დღეს, 9 თებერვალს, სოფელ ვაჩიანის საბავშვო ბაღი კარანტინისთვის დაიხურა. წითელა საბავშვო ბაღის ბავშვებს შორის დაფიქსირდა. სკოლამდელი დაწესებულება დროებით 16 თებერვლამდე კარანტინში იქნება.
სოფლის საბავშვო ბაღი ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბრძანებით დაიხურა. სკოლამდელი დაწესებულების ორ ბავშვში წითელას შემთხვევა დაფიქსირდა. ორივე ბავშვი ერთი ოჯახიდანაა. როგორც ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან გვაცნობეს, სხვა ბავშვებში წითელა ამ დრომდე არ გამოვლენილა.
„წითელას ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა, მაგრამ შევამოწმეთ, სხვა ბავშვებში ინფექცია არ გამოვლენილა. მართალია ინკუბაციური პერიოდი ჯერ არ გასულა. ამ დროისთვის ამ ორი ძმის გარდა, წითელას სხვა შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მუნიციპალიტეტში ჩუტყვავილას შემთხვევები N2 საჯარო სკოლაშიც დაფიქსირდა“, – ამბობს ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი სირანუშ ტონაკანიანი.
შეგახსენებთ, რომ 5-დან 11 თებერვლის ჩათვლით ქალაქ ახალქალაქში 3 სკოლამდელი დაწესებულება – N1, N2, N3, ასევე სოფელ ხანდოში, ბარალეთსა და აზავრეთში საბავშვო ბაღები დაიკეტა. შემდეგ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მონიტორინგი გაუწია მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში დასწრებას და დაფიქსირდა დაბალი დასწრება. შედეგად, საბავშვო ბაღები, სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში 40%-ზე ნაკლები დასწრება დაფიქსირდა, რეკომენდაცია გასცა კარანტინისთვის დაიკეტონ.