დღეს, 18 მაისს, ეროვნული სამოსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ცეკვის ანსამბლებმა „მურჯმა“ და „ჯავახკმა“ ახალქალაქში ეროვნული სამოსისადმი მიძღვნილი ფესტივალი მოაწყვეს.
ანსამბლ „მურჯის“ ქორეოგრაფის, გიორგი მეტრეველისა და ახალქალაქის კულტურის სახლის დირექტორის ალიკ ქსპოიანის ინიციატივით, ახალქალაქის ხას ბახჩას პარკში, ცეკვის ანსამბლებმა „მურჯმა“ და „ჯავახკმა“ სხვადასხვა საცეკვაო ნომრები შეასრულეს, ამავდროულად ეროვნული სამოსი წარადგინეს.
„იცით, დღეს მუზეუმების საერთაშორისო დღეა, მაგრამ ამ დღეს უკვე მეშვიდედ ვატარებთ ეროვნული სამოსის ფესტივალს. მაგრამ ამჯერად ფესტივალში კულტურის სახლიდან მხოლოდ ორი ჯგუფი მონაწილეობს, მომავალ წელს კი განცხადების გაკეთებას ვაპირებთ, რათა მსურველებმა ნებაყოფლობით მიიღონ მონაწილეობა. ეს იქნება სტიმული, თითოეულ მოცეკვავეს, ჯგუფს და კულტურულ ცენტრს ჰქონდეს საკუთარი ეროვნული სამოსი. ახლა, მიახლოებითი მონაცემებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა 60-70 პროცენტს ეროვნული სამოსი აქვს“, – ამბობს კულტურის სახლის დირექტორი ალიკ ქსპოიანი.
ეროვნული სამოსის დღე ახალქალაქში საზეიმოდ მეშვიდედ აღინიშნება. წელს ეროვნული სამოსისადმი მიძღვნილი ფესტივალი მოკრძალებულ გარემოში ჩატარდა. კულტურის სახლის დირექტორი განმარტავს, რომ მიზეზი სახსრების უკმარისობაა, რომ ამდენი ჯგუფი და ანსამბლი სოფლიდან ქალაქში გადმოვიდეს.