15 ივნისს ახალქალაქის მერიაში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შეტანილი პეტიცია განიხილეს. იგი ქალაქსა და სოფლებში მუნიციპალური ტრანსპორტის ქსელის შექმნას ეხებოდა. მერიაში გადაწყვიტეს მომავალ წელს, ტესტირებისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტის ერთი ხაზი დააწესონ.
17 მაისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორგანიზაციის „ღია საზღვრების“ (Jnews) ახალგაზრდულმა ჯგუფმა პეტიცია შეიტანა, რომლის ავტორიც ჰნაზიკ ავეტისიანია.
18 მაისს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა პეტიცია განიხილეს. შეთანხმდნენ, რომ მუნიციპალიტეტს ნამდვილად სჭირდება მუნიციპალური ტრანსპორტი და ქსელის შექმნის იდეა მოიწონეს. შეხვედრაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამოცდილებაზეც ისაუბრეს, სადაც ასეთი ქსელი უკვე შეიქმნა. საკრებულოს ბიურომ პეტიცია დაამტკიცა და დოკუმენტი მერიას განსახილველად გადაუგზავნა.
15 ივნისს მერიაში, პეტიციის განხილვაში საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, მოადგილეები სედა მელკუმიანი და სოღომონ ასლანიანი, ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი, მისი ორივე მოადგილე მკრტიჩ მღდესიანი და თეიმურაზ მჭედლიძე, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფროსი მნაცაკან ფამბუხჩიანი და არასამთავრობო ორგანიზაციის “ღია საზღვრების” (Jnews) ერთ-ერთი დამფუძნებელი მონაწილეობდნენ.
საკითხს დიდხანს განიხილავდნენ, რადგან დისკუსიისას სხვადასხვა არგუმენტი მოიყვანეს. მუნიციპალიტეტში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია – გზები, სასმელი წყლის არარსებობა. მერიის წარმომადგენლებს ის ფაქტიც აწუხებთ, რომ ყველა სოფელს ტრანსპორტით ერთდროულად ვერ უზრუნველყოფენ, რაც თავის მხრივ მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს. გართულდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულირებაც.
ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა დამსწრეებთან განაცხადა, რომ პეტიციის იდეა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. ვინაიდან თავადაც სოფელში ცხოვრობს, მშვენივრად ესმის მოსახლეობის საჭიროებები. აღნიშნა, რომ ასეთი საკითხების მოგვარებისას საერთაშორისო დონორები სჭირდებათ, რადგან მასშტაბური პროექტებისთვის მუნიციპალური ბიუჯეტი საკმარისი არ არის. განხილვის შედეგად კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ.
„ტესტირებისთვის ერთი მარშრუტი შეიქმნება, რათა მის მუშაობას დავაკვირდეთ. თუ მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს, მას მუნიციპალიტეტის საჭიროებებისთვის გამოვიყენებთ. ყოველივესთვის ბიუჯეტში 200 000 ლარი იქნება გათვალისწინებული. თუ მომავალ წელს საგრანტო პროექტებში მონაწილეობას შევძლებთ, ისინიც დაგვეხმარებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრანსპორტს ჩვენი ხარჯებით ვიყიდით. ამ საკითხში მეზობელი მუნიციპალიტეტების გამოცდილებასაც შევისწავლით, რათა გავიგოთ როგორ რეგულაციებს იყენებენ, რადგან მსგავს პროექტებზე უკვე მუშაობენ“, – განაცხადა ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა.