ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ოლავერდის გზის ასფალტირებას იწყებს. თავიდან გზის 1836 მეტრი იქნება ასფალტირებული. ამ მიზნისთვის ადგილობრივმა ბიუჯეტმა 1 159 817 ლარი გამოყო. სამუშაოების შესრულების ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

სოფლის ოლავერდის გზა დანგრეულ მდგომარეობაშია, რაც სოფლის მცხოვრებთა უკმაყოფილებას იწვევს. 1 სექტემბერს მერიამ სოფელ გომანიდან ასფალტის გაგრძელების მიზნით სოფელ ოლავერდისკენ მიმავალი გზის მოასფალტებაზე კონკურსი გამოაცხადა. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 22 სექტემბერი.

წელს მუნიციპალიტეტი გომანი-ოლავერდის გზის 1836 მ სიგრძისა და 5,5 მ სიგანის ნაწილს გაარემონტებს.გზის რემონტი ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით მიმდინარეობს, გამოყოფილია 1 159 817 ლარი.

ასფალტი წელს ოლავერდამდე ვერ მოვა, თუმცა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში თქვეს, რომ გზის მოასფალტება აუცილებლად გაგრძელდება.

„სამუშაოები წელს დაიწყება, დაახლოებით 200 000 ლარის სამუშაოები მომავალ წელს დარჩება, თუმცა თუ მოასწრებენ, გააკეთებენ, თუ არა- მომავალ წელს. მომავალ წელს გზის დანარჩენი ნაწილის პროექტს შევადგენთ, ვნახავთ, როგორ იქნება, ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული. წელსაც არ გვქონდა იმედი“, – თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსმა არამ მოვსისიანმა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ მუშაობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის შემდეგ (ამინდის გაუარესებამდე) უნდა დაიწყოს, 2024 წელს კი ამინდის გაუმჯობესების შემდეგ – 30 დღის შემდეგ.

მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.

შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადაა 3 წელი საბოლოო მიღება-ჩაბარების მოწმობის ხელმოწერის დღიდან. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატაციისას რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას იგი საკუთარი ხარჯებით მყიდველის მიერ შეტყობინების მიღების შემდეგ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.

აღსანიშნავია, რომ სოფელ ოლავერდის გზა დიდი ხანია გაუვალ მდგომარეობაში იყო. მოსახლეობა ჩიოდა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანასაც კი არ უნდა სოფელში მისვლა, გზების სიშორის და მდგომარეობის გამო. ზამთარში სოფელში გზა რამდენიმე დღით იკეტება.

ოლავერდეში ასფალტირებული გზა სურთ
სოფელ ოლავერდის მცხოვრებლები საპროტესტოდ ქალაქში ფეხით ჩავიდნენ