21 ივნისს, ხულგუმო-კულიკამის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რომელსაც კომპანია “ჯავახ ავტოგზა” ხელმძღვანელობს.
გზის მოასფალტებაზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში 2 058 000 ლარით კომპანია „ჯავახ ავტოგზამ“ გაიმარჯვა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა ხელმოწერის დღიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე გრძელდება.
ახალქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსი არამ მოვსისიანი ამ საკითხზე შემდეგს აცხადებს:
„მუნიციპალური ფონდი ბიუჯეტიდან თანხას წელიწადში ორჯერ, გაზაფხულის დასაწყისსა და სამუშაოების დასრულების შემდეგ გვაძლევს. ახლა პირველი ეტაპია, მშენებლობა ჩუნჩხაში, აბულსა და აფნიაში უკვე დაიწყო. მეორე ეტაპს ველოდებით, მაგრამ არ ვიცით თანხა რა რაოდენობითდა როდის დამტკიცდება. მეორე ეტაპის თანხა ხულგუმოს, ხავეთის და ალათუმანი-ბეჟანოს ძირითად დაუმთავრებელ სამუშაოებზე ნაწილდება. ხულგუმო-კულიკამი ორწლიანი პროექტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმდენ თანხა არ არის გამოყოფილი, რომ სამივე პროექტი დავასრულოთ. ხულგუმოსთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 000 ლარი გამოყეს, რათა, იმ შემთხვევაში, თუ ფონდი თანხას გამოყოფს, ხელშეკრულება გვქონდეს და მუშაობა გავაგრძელოთ“.
ხულგუმოში გზის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.
სოფელ ხულგუმოსა და კულიკამის მოსახლეობამ გზის ასფალტის მოთხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა.
სოფელ კულიკამის ცენტრალური გზის მონაკვეთი 2021 წელს მოასფალტდა, რისთვისაც დაახლოებით 1 მილიონი ლარი დაიხარჯა.
შეგიძლიათ გაეცნოთ:
ქალაქთან ყველაზე ახლოს მდებარე, მაგრამ “შორეული” სოფელი
ხულგუმო-კულიკამის გზა მოასფალტდება