სკოლაში კარგად სწავლობდა, უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა პირველივე კურსებზე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს და გაასამართლეს — ხშირ შემთხვევაში, კურიერად მუშაობის გამო. ჯავახეთელ ახალგაზრდებს შორის მსგავსი შემთხვევები უკვე არა ერთეულებით, არამედ ათეულებით ითვლება. ახალგაზრდა ბიჭები ფულის შოვნის სურვილით დიდი დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი ხდებიან და საბოლოოდ გისოსებს მიღმა აღმოჩნდებიან ხოლმე. მორიგი ასეთი ისტორია სოფელ კუმურდოს 20 წლის მაცხოვრებელს გადახდა თავს, რომლის ახლობლებმაც სააპელაციო სასამართლოს გზით პატიმრობის ვადის შემცირების იმედით თანხის შეგროვება გამოაცხადეს.
თავის მეოცე დაბადების დღეს აზატ ამაზარიანი გისოსებს მიღმა შეხვდა. საუნივერსიტეტო ცხოვრების, სამომავლო გეგმების, პროფესიის არჩევისა და ზრდასრულ ცხოვრებაში გადადგმული პირველი ნაბიჯების ნაცვლად — ციხის საკანი და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. ახლობლების მტკიცებით, ახალგაზრდა მამაკაცი კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში ინტერნეტის მეშვეობით ჩაითრიეს, როდესაც ის ჩვეულებრივ სამსახურს ეძებდა. როგორც ოჯახი ჰყვება, ამ საქმეზე უარის თქმის მცდელობები მუქარაში, ძალადობასა და ახლობლების დაშინებაში გადაიზარდა.
სოფელ კუმურდოში, აზატის სახლში მუდმივი გლოვაა — აქ მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ დაეხმარონ მას და როგორ შეუმცირონ სასჯელი. ბებია, რომელმაც ფაქტობრივად თავად გაზარდა აზატი და მისი და, რადგან ბავშვების დედა მეუღლეს გაშორდა და წავიდა, გამუდმებით ტირის, სახლში დადის და ღმერთს შვილიშვილის დაბრუნებას ევედრება. ის მიიჩნევს, რომ მომხდარის მიზეზი აზატის გამოუცდელობა, სამსახურის პოვნისა და ოჯახისთვის თუნდაც მცირედით დახმარების სურვილი, ასევე დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა და საკუთარი ხარჯების თავად დაფარვის მცდელობა გახდა.

აზატის ისტორია, ახლობლების თქმით, ფულის შოვნის ჩვეულებრივი სურვილით დაიწყო. ის სკოლაში კარგად სწავლობდა, ჭკვიანი და გონიერი ბიჭი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც რამდენიმე თვე ისწავლა, თუმცა მომავალი პროფესია ჯერ არ ჰქონდა არჩეული — იურიდიულ და ეკონომიკურ ფაკულტეტებს განიხილავდა. პარალელურად აზატი სამსახურს ეძებდა. იმ დროისთვის ორ ადგილას უკვე ჰქონდა ნამუშევარი, მაგრამ შემოსავლის უფრო თავისუფალი და სტაბილური წყაროს პოვნა სურდა. ის მიტანის სერვისის მძღოლის ვაკანსიას გამოეხმაურა.
დარეკა, მაგრამ უპასუხეს, რომ ტელეფონით არ საუბრობენ და მიმოწერით უნდა ეკონტაქტათ. მისწერა, რომ სამსახურით იყო დაინტერესებული. მისი თქმით, პირველ რიგში პასპორტი მოსთხოვეს. მანაც გაგზავნა — გულუბრყვილო ბავშვი. უთხრეს, რომ გარკვეული სამუშაო უნდა შეესრულებინა — კურიერად ემუშავა: საქონელი ერთი ადგილიდან უნდა აეღო და მეორე ადგილას მიეტანა. რამდენიმე ასეთი გადაზიდვის შემდეგ მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. განაცხადა, რომ უარს ამბობდა ამ სამუშაოს გაგრძელებაზე, რის შემდეგაც მუქარა დაუწყეს. ერთხელ სცემეს და ხიდიდანაც კი გადმოკიდეს, თუმცა სახლში ამაზე მაშინ სიტყვაც არ დაუძრავს. ემუქრებოდნენ, რომ ოჯახსა და სახლს ზიანს მიაყენებდნენ. ეუბნებოდნენ: თუ დაეჭვდები, ხუთ წუთში სახლში მოგიკაკუნებთ და მაშინ ყველაფერს მიხვდებიო. ერთ ღამეს, დაახლოებით ორ საათზე, მას მართლაც მიუკაკუნეს“, —ჰყვება აზატის მამა მათეოსი.
აზატის შემთხვევა ერთადერთი არ არის. ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში Jnews-ისთვის ცნობილი გახდა ჯავახეთელი ახალგაზრდების დაკავების ექვსი შემთხვევის შესახებ ნარკოტიკებთან დაკავშირებული მუხლებით, რასაც შემდგომში თავისუფლების აღკვეთა მოჰყვა. ყველა მათგანი გამოუცდელი ახალგაზრდაა, რომლებიც თბილისში სასწავლებლად ან სამუშაოდ მიდიან.
რატომ აღმოჩნდებიან ახალგაზრდები დაუცველნი ნარკოვაჭრობასთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ჯგუფების წინაშე? ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი გამოცდილების ნაკლებობა და რისკების შესახებ არასაკმარისი ინფორმირებულობაა. ახალგაზრდებს, რომლებიც მცირე დასახლებებში გაიზარდნენ, სადაც დანაშაულის დონე შედარებით დაბალია, ხშირად არ აქვთ საკმარისი წარმოდგენა მსგავს სქემებზე. მათ შესაძლოა ვერ გააცნობიერონ, რომ საეჭვო დამატებით სამუშაოზე დათანხმებით კანონს არღვევენ და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას არა მხოლოდ მათთვის, არამედ მათი ახლობლებისთვისაც, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვის ხელშიც შესაძლოა შემდგომში ეს ნარკოტიკები აღმოჩნდეს.
„ისინი, ვინც იქ ანალოგიური მუხლებით იმყოფებიან, ძირითადად ახალგაზრდა, გამოუცდელი ადამიანები არიან 30 წლამდე — უმეტესად სტუდენტები. მათზე ზემოქმედება უფრო ადვილია, რადგან დამატებით სამუშაოს ეძებენ. დამნაშავეები სუსტ წერტილებს პოულობენ, ურეკავენ, სწერენ და აშინებენ ამ ბიჭებს. პოლიცია და სპეციალური სამსახურები მსგავსი სქემების გამოვლენით უნდა იყვნენ დაკავებულნი“, — ამბობს მათევოსი.
„ისინი, ვინც იქ ანალოგიური მუხლებით იმყოფებიან, ძირითადად ახალგაზრდა, გამოუცდელი ადამიანები არიან 30 წლამდე — უმეტესად სტუდენტები. მათზე ზემოქმედება უფრო ადვილია, რადგან დამატებით სამუშაოს ეძებენ. დამნაშავეები სუსტ წერტილებს პოულობენ, ურეკავენ, სწერენ და აშინებენ ამ ბიჭებს. პოლიცია და სპეციალური სამსახურები მსგავსი სქემების გამოვლენით უნდა იყვნენ დაკავებულნი“, — ამბობს მათევოსი.
ის ამატებს, რომ გადატანილმა მისი შვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მძიმედ იმოქმედა.
„აზატმა უძლიერესი სტრესი გადაიტანა, იქამდეც კი, რომ საავადმყოფოსთვის მიმართვა მოუწია. მაშინაც კი, როცა სახლში იმყოფებოდა, სასწრაფო დახმარების გამოძახება ხშირად გვიწევდა. თუმცა ვერც კი წარმოვიდგენდით, რა იყო ამის მიზეზი. 7 მაისს მას ნაქირავები ბინა უნდა ჩაებარებინა. ვუთხარი, რომ დრო იყო სწავლისთვის თავი დაენებებინა და ჩემთან წამოსულიყო — მე მაშინ სოჭში ვიმყოფებოდი. ის დამთანხმდა და მითხრა, რომ 7 რიცხვის შემდეგ ნივთებს სახლში წამოიღებდა. მაგრამ სახლში ადგილს ვერ პოულობდა, მუდმივად გაშეშებული დადიოდა, ვერ მშვიდდებოდა. მერე გავიგეთ, რომ გამუდმებით სწერდნენ შეტყობინებებს, კითხულობდნენ, სად იმყოფებოდა, ემუქრებოდნენ. საბოლოოდ იძულებული გახდა თბილისში წასულიყო და ის დააკავეს“.
ახლობლების თქმით, დაკავების შემდეგ აზატმა ყველაფერი მოყვა, რაც იცოდა.
„ჩვეულებრივ, ასეთ შემთხვევებში სასჯელის ვადები უფრო ნაკლებია, მაგრამ მას მაქსიმალურად მკაცრი სასჯელი — 14 წელი მიუსაჯეს. ჩხუბისთავი, შარიანი რომ ყოფილიყო ან ხშირად ეხვეოდეს უსიამოვნებებში, ამის გაგება კიდევ შეიძლებოდა. მაგრამ ის ყოველთვის შორს იჭერდა თავს ყოველივე ცუდისგან, ჩხუბებში არ ერეოდა. პირიქით, გონიერი და კეთილი ბიჭი იყო. სკოლაში კარგად სწავლობდა. ფული არ უჭირდა. რუსეთიდან ვურეკავდი, ვეკითხებოდი, რამდენი სჭირდებოდა, ჰქონდა თუ არა თანხა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მპასუხობდა, ყველაფერი მაქვსო, ფულს მაინც ვუგზავნიდი. უბრალოდ ასეთი ადამიანია — არ უნდოდა ოჯახისთვის ტვირთი ყოფილიყო, ცდილობდა ჩვენი ცხოვრება შეემსუბუქებინა“, — ჰყვება აზატის მამა.
აზატის საქმის შესახებ ახალქალაქის მცხოვრებლებმა მას შემდეგ შეიტყვეს, რაც მისმა ბებიამ სოციალურ ქსელებში დახმარების თხოვნით განცხადება გაავრცელა, რათა პატიმრობის ვადის შესამცირებლად საჭირო თანხა შეეგროვებინა. ადვოკატების მომსახურების ასანაზღაურებლად ოჯახმა ტრაქტორი გაყიდა — სოფლის მცხოვრებლებისთვის ძვირფასი ტექნიკა, რომელიც მეურნეობაში მნიშვნელოვანი დამხმარეა.
ახლა ნათესავები ცდილობენ შეაგროვონ კიდევ ერთი, საქართველოს კვალობაზე საკმაოდ სოლიდური თანხა. ეს ფული საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლადაა საჭირო, რაც, მათი იმედით, აზატს ციხეში ყოფნის ვადას რამდენიმე წლით შეუმცირებს.
ამჟამად აზატი გლდანის ციხეში იმყოფება. გადატანილი სტრესის შემდეგ მან ფსიქიატრთან მკურნალობა გაიარა, რის შესახებაც მისი ახლობლები ჰყვებიან. საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განხილვაშია. აზატის ადვოკატის, ვასილ ბალახაძის თქმით, მხარეებს ჯერ არ უთქვამთ უარი საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზე.
„საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოშია. საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, რადგან აპელაციის ეტაპზეც შესაძლებელია მისი გამოყენება. პროკურორი ამ ვარიანტის წინააღმდეგი არ არის. საუბარია კონკრეტულ პირობებზე, რომლებზეც საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული, რადგან ორივე მხარეს თავისი მოთხოვნები აქვს. უარი არ ყოფილა. უბრალოდ, იმ პირობების შესრულება, რომლებსაც გვიყენებენ, ამ ეტაპზე არ შეგვიძლია. როდესაც მხარეები ორმხრივად მისაღებ გადაწყვეტილებამდე მივლენ, თავისუფლების აღკვეთის ვადა, დიდი ალბათობით, მნიშვნელოვნად შემცირდება“, — ამბობს აზატის ადვოკატი, ვასილ ბალახაძე.
20 წლის ასაკში აზატს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-260³-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის. საუბარია მუხლებზე, რომლებიც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის.
კიდევ რამდენი ახალგაზრდის ბედი დაინგრევა სწრაფად გამდიდრების გულუბრყვილო სურვილის გამო და კიდევ რამდენი ახალგაზრდა დაკარგავს თავისუფლებას, ცხოვრების წლებსა და საკუთარ მომავალს, სანამ მიხვდებიან, რომ იოლი ფული არ არსებობს…