7 აგვისტოს ახალქალაქის საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე, რომელმაც ახალციხის საავადმყოფოში ერთი კვირით ადრე იმშობიარა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც “გაუფრთხილებლობით სიცოცხლის ჩამორთმევას” გულისხმობს. ამის შესახებ Jnews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

 რომელ სამედიცინო დაწესებულებაში, ახალქალაქის თუ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩატარდება გამოძიება, შსს ჯერჯერობით ვერ აზუსტებს. ამას ექსპერტიზის შედეგები დაადგენს, რომელიც თბილისში ტარდება.

 116-ე მუხლით, დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

 შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს ახალქალაქის საავადმყოფოში 26 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც 30 ივლისს ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში იმშობიარა. ახალქალაქში, ექიმების 26-საათიანი ბრძოლის მიუხედავად, ის გარდაიცვალა. ახლობლები ქალის გარდაცვალებაში ახალციხის საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ და მიაჩნიათ, რომ მშობიარობის შემდეგ არ უნდა გაეწერათ.