ახალქალაქში ახალი მრავალფუნქციური სპორტულ-კულტურული კომპლექსის აშენება იგეგმება

ახალქალაქში ახალი მრავალფუნქციური სპორტულ-კულტურული კომპლექსის აშენება იგეგმება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ იოსებ ალიბეგაშვილთან და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერ მელქონ მაკარიანთან ერთად, ახალქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

მინისტრმა ახალქალაქში დაგეგმილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტი განიხილა.
ახალქალაქში დაგეგმილი მრავალფუნქციური კომპლექსი 500 მაყურებელს დაიტევს და სპორტულ, საგანმანათლებლო, კულტურულ და გასართობ სივრცეებს გააერთიანებს. პროექტის მიხედვით, კომპლექსი მოიცავს დიდ და საბავშვო აუზებს, ფიტნეს და სავარჯიშო დარბაზებს, ასევე სივრცეებს სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის, მათ შორის: ძიუდოს, ჭიდაობის, კრივის, შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA), მაგიდის ჩოგბურთის, ტანვარჯიშისა და ფარიკაობისთვის.
კომპლექსში ასევე განთავსდება მედიათეკა, ქორეოგრაფიის, ხელოვნების, ფოლკლორისა და უცხო ენების შემსწავლელი ოთახები, სამეცნიერო-ტექნიკური კლუბი და ღონისძიებებისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური სივრცე. ტერიტორიაზე მოეწყობა პარკინგი, საფეხმავლო ბილიკები და მწვანე დასასვენებელი ზონა.
ამ ეტაპზე კონკურსში გამარჯვებული კომპანია კომპლექსის პროექტზე მუშაობს.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე