ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ჩუტყვავილაა გავრცელებული. ერთი საბავშვო ბაღი კარანტინისთვის დაიკეტა, მეორე კი შესაძლოა დღის განმავლობაში დაიკეტოს.
ახალქალაქში ჩუტყვავილა ძალიან გავრცელებულია, სოფელ დილისკას საბავშვო ბაღი უკვე კარანტინშია, ხოლო სოფელ ხულგუმოში, რომელიც სულ რაღაც ერთი კვირის წინ გამოვიდა კარანტინიდან შესაძლოა კვლავ კარანტინში გავიდეს, ამბობს ახალქალაქის საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორი ანაიდა ასატურიანი.
„ჩვენთან გავრცელებულია ჩუტყვავილა. სოფელ დილისკას საბავშვო ბაღში ჩუტყვავილას სულ 10 შემთხვევაა, სოფელ ხულგუმოს საბავშვო ბაღი ერთხელ 21 დღით დაიხურა, გაიხსნა და ერთ კვირაში კარანტინში გასვლა მოუწევთ, რადგან აღმზრდელებით დაწყებული ჩუტყვავილათი დაინფიცირდნენ“, – ამბობს ახალქალაქის საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორი ანაიდა ასატურიანი.
ვირუსული ეტიოლოგიის მწვავე ინფექციური დაავადების – ჩუტყვავილას – ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გავრცელების მასშტაბები ჯერჯერობით უცნობია, ამას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სოფლის ექთნების დახმარებით იძიებს.
„ჩუტყვავილა სოფელ დილისკასა და ხულგუმოში აღმოაჩინეს. დილისკას საბავშვო ბაღი კარანტინისთვის დაიხურა, დღეს კი, სავარაუდოდ, სოფელ ხულგუმოს საბავშვო ბაღს დავკეტავთ. კონსულტაციას გავდივართ ჩვენს ექთნებთან, რომ გავარკვიოთ, რამდენად არის ჩუტყვავილა გავრცელებული სხვა სოფლებში, მაგრამ ჯერჯერობით არ არის ინფორმაცია სოფლის სკოლებსა და ბაღებში არსებული მდგომარეობის შესახებ“, – ამბობს ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი სირანუშ ტონაკანიანი.