სოფელ კულიკამის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისათვის ტენდერი გაიმართა. ტენდერი შპს “არომ” მოიგო 40`997.00 ლარით, თავდაპირველი თანხაა 52`972.00 ლარი. აღნიშნულ ტენდერში ასევე შედის სოფელ აზმანას ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობა. ახლა შერჩევა/შეფასების ეტაპი მიმდინარეობს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოები 2024 წლის 15 აპრილს უნდა დაიწყოს, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადა დაახლოებით 60 დღეს შეადგენს.
კულიკამში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის 23 311 ლარია გამოყოფილი, აზმანას ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობისთვის კი 29 661 ლარი.
სოფელ კულიკამის საბავშვო ბაღის მენეჯერი სონა ღარიბიანი აღნიშნავს, რომ კარტიკამიდან ჩამოსული ბავშვების გაზრდილი ნაკადის გამო, საბავშვო ბაღს ახალი გამოსაცვლელი ოთახი სჭირდებოდა, რაც ხელისუფლებას სთხოვეს.
„ამჟამად ჩვენი გამოსაცვლელი ოთახი დერეფანშია, ძალიან მოუხერხებელია. შემოსასვლელში გვაქვს პატარა ფართი, გვინდა, რომ ახალი ოთახი იყოს, სადაც ბავშვები გამოიცვლიან. ზოგადად, ჩვენი საბავშვო ბაღი ახალია და სერიოზული დაზიანება არ არის. ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცი რას გააკეთებენ, მოვიდნენ და ყველაფერი შეამოწმეს“, – კომენტარი გააკეთა მან.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სოფელ კულიკამის საბავშვო ბაღში იგეგმება ახალი გამოსაცვლელი ოთახი, სახანძრო უსაფრთხოების მიზნით ახალი, მეორე შესასვლელი/გასასვლელის გახსნა, ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ბეტონის მოედნის მოწყობა, სახურავის ნაწილობრივი რემონტი, ასევე წყალმომარაგების ახალი ხაზი, რადგან არსებული ხაზი არ არის საკმარისი ბაღის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
კომპანია შპს „აროს“ წარმომადგენელმა Jnews-თან საუბარში თქვა, რომ ყველაფერი ისეა დაგეგმილი, როგორც ტენდერშია მითითებული.
„ვნახოთ, შეიძლება შეიცვალოს პროცესში, ყოველთვის ხდება კორექტირება. ზოგადად, სამუშაოები კოსმეტიკურია“, – კომენტარი გააკეთა მან.