ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის ტესტირებისთვის მანქანის შესაძენად დაპირებული პუნქტი არ არის. დაპირება დადებულია საზოგადოების შუამდგომლობის შედეგად მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის უზრუნველყოფის მოთხოვნით.
ბიუჯეტის პროექტში, მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემისადმი ყურადღების მიქცევა გადაწყდა, სოფლებსა და ახალქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სატესტო უზრუნველყოფის ხარჯები არ არის გათვალისწინებული. მერიაში მიზეზს არ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ ეს მუხლი ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული, თუმცა სამუშაოები ბიუჯეტში ცვლილებების შედეგად 2024 წლის განმავლობაში განხორციელდება.
ის, რომ მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხი მნიშვნელოვანია, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზე მას შემდეგ განიხილეს, რაც ამ საკითხზე ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანოში პეტიცია შევიდა. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ სოფლის მოსახლეობა ვერ სარგებლობს მუნიციპალური და სამთავრობო მომსახურებით. მაგალითად, მათ არ შეუძლიათ ეწვიონ მუსიკალურ სკოლას, სპორტულ სექციებს, სამხატვრო სკოლას და ა.შ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნაირი ირიციანმა ბიუჯეტის პროექტის განხილვისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტრანსპორტის საკითხი მოგვარდება. სატესტო ავტობუსი/მარშუტკა უნდა ემსახურებოდეს ერთ მიმართულებას იმისათვის, რომ გავიგოთ არის თუ არა პრობლემა აქტუალური.
“მერი დაგვპირდა, რომ მანქანა იქნებოდა. ეს არ არის გათვალისწინებული ბიუჯეტით, მაგრამ ჩვენ გვექნება ბევრი ფინანსები მოძრავი ბიუჯეტიდან, ნაშთი იქნება. ეს პუნქტი მომავალ წელს აუცილებლად გვექნება”, – ამბობს ნაირი ირიციანი.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 17 მაისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორგანიზაცია „ღია საზღვრების“ (Jnews) ახალგაზრდული ჯგუფის პეტიცია შევიდა. პეტიცია ქალაქსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მუნიციპალური სატრანსპორტო ქსელის შექმნას ეხებოდა.
საკრებულოში დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ მუნიციპალიტეტს ნამდვილად სჭირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მუნიციპალური ტრანსპორტის ქსელის შექმნის იდეა მოიწონეს. საკრებულოს ბიურომ პეტიციის იდეა დაამტკიცა და დოკუმენტი მერიას პრობლემის მოსაგვარებლად შესაძლო გზების შესამუშავებლად გადაუგზავნა. მერიაში ეს იდეა გაგებით მიიღეს, მაგრამ წინააღმდეგი ბევრი არგუმენტიც აღმოჩნდა, მათ შორის, რომ მუნიციპალიტეტს აქვს ბევრი უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორიცაა უგზოობა, სასმელი წყალი და მითუმეტეს, რომ შეუძლებელი იქნება ერთდროულად ყველა სოფელში ტრანსპორტირება, რაც თავის მხრივ მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს. ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულირების სირთულე. თუმცა, საბოლოოდ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა.
„ტესტირებისთვის ჩვენ გვექნება ერთი მარშრუტი, რომ დავინახოთ იმუშავებს თუ არა. თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ტრანსპორტი ჩვენი მუნიციპალიტეტის საჭიროებისთვის. ამიტომ, ამისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 200 000 ლარს გავითვალისწინებთ. თუ ჩვენ საგრანტო პროექტებში შევძლებთ მონაწილეობის მიღებას და დაგვეხმარებიან, კარგი იქნება, თუ არა, მაშინ ჩვენი სახსრებით ვიყიდით ტრანსპორტს. ჩვენ ასევე შევისწავლით ამ საკითხში ჩვენი მეზობელი მუნიციპალიტეტების გამოცდილებას, რომლებიც უკვე ახორციელებენ მსგავს პროექტებს“, – 2023 წლის 15 ივნისს გამართულ შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა.
ამის შემდეგ Jnews-ი იყო თანმიმდევრული ამ საკითხთან დაკავშირებით და პერიოდულად ეკითხებოდა მერიას, იქნება თუ არა 2024 წლის ბიუჯეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის უზრუნველყოფის საკითხი ჩართული, რაზეც დადებით პასუხს ღებულობდა. ამის შემდეგაც Jnews-ი იქნება თანმიმდევრული ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროება სულ უფრო და უფრო მკვეთრად იგრძნობა.