ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ინფრასტრუქტურული პროექტები დაამტკიცა, რომლებიც წელს უნდა დაიწყოს და მომავალ წელს დასრულდეს. რა პროექტებია და არის თუ არა ამისთვის თანხა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში?
25 ივლისს გამართულ პლენარულ სხდომაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024-2025 წლების 5 პროექტი დაამტკიცა. პროექტები დეპუტატებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსმა, არა მოვსისიანმა წარუდგინა. მისი თქმით, საპროექტო დოკუმენტაცია უკვე მომზადებულია, რჩება მხოლოდ მათი რეალიზება. წარმოდგენილი პროექტებიდან ოთხი გზის რეაბილიტაციაა, ერთი სკვერის მშენებლობა.
2024-2025 წლებში დაგეგმილია შორეულ იხტილა-დიდი სამსარი-პატარა სამსარის სოფლებში მიმავალი გზის 6 357 946 ლარის ოდენობით რეაბილიტაცია, ასევე ბაკურიანისკენ მიმავალი გზის (სოფ. მერენია) მონაკვეთის 1 786 562 ლარის ოდენობით რეაბილიტაცია. დაგეგმილია სოფელ იხტილას შიდა გზების 575 911 ლარის ოდენობით რეაბილიტაცია. ორ წელიწადში სოფელ ხანდოდან ახალქალაქიდან ახალციხემდე მიმავალ მაგისტრალამდე აშენდება გზა. ორწლიანი პროექტების ამ სიაში ასევე 1 138 507 ლარის ოდენობით ყოფილ მე-15 სამხედრო ქალაქში სკვერის მშენებლობა შევიდა.
განხილვებზე დეპუტატებმა მერიის თანამშრომლებთან დაინტერესდნენ, იყო თუ არა თანხები 5-ვე პროექტზე, რაზეც პასუხი მიიღეს, რომ 3 მათგანს უკვე ჰქონდა ფინანსები – ეს არის:
– სკვერი ყოფილ მე-15 სამხედრო ქალაქში, რომელშიც იგეგმება სტადიონის, სათამაშო მოედნის, ტრენაჟორების, ფანჩატურის აშენება და გამწვანება
– სოფელ ხანდოდან ახალქალაქიდან ახალციხემდე მიმავალი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
– სოფელ მერენიადან ბაკურიანისკენ მიმავალი გზის მონაკვეთი.
დანარჩენ პროექტებზე კი მერია თანხას ბიუჯეტის დანაზოგებიდან ან სხვა ცვლილებებიდან გამოყოფს.