდა 2019-2021 წლებში. „აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა სათავე–ნაგებობის ტერიტორიაზე სასმელ-სამეურნეო ჭაბურღილების მოწყობა, ახალი საწნეო-სარეგულაციო რეზერვუარების მოწყობა, გამანაწილებელი ქსელის მოწყობა და მოსახლეობის გამრიცხველიანება. მშენებლობის დროს ასევე მოეწყო სათავე ნაგებობის ნაპირდამცავი ნაგებობა გაბიონით. პროექტის ფარგლებში მოეწყო 1295 ერთეული აღრიცხვის კვანძი, მრიცხველებით, რომელიც თავსებადია AMR გადამცემებთან. ქალაქში არის 40 გაუმრიცხველიანებელი კორპუსი“.
მეორე ტენდერში უფრო ნაკლები ფასი 4 059 200 ლარი შპს „დარია+“–მა დააფიქსირა და ხელშკრლებაც ამ კომპანიასთან გაფორმდა.
„5 წლის წინ, როცა მრიცხველები დააყენეს და მილები ჩაყარეს, გვითხრეს 24 საათიანი წყალმომარაგება გექნებათო. მერე მეორე კომპანია მოვიდა და თქვა არ არის სწორად გაკეთებული, ახლის გაკეთებაა საჭიროო და კიდევ ხელმეორედ დათხარეს. არც მაშინ იყო წყალი, არც ახლაა და მერეც იქნება თუ არა – საკითხავია“, – ამბობს ვალეში მცხოვრები იზოლდა გიქოშვილი.
ახალ კომპანიას მთელი რიგი გაწერილი სამუშაოები უნდა შეესრულებინა ადგილზე და ხელშეკრულების მიხედვით, 2023 წლის დეკემბრის ბოლოს მოსახლეობას 24 საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგება უნდა ჰქონოდა. ამაზე „სამხრეთის კარიბჭესთან“, ზუსტად ერთი წლის წინ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დორექტორმა ალექსანდრე თევდორაძემ ასეთი განმარტება გააკეთა: „მეორე ფაზით აბსოლუტურად ყველა ინფრასტრუქტურა მოეწყობა რაც კი არის საჭირო 24–საათიანი წყალმომარაგებისთვის. წლის ბოლოს [2023 წლის ბოლო] ვგეგმავთ ყველა სამუშაოს დასრულებას და წლის ბოლოდან უკვე ნამდვილად ისარგებლებს ვალეს მოსახლეობა 24–საათიანი წყალმომარაგებით“.
ამ დაპირების მიხედვით, წესით, ვალეს უკვე ხუთი თვეა 24 საათიანი წყალმომარაგება უნდა ჰქონდეს, თუმცა სამუშაოები ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. ამას გარდა, როგორც ჩანს, ზოგიერთ უბანში სასმელი წყალის მილები, რომლებიც წესით უკვე გამოცვლილი უნდა იყოს, ისევ ძველია, ადგილ–ადგილ დახეთქილია და ამის გამო სასმელ წყალს კანალიზაცია ერევა.
„ამ კანალიზაციასთან ერთად გადის სასმელი წყალიც, რომლის მილებიც დამსკდარია და დახეთქილი ადგილებიდან სასმელ წყალში კანალიზაცია ჟონავს. 3 წელია ასე ამოდის. იქ გათხარეს დააგდეს, აქ გათხარეს დააგდეს – შიგ ბეტონის „ტრუბაა“ და იმდენად ძველია, რომ ტრაქტორი რომ თხრის ინგრევა. ასეც თქვეს, მთაში რომ „ბასეინმა“ გააკეთეს იმანაც გაჟონაო. შეუშვეს წყალი და რაღაცა მოუვიდა. „მეცამეტეში“ პირველი კორპუსი რომ არის, გზაზევე ამოდიოდა წყალი მიწიდან“, – ამბობენ ძველი საავადმყოფოს მიმდებარედ მცხოვრებლები.
ხუთის წლის წინ დაწყებული სამუშაოების, დახარჯული მინიმუმ 7 მილიონისა და არაერთი დაპირების მიუხედავად, ვალის მოსახლეობას სასმელი წყალი ისევ შეზღუდვით მიეწოდება.
წერეთლის, გაგარინის, მეგობრობის, სადგურის, მაჭარაშვილის, 9 აპრილის, ვაჟა – ფშაველას, სტალინის, მეშახტის, გამსახურდიას, თამარ მეფის, რუსთაველის, აღმაშენებლის, მანველიშვილის, გვარამაძის, კაკაჩიშვილის, გოგებაშვილის, ჭავჭავაძის, ფარნავაზ მეფის ქუჩებზე მცხოვრებლების ნაწილი სასმელ წყალს დღეში 45 წუთი იღებს, ნაწილი კი 1 საათით. თუმცა მეორე საკითხია – წყალი, რომელსაც ახლა ვალელები „გრაფიკით“ მოიხმარენ, რამდენად სუფთაა და შეიძლება თუ არა მისი დალევა.
რას ამბობს სახელმწიფო აუდიტი
ახალციხის მუნიცპალიტეტის სოფლებში არსებული სასმელი წყლის პრობლემა და ამ საკითხზე გამოცხადებული შესყიდვები არაერთხელ მოხვდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში. პერიოდულად გამოქვეყნებული დოკუმენტებში წერია, რომ სასმელი წყლის ხარისხს მუნიციპალიტეტი უნდა აკონტროლებდეს, თუმცა მუნიციპალიტეტის 42 სოფელი სასმელად ლაბორატორიულად შეუმოწმებელ წყალს მოიხმარს.
„მუნიციპალიტეტში არ ტარდება წყლის სისტემატური ლაბორატორიული შემოწმება სასმელად ვარგისიანობის შესახებ, მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს წყალმომარაგების შესაბამისი ლიცენზიის მქონე სუბიექტი, მოსახლეობის ნაწილს წყალი მიეწოდება შეფერხებით, არ მოწმდება სასმელი წყლის ხარისხი. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საქმიანობა მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდებისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად არასაკმარისია“.
ვალის, სვირისა და აწყურის გარდა, ახალციხის მუნიციპალიტეტში კიდევ არაერთი სოფელია, სადაც წლიდან წლამდე ათასობით ლარი იხარჯება, შედეგი კი არ ჩანს. ადგილობრივების ნაწილს პერიოდულად სასმელი წყალი ისევ არ აქვს, ნაწილი კი კვლავ განსაზღვრული დროით იღებს. სოფლად მცხოვრებლები ამბობენ, რომ წყალი, როგორც სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობა – სჭირდებათ, ამიტომ ფინანსები, რომელიც სახელმწიფო ტრანფერით ან რაიმე ფონდით ერგებათ, სხვა საჭიროებას ვერ ხმარდება და წლიდან წლამდე მოუგვარებელ პრობლემაზე იხარჯება.
არადა, 2014 წლის 15 იანვარს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული №58 დადგენილების მიხედვით – „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ , სასმელი წყალი უნდა იყოს უსაფრთხო, უვნებელი და აკმაყოფილებდეს ქვეყანაში მოქმედ სტანდარტებს.
სასმელი წყლის მიმწოდებელი ორგანიზაცია (ამ შემთხვევაში ახალციხის მუნიციპალიტეტი და „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“) ვალდებულია აწარმოოს წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მაჩვენებლებთან შესაბამისობის კონტროლი და მონიტორინგი.
თუმცა ეს ყველაფერი რომ არ სრულდება, ამაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებშიც აღნიშნულია. მათივე ინფორმაციით, ქალაქ ახალციხის, ქალაქ ვალესა და 3 სოფლის მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“.
„დანარჩენი სოფლების მოსახლეობას წყალი მიეწოდება სხვადასხვა დროს მოწყობილი წყლის სისტემებით, რომელთა გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ – ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალარინება. აღნიშნული ორგანიზაცია არ ფლობს კანონით განსაზღვრულ ლიცენზიას. მუნიციპალიტეტში არ ტარდება წყლის სისტემატური ლაბორატორიული შემოწმება სასმელად ვარგისიანობის შესახებ“, – წერია აუდიტის ბოლო ანგარიშში.
მათივე მონაცემებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლოატაციაა, რისთვისაც 2018-2022 წლებში 6 მილიონ ლარზე მეტია გახარჯული, თუმცა მოსახლეობის ნაწილს წყალი მიეწოდება შეფერხებით, არ მოწმდება სასმელი წყლის ხარისხი. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საქმიანობა მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდებისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად არასაკმარისია“.