სომხეთში ხარბერდის სპეციალიზებული საბავშვო სახლის აღმზრდელმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს, რომელსაც სიარული და ლაპარაკი არ შეუძლია, სასტიკად სცემა.
შრომისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრომ, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება დაწესებულება, აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ ინციდენტი რამდენიმე კვირის წინ მოხდა. აღმზრდელი სამსახურიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს. ამჟამად ის შინაპატიმრობაში იმყოფება.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს იატაკის საწმენდი ჯოხით სცემეს იქ, სადაც მასზე უნდა ეზრუნათ და ეპატრონათ. სინამდვილეში, ეს ისეთი ზრუნვაა, რომლისგანაც ბავშვი უნდა დაიცვა“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დღის წესრიგის“ ხელმძღვანელმა, მუშეგ ოვსეპიანმა.
უფლებადამცველს პრობლემად მიაჩნია თავად მსგავსი საბავშვო დაწესებულებების არსებობა.
„თუ ძალადობა არ გსურს, ასეთი დაწესებულებები საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ოჯახურ გარემოში აღზრდა და ზრუნვის ალტერნატიული ფორმები ყველა ბავშვისთვის შესაძლებელია, თუ სახელმწიფო ამისთვის საჭირო ძალისხმევას გაიღებს და რესურსებს გამოყოფს. სახელმწიფოს ვალდებულებები შშმ ბავშვის ცემის შემდეგ არ იწყება და სავარაუდო მოძალადის გათავისუფლებით ან შინაპატიმრობაში მოთავსებით არ მთავრდება“, – აღნიშნა ოვსეპიანმა.
თუმცა, სანამ მსგავსი დაწესებულებები არსებობს, სახელმწიფოს, მისი აზრით, ევალება ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც:
„აღკვეთს ძალადობას და დროულად ავლენს მის ნიშნებს;
უზრუნველყოფს უსაფრთხო მექანიზმებს ყველა ბავშვისთვის, რათა მათ შეძლონ ძალადობის შესახებ განცხადება;
გარანტირებულს ხდის ჯეროვან გამოძიებასა და ბავშვის სწრაფ რეაბილიტაციას“.
ინციდენტის დეტალები
ადგილობრივმა მედიამ საბავშვო სახლში მომხდარი შემთხვევის შესახებ რამდენიმე დეტალი გაარკვია. კერძოდ, უკვე ცნობილია, რომ ინციდენტი 13 აგვისტოს მოხდა.
ნაცემ ბავშვს ბავშვთა ცერებრული დამბლა აქვს და მას დამოუკიდებლად გადაადგილება და ლაპარაკი არ შეუძლია. ამასთან, აღმზრდელი (ძიძა), რომელმაც მას სცემა, საბავშვო სახლში 2012 წლის სექტემბრიდან მუშაობს.
„საბავშვო სახლის დ-1 ოთახში ძიძამ აღსაზრდელ ფ. მ.-ს ჯერ რამდენიმე დარტყმა მიაყენა. შემდეგ, როდესაც ის იატაკზე დაეცა, იატაკის საწმენდი ჯოხი აიღო და დარტყმები წელის არეში, ხერხემალსა და მარცხენა ბეჭზე განაგრძო. შედეგად, ფ. მ.-მ ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა განიცადა“, – იუწყებიან ჟურნალისტები.
ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის პრესმდივანმა, ნვერ კოსტანიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საბავშვო სახლის ადმინისტრაციამ „შეამჩნია ინციდენტი“ და ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ გადასცა:
„ძიძა გათავისუფლებულია, ხოლო მომხდარის სისხლისსამართლებრივი შეფასება სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაში შედის. ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ის კვლავ იღებს მზრუნველობას სპეციალიზებულ საბავშვო სახლში“.
კოსტანიანმა დაარწმუნა საზოგადოება, რომ მსგავსი შემთხვევები სამინისტროსთვის „წითელი ხაზია“:
„ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება მიუღებელია და შესაბამისი სისხლისსამართლებრივი შეფასება მიეცემა“.