უკვე სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სადგური ოფიციალურად შევიდა ექსპლუატაციაში, თუმცა ახალქალაქის რკინიგზის სადგურზე სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება. რკინიგზის სადგური სრულყოფილად არ ფუნქციონირებს, მიუხედავად იმისა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გარშრუტით სატვირთო გადაზიდვები ხორციელდება.

JNEWS-ის ჟურნალისტი ​ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის ახალქალაქის სადგურზე იმყოფებოდა, სადაც ვითარებას ადგილზე გაეცნო. სადგურის ტერიტორია დიდ სამშენებლო ფართს ჰგავს და შთაბეჭდილება, რომ მშენებლობა დასრულებულია, არ იქმნება. ერთი შეხედვით, ადგილზე თითქოს არავინ არის, მაგრამ სიღრმეში თუ შეხვალთ, პუნქტზე, სადაც მატარებლები ევროპულ ლიანდაგზე უნდა გადაერთონ, მუშებს დაინახავთ.

BTK

ამ უზარმაზარ სამშენებლო ფართზე, მხოლოდ ახალქალაქის სადგურია აშენებული, მაგრამ დაკეტილია. ახალქალაქის სადგურის მშენებლობა 2017 წელს დასრულდა.

jeleznaya doroga10

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობაზე, რამდენიმე კომპანია მუშაობს.

რკინიგზის ევროპული მიმართულების ლიანდაგზე კომპანია IMC ჯგუფი მუშაობს. ჩვენი იქ ყოფნის დროს, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხუთი მუშა მუშაობდა. პუნქტის სამონტაჟო სამუშაოები ჯერ კიდევ შარშან უნდა დასრულებულიყო.

jeleznaya doroga3

ვალიკო, უკვე 2 წელია ამ მშენებლობაზე მუშაობს.

“შარშან სამშენებლო მასალებთან დაკავშირებით შეფერხება იყო, არ ჩამოიტანეს, ამიტომ ვერ მოვასწარით. წელს მასალასთან დაკავშირებით ყველაფერი ნორმალურად თუ იქნება, სამუშაოს დავამთავრებთ. იანვრიდან მოყოლებული ვმუშაობთ”, – თქვა ვალიკომ.

მშენებლობაზე ამჟამად, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები მუშაობენ. კორონავირუსის მსოფლიო პანდემიამდე კი, რკინიზგის მშენებლობაზე თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებიც იყვნენ დასაქმებულნი.

მშენებლობაზე ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ზოგი მუშა ეჭვობს, რომ მშენებლობა წლეულს დასრულდეს.

“აქ, ჯერ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, წელს მშენებლობა ვერ დასრულდება”, – ამბობს ვალიკო.

ამჟამად კომპანია მეტალო-კონსტრუქციულ სამუშაოებს ახორციელებს, კომპანიაში დაახლოებით 50 ადამიანი მუშაობს.

jeleznaya doroga7

“აქ ბევრი სამუშაოა, ერთს ვამთავრებთ, მეორეს გვავალებენ. გვერდითა კედლებისა და სახურავის დახურვა დაგვრჩა. წელს პუნქტის (მატარებლების ევროპულ ლიანდაგზე გადასვლის პუნქტი) სამუშაოებს დავასრულებთ”, – თქვა ინჟინერმა გიორგი კაკაბაძემ.

jeleznaya doroga6

მშენებლობის ტენდერი აზერბაიჯანულმა კომპანია შპს “დემირიოლ სერვისმა” მოიგო, უფრო ზუსტად კი, აღნიშნული რკინიგზის კომპანიის ფილიალმა საქართველოში. დანარჩენი კომპანიები ქვეკონტრაქტორები არიან.

jeleznaya doroga9

აღნიშნულ რკინიგზის ხაზზე ახალქალაქის სადგური ყველაზე დიდია, აქ უნდა განხორციელდეს მატარებლების ძველი ლიანდაგიდან ევროპულ ლიანდაგზე გადასვლა, თუმცა აღნიშნული პუნქტის მშენებლობა დასრულებული არ არის. მთლიანად არც ელექტროკომუნიკაციის მოწყობა  და სხვა გარე სამუშაოებია დასრულებული.

ელექტროკოსამუნიკაციო სამუშაოებს კომპანია ATF Georgia ახორციელებს.

jeleznaya doroga1

დასრულებულია საკანალიზაციო და წყალგაყვანილობის სისტემები.

მშენებლობაზე მიწის სამუშაოებს კომპანია “პოლატი” ახორციელებს.

jeleznaya doroga5

შეკითხვაზე, თუ როდის დასრულდება მთლიანად ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა, შპს “მარაბდა-კარწახში” გვიპასუხეს:

“ამჟამად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, რომლებიც გრაფიკის მიხედვით ხორციელდება. გლობალური პანდემიის პირობებში და მთელ მსოფლიოში წარმოქმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, სამუშაოების დასრულების ზუსტ თარიღს ვერ დავასახელებთ. რკინიგზა ამჟამად, სატესტო რეჟიმში მუშაობს, სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით. სამგზავრო რეისები მას შემდეგ დაიწყება, რაც უსაფრთხოების ყველა ზომა იქნება გათვალისწინებული და დარჩენილი ყველა სამუშაო დასრულდება”, – გვიპასუხეს შპს “მარაბდა-კარწახში”.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მაგისტრალის პროექტის რეალიზება 2007 წელს დაიწყო. პროექტი საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა-ახალქალაქის 178 კილომეტრის ხაზის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას ითვალისწინებს, ასევე 98 კმ სიგრძის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ახალქალაქის სადგურიდან ყარსის სადგურამდე. აღნიშნული ხაზი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე ახალქალაქი-კარწახის რკინიგზის მაგისტრალის 30 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას, ხოლო თურქეთის ტერიტორიაზე 68 კიომეტრიან მონაკვეთს კარწახიდან ყარსამდე.

jeleznaya doroga2