ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის წერილის საფუძველზე მუნიციპალიტეტში აღსაზრდელების დაბალი დასწრებისა და ვირუსული დაავადებების გავრცელების მიზეზით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 6 საბავშვი ბაღი ერთი კვირით კარანტინში გადის.
5 თებერვლიდან 11 თებერვლის ჩათვლით ქალაქ ახალქალაქში 3-ვე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება – №1, №2, №3, ასევე სოფელ ხანდოში, ბარალეთსა და აზავრეთში საბავშვო ბაღები კარანტინისთვის არის დაკეტილი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში დასწრების მონიტორინგს ახორციელებდა და დაბალი დასწრება დაფიქსირდა. შედეგად, საბავშვო ბაღები, სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში 40%-ზე ნაკლები დასწრება დაფიქსირდა, რეკომენდაცია მისცა დაკეტილიყო კარანტინისთვის.
„ბავშვები ავად არიან, მასწავლებლები ავად არიან. გრიპის გამო, თუმცა ამბობენ, ბავშვებს შორის წითელას და თვალის ვირუსული დაავადებაც არის გავრცელებული. ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით ვიკეტებით. აზავრეთში, 67 ბავშვიდან მხოლოდ 8 დადიოდა, ბარალეთაში 130 ბავშვიდან 18 დადიოდა“, – თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა ანაიდა ასატურიანმა.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„ჩვენ საბავშვი ბაღებში მონიტორინგი ჩავატარეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ზოგიერთი ბავშვი სიცივის გამო არ დადიოდა, ზოგი ავად იყო. იყო ადგილები, სადაც 200 ბავშვიდან 38 დადიოდა. ვიფიქრეთ, რომ უკეთესი იქნებოდა, ერთი კვირით დავკეტილიყავით და ვირუსიც ცოტა შესუსტდება. განსაკუთრებული არაფერია, ყველგან იგივე სიტუაციაა, არ არის სანერვიულო“, – ამბობს სირანუშ ტონაკანიანი, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი.
მისი თქმით, წითელა და თვალის დაავადება ბავშვებში არსებობს, თუმცა ოფიციალურად დაფიქსირებული შემთხვევები არ არის.