რუსეთსა და ბელარუსში ავტომობილების რეექსპორტი მინიმუმამდე დაეცა, რისი მთავარი მიზეზიც ის შეზღუდვებია, რომლის მიხედვითაც 2023 წლის 1-ლი აგვისტოდან აღნიშნულ ქვეყნებში ამერიკიდან შემოყვანილი მანქანების გაყვანა იკრძალება.
2023 წლის აგვისტოში ამავე წლის ივლისთან შედარებით რუსეთში მანქანების რეექსპორტი 94,1%-ით შემცირდა, 13,346 მლნ დოლარიდან 781,8 ათას დოლარამდე. რაოდენობრივად კი ივლისში რუსეთში გავიდა 1 054 მსუბუქი ავტომობილი, აგვისტოში კი მხოლოდ 85 ერთეული.
რაც შეეხება ბელარუსს, აგვისტოში ამ ქვეყანაში გავიდა 564,4 ათასი დოლარის ღირებულების 18 ერთეული მსუბუქი ავტომობილი, ივლისში კი 365,7 ათასი დოლარის ღირებულების 26 ერთეული.
ბოლო დრომდე მსუბუქი ავტომობილების მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი რაოდენობრივად დაახლოებით, 7,4%-ს შეადგენს, ბელარუსის კი მხოლოდ 0,25%-ს. რაც შეეხება თანხობრივად, ამ შემთხვევაში მთლიან რეექსპორტში რუსეთის წილი იყო 5,2%, ბელარუსის კი 0,24%.
აღსანიშნავია, რომ უკვე 26 სექტემბრიდან ანალოგიური აკრძალვა ევროპიდან შემოყვანილ ავტომობილებზეც გავრცელდება, რადგან ამას ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი ითვალისწინებს.