დღეს, 19 თებერვალს, სოფელ ვაჩიანის საბავშვო ბაღმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღსაზრდელებში დაფიქსირებული წითელას შემთხვევების გამო ერთკვირიანი კარანტინის შემდეგ მუშაობა განაახლა. ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, სირანუშ ტონაკანიანის განცხადებით, ბაღის მოსწავლეებს ხელახალი ტესტირება ჩაუტარდათ, წითელაზე არავინ დადასტურდა.
ის ასევე ამატებს, რომ მთლიანად ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წითელა აღარ დაფიქსირებულა.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის №1, №2, №3 საბავშვო ბაღები, ასევე სოფელ ხანდოს, ბარალეთსა და აზავრეთის საბავშვო ბაღები 5 თებერვლიდან კარანტინისთვის დაიხურა და მუშაობა 12 თებერვალს განახლდა. ისინი კარანტინში გავიდნენ, რადგან დასწრება 40% -ზე ნაკლები იყო.
სოფელ ვაჩიანის სკოლამდელი დაწესებულება 9-დან 16 თებერვლამდე კარანტინის გამო დაიხურა, რადგან ორ მოსწავლეს წითელა დაუფიქსირდა. ეს ბავშვები ერთი ოჯახიდან იყვნენ.