ახალქალაქის სოფლებში, კომბაინების დეფიციტის გამო, მარცვლეულის აღება შეფერხებებით მიმდინარეობს

ახალქალაქის სოფლებში, კომბაინების დეფიციტის გამო, მარცვლეულის აღება შეფერხებებით მიმდინარეობს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მარცვლეულის აღება გრძელდება, თუმცა ზოგიერთ შორეულ სოფელში მოსახლეობას, კომბაინების ნაკლებობის გამო, სამუშაოები ჯერ არ დაუწყია. იხტილასა და მერენიაში ადგილობრივები უკვე რამდენიმე დღეა ამაოდ ცდილობენ ტექნიკის პოვნას, მაშინ როცა მწიფე ხორბალი ცვენას იწყებს. სოფლის მცხოვრებლები შიშობენ, რომ პროცესის შემდგომი დაყოვნება მოსავლის მნიშვნელოვან დანაკარგს გამოიწვევს.

ქალაქთან ახლოს მდებარე სოფლები მოსავლის აღებას უკვე ასრულებენ, შორეულ დასახლებებში კი პროცესი ჯერ არც დაწყებულა. შეფერხების მთავარ მიზეზად ადგილობრივები კომბაინების არარსებობას ასახელებენ.

სოფელ იხტილასა და მერენიაში მცხოვრებლები მარცვლეულის აღებას ვერ იწყებენ, რადგან ტექნიკას ვერ პოულობენ. ხორბალი უკვე მომწიფებულია და ცვენა ეწყება. 9 სექტემბერს ორივე სოფლის მცხოვრებლები ელოდებოდნენ კომბაინებს, რომელთა მფლობელებიც დილით მისვლას დაჰპირდნენ, თუმცა ტექნიკა ადგილზე ასეც არ გამოჩენილა.

იხტილის გზაზე ათამდე ადამიანი ელოდებოდა კომბაინს. მოსახლეობა იმედოვნებდა, რომ ტექნიკის „დაჭერას“ შეძლებდა, რათა მოსავლის აღება რაც შეიძლება სწრაფად დაეწყო, თუმცა ამაოდ — კომბაინი არ მოსულა.

მოლოდინში მყოფთა შორის იყო იხტილელი სონიკ მკრტჩიანიც. ის ოჯახთან ერთად დილიდან ელოდა ტექნიკას, თუმცა შუადღისთვის კომბაინი მაინც არ გამოჩენილა.

ადგილობრივები აღელვებულები არიან, რადგან მარცვალი უკვე მომწიფდა და ცვენა ეწყება. მათ თქმით, მოსავლის აღებისას კომბაინების დეფიციტს ყოველ წელს აწყდებიან. წელს სოფელში მოსავლის აღება ჯერ არავის დაუწყია.

„წინა წლებში ამ დროს მოსავალი უკვე აღებული გვქონდა. წელს კი, კომბაინის გამო, ჯერ არც დაგვიწყია. ორი წლის წინ მერის წარმომადგენელმა სამი ქართველი ჩამოყვანა კომბაინით – ყველას ერთ დღეში აუღეს მოსავალი და წავიდნენ. წელს კი დაგვიანდა: ხან წვიმებია, ხან ტექნიკა არ არის. მარცვლეულის მოსავალი წელს ისედაც არ გვაქვს კარგი, ახლა კი საერთოდ ვერ ვკრებთ – მარცვალი უკვე ცვივა“, – ამბობს სონიკ მკრტჩიანი.

წელს მისმა ოჯახმა 50 ასეული (სოთხი) ხორბალი დათესა.

სამველ მკრტჩიანიც იმ ადამიანებს შორის იყო, რომლებიც გზაზე ელოდნენ კომბაინს. მას 15 ასეული ხორბალი აქვს დათესილი.

„კომბაინს ველოდებით, მაგრამ უკვე თითქმის არაფერი დარჩა. მოსავალი ისედაც არ იყო მაინცდამაინც კარგი, ახლა კი ყველაფერი ცვივა. დღეს უნდა მოსულიყო ტექნიკა და აი, ვდგავართ და ველოდებით. მოსავლის აღება კიდევ ერთი კვირით თუ დაგვიანდა, აღარაფერი დარჩება და აღებასაც აზრი დაეკარგება. ყოველ წელს ასე ხდება“, — ჩივის სამველ მკრტჩიანი.

ადგილობრივები მაინც იმედოვნებდნენ, რომ კომბაინი გამოჩნდებოდა, თუმცა ზოგიერთი ამბობდა, სანამ „ქვედა სოფლებში“ — როგორც ისინი ქალაქთან ახლოს მდებარე დასახლებებს ეძახიან — მოსავლის აღება არ დასრულდება, ტექნიკა მათთან არ ავა.

მინას ლაგზიანის თქმით, მარცვლეულის მყიდველიც ჯერ არ ჩანს. მისი თქმით, გასული წლის მოსავალი დღემდე საწყობში აქვთ შენახული.

შეკითხვაზე, თუ რატომ დათესეს წელსაც მარცვლეული, მან უპასუხა:

„აბა სხვა რა ვაკეთოთ სოფელში, რით დავკავდეთ?“ — თქვა მინას ლაგზიანმა.

საწვავი გაძვირდა და ადგილობრივებმა ჯერ არ იციან, რა ფასად აიღებენ წელს კომბაინები მოსავალს. თუმცა ისინი მზად არიან გადაიხადონ, ოღონდ კი მარცვლეულის აღება მოასწრონ და ყანები უმოსავლოდ არ დარჩეთ. მალე კარტოფილის აღებაც იწყება, მათ კი მარცვლეულიც ჯერ არ დაბინავებიათ.

გასულ წელს კომბაინი 1 ასეულ (სოთხ) მიწას 3.5 ლარად იღებდა.

სოფელ მერენიის მცხოვრებლებიც სოფლის ცენტრში ელოდებოდნენ კომბაინს. ადგილობრივების ვარაუდით, სანამ იხტილაში მოსავლის აღება არ დასრულდება, ტექნიკა მერენიამდე ვერ მიაღწევს.

ნორიკ ჰარუთიუნიანი ამბობს, რომ კომბაინს მთელი სოფელი ელოდება. მისი თქმით, დასახლებაში სულ 25–30 ჰექტარი მარცვლეულია ასაღები.

„40 ასეული (სოთხი) ხორბალი დავთესე. მოსავლის 50% უკვე დაკარგულია. წელს მოსავლიანობა მაქსიმუმ 25 ცენტნერია, გასულ წელს კი 40–45 ცენტნერი იყო“, – ამბობს ნორიკ ჰარუთიუნიანი.

სოფელ მერენიის მცხოვრები ვარშამ ყაზარიანი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ კომბაინერს მოელაპარაკა, თუმცა მან იმედი გაუცრუა:

„გუშინ ხაშურელ კომბაინერს შევუთანხმდი, რომ 10 საათზე ახალქალაქში შევხვედროდით. 8 საათზე გავედი, 11-მდე ველოდე, მაგრამ არ მოვიდა. ვრეკავ და არ პასუხობს“, – ამბობს ვარშამ ყაზარიანი.

ჰაიკაზ ამირხანიანის თქმით, ადგილობრივები უსუსურ მდგომარეობაში არიან: კომბაინს ვერ პოულობენ, მარცვალი კი ცვენას განაგრძობს. წელს მან 60 ასეული ხორბალი დათესა.

„არჩევნების დროს ყველანი მოდიან, გვპირდებიან, თუმცა საბოლოოდ გამოდის, რომ დახმარება არ შეუძლიათ“, – ამბობს ჰაიკაზ ამირხანიანი.

სოფელ მერენიაში ზოგმა მარცვლეულის ნათესი ფართობები შეამცირა, ზოგმა კი, პირიქით – გაზარდა. თუმცა, ადგილობრივების თქმით, ნათესების საერთო ფართობი დაახლოებით იგივე დარჩა.

სოფლის მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ მერენიაში მოსახლეობას ცოტა სასოფლო-სამეურნეო მიწა აქვს, იჯარით გასაცემი ფართობებიც მცირეა.

„ფართობი მხოლოდ იმისთვის გავზარდე, რომ მიწას დაესვენა, მხოლოდ ამ მიზეზით“, – აღნიშნავს ხაჩატურ ბაღდასარიანი.

იხტილისა და მერენიის მცხოვრებლები ისევ კომბაინების მოლოდინში არიან და მოსავლის კიდევ უფრო მეტად დაკარგვის ეშინიათ. ადგილობრივებისთვის მოსავლის დროული დაბინავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მარცვლეულის შემდეგ კარტოფილის აღება უნდა დაიწყონ. მანამ კი მოსავლის ნაწილი ყანებში რჩება, მოსავლის შემგროვებელი ტექნიკის დეფიციტის პრობლემა კი კვლავ გადაუჭრელი გვერდით დგას.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე