ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში კვლავ დაბალი დასწრება ფიქსირდება. საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორის, ანაიდა ასატურიანის თქმით, დასწრებამ ამ კვირაში 50% შეადგინა.
„სულ 1294 ბავშვი გვყავს დარეგისტრირებული, დღეს 630 მოვიდა“, – გვაცნობა მან.
მიუხედავად იმისა, რომ წინა მაჩვენებელთან შედარებით მდგომარეობა გაუმჯობესებულია, როდესაც დასწრება იყო 40%, მიმდინარე დასწრება მაინც დაბალ მაჩვენებლად ითვლება.
როგორც ანაიდა ასატურიანი აღნიშნავს, ბავშვების უმეტესობა ავადდება, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთა მშობლები ბაღში ვირუსების გავრცელების გამო არ აგზავნიან.
შეგახსენებთ, რომ ამას წინათ მუნიციპალიტეტში 6 საბავშვო ბაღი დასწრების დაბალი მაჩვენებლის გამო კარანტინისთვის იყო დაკეტილი, ხოლო შემდეგ სოფელ ვაჩიანის საბავშვო ბაღი დაიხურა წითელას ორი შემთხვევის გამოვლენის გამო. მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის დაკეტილი ბაღები არ არის. ასევე, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის სირანუშ ტონაკანიანის თქმით, წითელას ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.