ახალქალაქი–კარწახის საერთაშორისო მნიშვნელობის გზის სავალალო მდგომარეობაზე წლებია საუბრობენ არა მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლები, არამედ ამ გზით მოძრავი მძღოლები, ტურისტული კომპანიები და მგზავრები. ამჯერად პრობლემას სხვა პერსპექტივიდან განვიხილავთ – სომხეთიდან თურქეთში მომგზაური მოქალაქეების, გიდებისა და მძღოლების თვალით.
ამ გზით სომხეთიდან თურქეთის მიმართულებით მრავალი ტურისტული ჯგუფი გადაადგილდება. მათთვის ახალქალაქი–კარწახის მონაკვეთი ხშირად მოგზაურობის ყველაზე რთულ მონაკვეთად იქცევა ხოლმე.
„ეს ნამდვილი გამოცდაა. ჩვენი ტურების დროს ათასობით კილომეტრს გავდივართ, თუმცა ყველაზე დამღლელი სწორედ ახალქალაქი–კარწახის მონაკვეთია. მე უფრო ადგილობრივი სომეხი გლეხების ბედი მაწუხებს – როგორ შეიძლება ასეთ პირობებში ცხოვრება?!“ – გულისტკივილით აღნიშნავს სომხეთიდან ჩამოსული გიდი რუზანა.
სომხეთიდან მომავალი ავტომობილების მძღოლებისთვის გზის მდგომარეობა განსაკუთრებით ღამის საათებშია პრობლემური. ადგილობრივი მძღოლები, რომლებიც წლებია ამ გზაზე მოძრაობენ, მეტ-ნაკლებად იცნობენ ყველაზე სახიფათო და ძნელად გასავლელ მონაკვეთებს, თუმცა მათთვის, ვინც აქ პირველად ან იშვიათად მგზავრობს, ვითარება ბევრად უფრო რთულია.
გზის ორმოებსა და უსწორმასწორობებს ავტომობილების დაზიანება შეუძლია, რის გამოც მოგზაურობა ხშირად გაუთვალისწინებელ გაჩერებებად და შეკეთების აუცილებლობად იქცევა ხოლმე. ტურისტული ჯგუფების შემთხვევაში კი, რამდენიმე საათის დაგვიანებასაც კი მთელი მარშრუტის განრიგის არევა შეუძლია.
„სრული გულწრფელობით რომ ვთქვა, ჩვენს დროში ასეთი გზა ნამდვილი სირცხვილია. მანქანები ტყდება. ყოფილა შემთხვევები, როცა შეკეთება უშუალოდ გზაზე გახდა საჭირო, ჩვენს ტურებში კი ნახევარი საათის დაკარგვაც კი უამრავ პრობლემას ქმნის. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯებიც, რომლებიც ყოველი ტურის შემდეგ ავტომობილების შემოწმებასა და შეკეთებაზე მიდის“, – ამბობს გიდი ანჟელა.
ტურისტული კომპანიებისთვის ეს განსაკუთრებით სერიოზული პრობლემაა. როდესაც ავტომობილი რამდენიმედღიანი ტურისთვის არის განკუთვნილი, გზაში წარმოქმნილმა ტექნიკურმა ხარვეზებმა შესაძლოა არა მხოლოდ კონკრეტული დღის გეგმა, არამედ მთლიანი მარშრუტი ჩაშალოს.
ზოგიერთი მძღოლი აღნიშნავს, რომ ასეთი მგზავრობის შემდეგ ავტომობილებს დამატებითი ტექნიკური შემოწმება სჭირდებათ, რათა შემდეგი ტურებისთვის მზად იყვნენ.
ამ გზით მომავალი დიასპორელი სომხებისთვის არსებული ვითარება ხშირად გაოცების მიზეზიც ხდება. მათთვის ძნელად წარმოსადგენია, რომ სომხეთიდან თურქეთისკენ მიმავალი ამ მარშრუტის მონაკვეთი საქართველოში მდებარეობს და საერთაშორისო მნიშვნელობისაა.
„ერთხელ ლიბანელ სომეხთა ჯგუფს ვაცილებდი. მათ ვერ დაიჯერეს, რომ ეს გზა საერთაშორისო მნიშვნელობისაა. გზის ამ მონაკვეთს ძალიან დიდი გაჭირვებით გავდივართ“, – იხსენებს გიდი სოფია.
გზები მხოლდ ინფრასტრუქტურა როდია. ისინი ქვეყნის შესახებ პირველადი შთაბეჭდილების შექმნის მნიშვნელოვანი ნაწილია. როდესაც უცხოელი მოქალაქე, ტურისტი თუ მეზობელი ქვეყნიდან მომავალი მძღოლი პირველად გადის ამ გზაზე, მისი მდგომარეობა იმ გარემოს ნაწილად იქცევა, რომლითაც ის ქვეყანას იცნობს.
ახალქალაქი–კარწახის გზის შემთხვევაში ეს საკითხი კიდევ უფრო სენსიტიურია, ვინაიდან ის საერთაშორისო გადაზიდვებისა და მიმოსვლის საკვანძო მიმართულებაა. აქ გადაადგილდებიან სომხეთიდან თურქეთისკენ მიმავალი ავტომობილები, ტურისტული ჯგუფები და სატვირთო ავტომანქანები.
სომხეთიდან თურქეთში მომგზაური ტურისტული ჯგუფების წარმომადგენელთა და მძღოლების უკმაყოფილება აშკარად აჩვენებს, რომ პრობლემა დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ადგილობრივი უხერხულობის ფარგლებს. ეს უკვე უშუალოდ ეხება საქართველოს, როგორც სატრანზიტო და ტურისტული ქვეყნის, აღქმასა და იმიჯს.
ამას წინათ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში სომხეთიდან თურქეთში მიმავალი ახალგაზრდების მოგზაურობაც გართულდა ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის გამო. მსგავსი ისტორიები კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საკითხზე — თუ რა პირობებში უწევთ საერთაშორისო მოგზაურებს ამ მარშრუტის გავლით გადაადგილება.
Jnews-ი ახალქალაქი–კარწახის გზის პრობლემას მრავალჯერ გამოეხმაურა. წინა გამოკითხვისას შესაბამისი უწყებიდან გვაცნობეს, რომ გზის მშენებლობის დასრულება 2027 წლისთვის იგეგმება.
Jnews-მა კვლავ მიმართა საგზაო-სატრანსპორტო სფეროზე პასუხისმგებელი უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, რათა მიეღო ინფორმაცია სამუშაოების მიმდინარეობის, ვადებისა და გზის სრული რეაბილიტაციის შესახებ.
პასუხის მიღებისთანავე Jnews მას მკითხველს დაუყოვნებლივ წარუდგენს.
ავტორი: არეგნაზ გრიგორიან