დღეს ცოტანი ირჩევენ ვეტერინარის პროფესიას, ძალიან ცოტას მიაჩნია ვეტერინარია თავის პროფესიად. მათგან ერთ-ერთია ახალგაზრდა იშხან ვარდანიანი, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წუღრუთიდან. მას უყვარს ეს პროფესია, ამ მიმართულებით სწავლობს და პარალელურად მუშაობს, ეხმარება თანასოფლელებს და სხვებს. მან სტაჟირება გერმანიაში გაიარა, ასევე საქართველოში ისრაელის საელჩოსგან 2023 წელს „კოლეჯის საუკეთესო სტუდენტის“ პრიზი დაიმსახურა.

იშხან ვარდანიანი 22 წლისაა. ბავშვობიდან მეცხოველეობით იყო დაკავებული, მამას ეხმარებოდა. მამამისი, სოფელ წუღრუთის სკოლის დირექტორი არამ ვარდანიანი, თავის საქმიანობასთან ერთად მეცხოველეობით არის დაკავებული. იშხანის სიყვარული ცხოველებისადმი აქედან წარმოიშვა.

ის ამაყობს თავისი პროფესიის არჩევით. სკოლის დამთავრების შემდეგ ახალციხეში, „ოპიზარის“ ვეტერინარულ კოლეჯში ჩაირიცხა.

„ჩვენი ოჯახი მესაქონლეობით არის დაკავებული, მიყვარს ცხოველებთან ურთიერთობა, მშობლებთან ერთად ყოველთვის აქტიურად ვიყავი დაკავებული ამ საქმით“, – ამბობს იშხან ვარდანიანი.

კოლეჯში სწავლის პარალელურად სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

თუმცა, 2022 წელს კონკურსი და გერმანიაში გამგზავრება დაეხმარა საბოლოოდ პროფესიის არჩევაში. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი დატოვა და ამავე უნივერსიტეტის ექიმი-ვეტერინარის ფაკულტეტზე ჩააბარა.

„ვმონაწილეობდი პროგრამაში, რომელშიც სტუდენტები გერმანიაში პრაქტიკაზე გაუშვეს, იქ გავიარე ვეტერინარული პრაქტიკა. 6 თვე ვცხოვრობდი მიუნხენში ვეტერინარ ფერმერთან. დაბრუნების შემდეგ ფაკულტეტი გამოვიცვალე“.

იშხანის თქმით, საქართველოში მეცხოველეობა ძალიან განსხვავდება გერმანიის მეცხოველეობისგან. პრაქტიკის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ ძროხის მდგომარეობა საკვებზეა დამოკიდებული.

ishxan vardabyann

იშხანი ახლა სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექიმი-ვეტერინარის ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობს. ხუთ წელიწადში სწავლას მაგისტრის სტატუსით დაამთავრებს.

ახალგაზრდები ერიდებიან ვეტერინარის პროფესიის არჩევას. რეგიონში და საქართველოს მასშტაბით სპეციალისტების უკმარისობაა და ვინც მუშაობს ძირითადად ასაკოვანია. სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ექიმი- ვეტერინარის ფაკულტეტზე იშხანთან ერთად 15 სტუდენტი სწავლობს, მაგრამ იქ ყველა მოწოდების შეგრძნებით არ მისულა. ამ ფაკულტეტზე ვიღაცები იმისთვის შედიან, რომ სამხედრო სამსახურში არ გაიწვიონ, ფაკულტეტზე დიდი კონკურენცია არ არის, ადვილია იქ მიღება.

იშხან ვარდანიანი 4 წელია სოფელში ვეტერინარად მუშაობს, კურნავს, სოფლის ყველა მცხოვრებს ეხმარება.

გასულ წელს კოლეჯის მასწავლებელმა იშხანი „კოლეჯის საუკეთესო სტუდენტის“ კონკურსში მოიწვია. იშხანმა საბუთები გააგზავნა, პირველი ორი ეტაპი გაიარა, შემდეგ თბილისში გასაუბრება ჰქონდა.

„სხვადასხვა კოლეჯის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ისრაელის ელჩს ძალიან მოეწონა ჩემი ინტერვიუ და გადაწყვიტა, ჩემი თავი ისრაელის საელჩოს სპეციალური პრიზით დაჯილდოება“, – ამბობს იშხან ვარდანიანი.

ყველა პროფესია მნიშვნელოვანი და საინტერესოა თუ გიყვარს, როგორც იშხანს უყვარს ვეტერინარის პროფესია.