უკვე მეოთხე თვეა, რაც ახალქალაქი-კარწახი-თურქეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა, თუმცა სოფლის მოსახლეობა ჩივის, რომ სარემონტო სამუშაოები მათ დიდ დისკომფორტს უქმნის.
„ჩვენი სახლი ჯერ კიდევ ცოტა შორს არის, სხვებმა რა უნდა გააკეთონ? სახლებში მუდმივად მტვერია. დღეს დილით მოვრწყეთ, მაგრამ ეს არ შველის. ერთი კვირის განმავლობაში ხალხი მტვერში იხრჩობოდა, არც ფანჯარის გაღება იყო შესაძლებელი“, – ამბობს სოფელ კარწახში მცხოვრები ჰასმიკ საღათელიანი.
მან აღნიშნა, რომ მოსახლეობა, რომელთა სახლები გზებთან ახლოს მდებარეობს, ასევე ჩივიან, რომ დიდი სატვირთო მანქანების გავლისას მათი სახლები ირხევა.
„სოფლის გარეთ, მთის გავლით გზის გაკეთების საუბრები იყო, თუმცა საბოლოოდ, არ გააკეთეს. რა თქმა უნდა, არც ისე სასიამოვნოა, რომ ამდენი სატვირთო მანქანა სოფლის გავლით დადის, არანაირი შეზღუდვა არ არის, ეს ძალიან სახიფათოა, მაგრამ რა ვქნათ“, – კომენტარი გააკეთა ჰასმიკ საღათელიანმა.
კომპანია „არალის“ წარმომადგენელმა გოდერძი ბოლქვაძემ Jnews-თან საუბარში თქვა, რომ სამუშაოების დასრულებას სამ თვეში გეგმავენ. მისივე თქმით, ადგილზე წყლის მამქანები მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქი-კარწახი-თურქეთის გზის რეაბილიტაცია გასულ 2023 წელს დაიწყო. გასულ წელს საქართველო-თურქეთის საზღვრიდან სოფელ კარწახამდე 2-3 კმ-იანი მონაკვეთი გარემონტდა, მიმდინარე წლის მარტიდან კი სოფლის შიგნით მონაკვეთს უტარდება რეაბილიტაცია. სარემონტო სამუშაოებს კომპანია „არალი“ ახორციელებს. სულ 10 კმ გზა უნდა გარემონტდეს.
2010 წელს აშენდა საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზა, 2015 წელს კი თურქეთის საზღვარზე კარწახის საგუშაგო გაიხსნა. თუმცა, გზა არ არის გათვლილი ისე, რომ სატვირთო მანქანების ყოველდღიურ ნაკადს გაუძლოს, რომლებიც რეგულარულად მიემგზავრებიან საქართველოდან თურქეთში და უკან. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სატვირთო მანქანების ნაკადი მკვეთრად გაიზარდა.
კარწახი-თურქეთის გზის აღდგენის სამუშაოები დაიწყო
კარწახში მიმავალი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო