ახალქალაქის მუნიციპალიტეტში თურქეთთან სატრანსპორტო მიმოსვლის გაუმჯობესებისკენ მიმართული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება — ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება, მათ შორის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სამუშაოები. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომელიც მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
მინისტრის თქმით, კარწახის მიმართულებით არსებული გზა ეტაპობრივად წესრიგდება. სამუშაოები უკვე ეტაპობრივად მიმდინარეობს, ხოლო ახალი პროექტების განხორციელებისას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება იგეგმება.
სოხაძემ ასევე განაცხადა, რომ რეაბილიტაცია სრულად 2028 წლის გაზაფხულისთვის დასრულდება. გზა ხელს შეუწყობს თურქეთთან სატრანსპორტო მიმოსვლის გაუმჯობესებას, ასევე სატრანზიტო გადაზიდვებისა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების მოგვარებას.
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ჩვენ ვახორციელებთ თანამედროვე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც, პირველ რიგში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ეხება. მინდა აღვნიშნო, რომ კარწახის მიმართულებით არსებული გზა ეტაპობრივად წესრიგდება, სამუშაოები უკვე ეტაპობრივად მიმდინარეობს. რაც შეეხება ახალ პროექტებსა და იმ მონაკვეთებს, სადაც სამუშაოები ჯერ არ ჩატარებულა, აქ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება იგეგმება.
ამ მიმართულებით უკვე გამოცხადებულია ტენდერი, გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელიც დაგეგმილ სამუშაოებს შეასრულებს. პროექტების განხორციელება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება.
ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში უკვე დამტკიცებული პროექტების მიხედვით სამუშაოები დაწყებულია. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გარდა, რეგიონში იგეგმება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი ობიექტების მშენებლობა. ჩვენ ვაპირებთ, სამცხე-ჯავახეთში კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელოთ“, — განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ იგეგმება ნინოწმინდიდან სომხეთის საზღვრისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქი-კარწახის გზა უკვე მრავალი წელია ცუდ მდგომარეობაშია, ბოლო 2 წლის განმავლობაში კი — კრიტიკულში. მონაკვეთები, რომელთა რეაბილიტაციაც უნდა მომხდარიყო, ასფალტის ნარჩენებისგან გაიწმინდა და მიტოვებული დარჩა. გამოუვალი მდგომარეობის გამო ადგილობრივმა მოსახლეობამ და სატვირთო ავტომობილების მძღოლებმაც კი გზა რამდენჯერმე გადაკეტეს. პროტესტის დროს გზის ზოგიერთი მონაკვეთი დროებით სწორდება, რასაც ეფექტი მხოლოდ პირველ თავსხმა წვიმამდე აქვს.