ახალქალაქის მერიამ მაწანწალა ძაღლების დაჭერის, სტერილიზაციის, კასტრირების, ვაქცინაციის, იდენტიფიკაციისა და დაბრუნების ან საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიის ტენდერი კვლავ გამოაცხადა. განაცხადები მიიღება 19 მაისიდან 21 მაისამდე.
უსახლკარო ძაღლების დაჭერაზე მუნიციპალიტეტი უკვე მეორედ აცხადებს ტენდერს. ამას წინათ 19 აპრილს 25 986 ლარის ოდენობით გამოცხადდა, ისევე როგორც ახალი ტენდერი. ტენდერის მიხედვით, დაგეგმილია 142 მაწანწალა ძაღლის დაჭერა, მომსახურება 31 დეკემბრამდე უნდა იყოს გაწეული. პროცედურების დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს ძაღლების იდენტიფიცირება და ახალქალაქში დაბრუნება, ან, საჭიროების შემთხვევაში, ევთანაზია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ტენდერი, მერიის თანამშრომლების თქმით, ტექნიკური მიზეზების გამო შეწყდა.
„ტენდერი შეჩერებულია, საჭიროა ტექნიკური საკითხების გადახედვა და დაზუსტება. ანუ ზუსტი საბაზრო შეფასებაა საჭირო“, – განმარტა ტენდერის შეწყვეტის შემდეგ ახალქალაქის მერიის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა როზა იორდანიანმა.
ამასთან, ახალი ტენდერის ოდენობა არ შეცვლილა და არც ტექნიკური მოთხოვნები.