17 მაისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიტანეს პეტიცია სოფლებსა და ქალაქში მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის შექმნის მოთხოვნით. დღეს 18 მაისს, პეტიცია განიხილეს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე.
ორგანიზაცია „ღია საზღვრები“ 6 თვის განმავლობაში მუშაობდა ახალგაზრდულ ჯგუფთან ახალქალაქის სხვადასხვა, შორეული სოფლებიდან. სოფლებში მრავალრიცხოვანი შეხვედრების და ახალგაზრდების ჯგუფთან სამუშაო შეხვედრების შედეგად, გადაწყდა ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართონ მუნიციპალური, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწყობის მოთხოვნით, რადგან მისი არარსებობა ბევრ პრობლემას და უხერხულობას უქმნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის.
პროექტს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს ახალქალაქის სოფლების პრობლემების კვლევა და ადვოკატირება, ჰქვია „ახალქალაქის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური განვითარება ინფორმაციის მეშვეობით“.
პროექტის დასაწყისში შესწავლილი იქნა მუნიციპალიტეტისა და ქალაქის 64 სოფლის
პრობლემა, რის შემდეგაც შეირჩა 10 სამიზნე სოფელი, სადაც ყველაზე მეტი პრობლემაა. ამ სოფლებში, პროექტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები მოსახლეობასთან, სადაც ორგანიზაცია „ღია საზღვრების“ წევრებმა პროექტის ახალგაზრდულ ჯგუფთან ერთად მოისმინეს და განიხილეს 10 სოფლის პრობლემა. გარდა ამისა, შეხვედრებზე ორგანიზაციის წევრებმა არა მხოლოდ განიხილეს პრობლემები, არამედ მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია სხვადასხვა საჯარო და კერძო სერვისების შესახებ, რაც მოქალაქეებს სჭირდებათ.
პროექტის ფარგლებში, რამაც ხელი შეუწყო ახალგაზრდებისა და მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობას, ახალგაზრდულ ჯგუფთან ერთად გადაწყდა პეტიციის წარდგენა ახალქალაქის საკრებულოში, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ სოფლებსა და ქალაქს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
სოფლებში და ქალაქის ახალგაზრდულმა ჯგუფმა და ორგანიზაციის წევრებმა შეაგროვეს 420 ხელმოწერა (პეტიციის ხელმოწერების რაოდენობა მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა რაოდენობის 1% უნდა იყოს). მოსახლეობა ამ ინიციატივას დიდი ენთუზიაზმითა და იმედით შეხვდა.
ახალგაზრდული ჯგუფიდან ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი იყო ჰნაზიკ ავეტისიანი, რომელმაც პეტიცია საკრებულოში წარადგინა.
საკრებულოს ადმინისტრაციამ შუამდგომლობა განხილვისთვის დაარეგისტრირა და განიხილა დღეს, ბიუროს სხდომაზე. ამაზე უფრო ვრცლად წაიკითხეთ ჩვენი შემდეგი მასალაში.