ხულგუმო ახალქალაქის ერთ-ერთი უახლოესი სოფელია. ქალაქიდან სულ რაღაც 3 კილომეტრში მდებარე სოფელში მისასვლელად მძღოლს 10-ის ნაცვლად 20 წუთი სჭირდება.
სოფლის დანგრეული გზები ხულგუმოს მოსახლეობას დიდი ხანია აწუხებს. წლეულს სოფლის ცენტრალურ გზაზე მხოლოდ მოსწორების სამუშაოები ჩატარდა, თუ 2020 წელს ხულგუმოდან კულიკამის მიმართულებით გზის 2,5 კმ სიგრძის მონაკვეთი მოწესრიგდა, 2021 წელს 2 კმ სიგრძის მონაკვეთი.
სოფლის მოსახლეობამ და სოფლის სპეციალისტმა არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის მოსაგვარების თხოვნით. თუმცა პრობლემა ჯერ არ მოგვარებულა.
დროდადრო ორმოები ღრმავდება, რასაც წვიმაც უწყობს ხელს. მძღოლები ამბობენ, რომ მსუბუქი მანქანებით ამ ორმოების გავლა ავტომობილის დაზიანების გარეშე შეუძლებელია. ორმოების სიღრმე შეუმჩნეველი ხდება წვიმის წყლით დატბორვისას, მაშინ მძღოლები ვერ წყვეტენ რომელი მიმართულებით უნდა წავიდნენ ორმოში რომ არ ჩავარდნენ.
სოფლის სპეციალისტი, მოვსეს გიგოლიანი ამბობს, რომ გზები წლის ბოლომდე აუცილებლად მოწესრიგდება, თუმცა ასფალტირება 2022 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.
„პარასკევს მივმართე ჩვენს შესაბამის სერვის ცენტრს და მითხრეს, რომ მათი თანამშრომელი ცუდად იყო და როგორც კი სამსახურში დაბრუნდა, მაშინვე დაიწყებს ხულგუმოში გზების მოსწორების სამუშაოებს“, – ამბობს გიგოლიანი.
რაც შეეხება ასფალტს, ის აღნიშნავს, რომ სექტემბერში თბილისიდან სპეციალისტები ჩამოვიდნენ და მონიშვნები გააკეთეს.
„ასფალტირების სამუშაოები მთელ რაიონშია დაგეგმილი, თბილისიდან ჩამოვიდნენ მაპროექტებლები, ყოველი წვრილმანი საფუძვლიანად დააფიქსირეს. მოეწყობა საბავშვო ბაღისა და სკოლისკენ მიმავალი გზებიც. მომავალ წელს ასფალტებისთვის, რა თქმა უნდა, ბიუჯეტიდან თანხა უნდა გამოიყოს, რათა თქმა უნდა თუ იქნება საკმარისი“, – დასძენს სპეციალისტი.
სოფლის მოსახლეობა იმედოვნებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისინი შეძლებენ ნორმალურ გზებზე გადაადგილებას ისე, რომ არ ინერვიულონ მანქანების დაზიანების გამო.