დღეს ახალქალაქში, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი, რომლებიც 1989 წელს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მთავრობის სახლის წინ გამართული მიტინგის დარბევისას დაიღუპნენ.

ახალქალაქის “9 აპრილის” სახელობის პარკში, დაღუპულთა ძეგლთან ხალხმა შეკრება დილიდან დაიწყო – სტუდენტები, პოლიციელები, ადგილობრივი ხელისუფლება, სხვა სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლები, სომხური ორგანიზაციების წარმომადგენლები და სომხური სამოციქულო ეკლესიის ჯავახეთის ეპარქიის მღვდელი ტერ ნარეკ ტიგრანიანი. მღვდლებმა, მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტის, ნიკოლოზის ხელმძღვანელობით წირვა აღავლინეს.

april9

aprili91

aprili93

aprili92

aprili97

ამის შემდეგ, მიტროპოლიტი ნიკოლოზი სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ხალხს არ ეშინია პანდემიის და 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად მოვიდნენ, რაც ბევრს ნიშნავს.

«ჩვენ, ორი ერი, სომეხი და ქართველი ერი ერთად თანავცხოვრობთ, უხსოვარი დროიდან ერთად ვცხოვრობდით და ვიცხოვრებთ, ამაში ხელს ვერავინ შეგვიშლის. მინდა ვთქვა, რომ უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ ასე უნდა ვიდგეთ ერთმანეთის გვერდით. შარშან სომხეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ უნდა გვახსოვდეს, რაც 9 აპრილს მოხდა. 20 ადამიანი დაიღუპა და, რამდენიმე ასეული ადამიანი მოიწამლა, დაინვალიდდა. მაგრამ დრო გადის, 9 აპრილის ტრაგედიის მომსწრენი უფრო და უფრო მცირდებიან, მაგრამ ხალხს უნდა ახსოვდეს ეს შემთხვევა, რადგან ამ ხალხმა თავი გაიღო ჩვენი ერის არსებობისთვის. რაც შარშან სომხეთში მოხდა, რაც 100 წლის წინ მოხდა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან ვგავართ ერთმანეთს, გარდა იმისა, რომ ჩვენ ძმები ვართ და არა მხოლოდ», – თქვა მიტროპოლიტმა.

april96

aprili95

aprili4

aprili94

ისტორია: საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიერ ორგანიზებული მრავალდღიანი ანტისამთავრობო მშვიდობიანი აქცია თბილისში 1989 წლის 9 აპრილს სასტიკად იქნა დარბეული კრემლის, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს მითითებით, საბჭოთა არმიის სპეციალურად გაგზავნილი სადესანტო შენაერთის მიერ (ორლესული სასანგრე ნიჩბების, მომწამლავი გაზისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით). დარბევის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, დასახიჩრდა და მოიწამლა აქციის, რამდენიმე ასეული მონაწილე. აქციის ორგანიზატორები დააპატიმრეს. თბილისში გამოცხადდა კომენდანტის საათი.

ოპერაციის ხელმძღვანელებად დაინიშნენ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი გენერალ-პოლკოვნიკი იგორ როდიონოვი და კონსტანტინ კოჩეტოვი. სკკპ ცკ-ის გადაწყვეტილებით, ოპერაციისთვის გაერთიანდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები. თბილისში შევიდა საგანგებო დანიშნულების მოტომსროლელთა დივიზიის მე-4 პოლკი, საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები პერმიდან და ვორონეჟიდან. 8 აპრილს, 11 საათზე გამოცხადდა კომენდანტის საათი თბილისში, მაგრამ ცნობა მოსახლეობას ადგილობრივი ტელევიზიით კომენდატის საათის მოქმედების შესახებ მიეწოდა მხოლოდ 22 საათსა და 15 წუთზე. ქალაქის სამხედრო კომენდანტად დაინიშნა როდიონოვი.

შეტევის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს კომპარტიის პირველ მდივანს, ჯუმბერ პატიაშვილსა და როდიონოვს შორის, სადაც როდიონოვმა დაარწმუნა პატიაშვილი, რომ ოპერაცია ჩაივლიდა უსისხლოდ.

9 აპრილს გამთენიისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-მ მივიდა აქციაზე, რუსთაველის გამზირზე მთავრობის სახლის წინ შეკრებილ მომიტინგეები გააფრთხილა მოსალოდნელი ძალადობის შესახებ და დაშლისკენ მოუწოდა. მომიტინგეებმა დაშლაზე უარი განაცხადეს. დილის 4 საათზე დაიწყო მიტინგის დარბევა. რუსთაველის გამზირი გადაკეტეს ლენინის მოედნიდან და ძერჟინსკის ქუჩიდან დაძრულმა ჯავშანტრანსპორტიორებმა და ტანკებმა. მომიტინგეებს გაქცევის საშუალება შეზღუდული ჰქონდათ. ჯარისკაცები შეიარაღებულნი იყვნენ სასანგრე ბარებით, ხელკეტებით, ცეცხლსასროლი იარაღითა და ქიმიური საშუალებებით. ქლოროპიკრინის ბაზაზე დამზადებული აირის მაღალმა კონცენტრაციამ გამოიწვია მრავალი სასიკვდილო შედეგი.

 ოპერაციის დროს და მას შემდეგ, რამდენიმე საათის განმავლობაში, 251 ადამიანი შეიყვანეს თბილისის საავადმყოფოებში, რომელთაგან 183 ჰოსპიტალიზირებული იყო. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს საგამოძიებო კომისიის მონაცემებით, ერთ თვეში 4035 ადამიანმა მიმართა სამედიცინო დახმარებას.  (ინფორმაცია ვიკიპედიიდან)